"ყველამ იცის, რომ გერმანია ფავორიტია, მაგრამ შეუძლებელი არაფერია"

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების საყრდენი ნახევარმცველი ბუბა დაუშვილი მალტასა და გერმანიასთან სათამაშოდ მზად იქნება. ამის თაობაზე მან თავად უთხრა "ლელოს" და ისიც დასძინა, რომ ლვოვური კლუბი მას ახალ ხელშეკრულებას სთავაზობს.

თავდაპირველად, ბუბა დაუშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ვთქვათ. მას კოჭი სტკიოდა, თუმცა ახლა ყველაფერი კარგადაა.

"მალტასა და გერმანიასთან მატჩებისთვის სრულ მზადყოფნაში ვიქნები. კოჭი გადამიბრუნდა, თუმცა ახლა ყველაფერი კარგადაა.

გერმანიაზე რა უნდა ვთქვათ, მსოფლიოს საუკეთესო გუნდია და ეს თავად მეტყველებს ყველაფერზე. და მაინც, შანსი ყველასთან არის. თბილისში ფრედ ვითამაშეთ საფრანგეთთან და კინაღამ ესპანეთიც გავამწარეთ.

ყველამ
იცის, რომ გერმანია ფავორიტია, მაგრამ შეუძლებელი არაფერია და მინდორზე რწმენით სავსენი უნდა გავიდეთ", - ამბობს 25 წლის დაუშვილი.

ქართველი ფეხბურთელი სეზონთშორის პერიოდში გუნდის გამოცვლაზე ფიქრობდა, თუმცა საბოლოოდ მაინც ლვოვში დარჩა, სადაც შინაური კაცია. არადა, რუსეთის პრემიერლიგის "უფას" ძალიან უნდოდა ჩვენებურის გადაბირება...

"ზაფხულში გადაწყდება, წავალ თუ დავრჩები "უფას" ვარიანტი არ არის ჩაშლილი და გამორიცხული. შეიძლება, ყველაფერი მოხდეს. ასევე შეიძლება იყოს შეთავაზება ევროპიდან", - გვითხრა ჯერაც "კარპატის" ნახევარმცველმა.

უკრაინის მიმდინარე ჩემპიონატში "კარპატი" უძლიერესთა შორის ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის. სამომავლოდ კი...

"მიმდინარე სეზონში ჩვენი მიზანი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა. მომავალი სეზონისთვის კი ისეთი გუნდის გაკეთება უნდათ, რომელიც ევროპის ლიგის საგზურის მოსაპოვებლად იბრძოლებს", - ესეც დაუშვილის სიტყვებია.

მან ერთი მნიშვნელოვანი სიახლეც გაგვანდო - ლვოველთა შეფობამ მას კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ჩამოუგდო სიტყვა...

"ახალი კონტრაქტი შემომთავაზეს. პასუხს არ ვჩქარობ. თავს აქ შინაურად ვგრძნობ, მაგრამ თუ ევროპიდან გამოჩნდა ვარიანტი, რა თქმა უნდა, დავფიქრდები".

უკრაინაში ახლა გაგანია ომია. მართალია, ლვოვს საომარი მოქმედებები უშუალოდ არ ეხება, მაგრამ მაინც. დაუშვილს ამაზეც ვკითხეთ...

"ჩვენს ქალაქში არ არის საომარი სიტუაცია, მაგრამ ჩართავ ტელევიზორს და... მინდა, ამ ურთულეს დროს თანადგომა გამოვუცხადო უკრაინელ ხალხს. ომის გამო ფინანსური კრიზისი ყველა გუნდს შეეხო, მაგრამ ყველა უძლებს ამ დროებით გასაჭირს".

ამ დროისთვის დაუშვილი "კარპატის" ერთადერთი ლეგიონერია. ხომ არ უქმნის ეს მას გარკვეულ პრობლემებს?

"არანაირი პრობლემა! უკვე სამ წელიწადზე მეტია, რაც ლვოვში ვარ. აქ ყველა მიცნობს, მეც ყველას ვიცნობ... მოკლედ, არანაირი უხერხულობა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ძაან დაუფასებელია ეს ფეხბურთელი ნაკრებში. რასაც ეს იბრძვის და და დარბის ბევრს არ აქვს მაგის ... ცოტა გამართლება უნდა და კაი გუნდში მოხვედრა.
Saba
23:29 08-03-2015
0
ძააან კაი პიროვნებაა და მებრძოლი ადამიანია მაგრამ არაარის ნაკრებში სასტავის ღისრი ბუბა უნდა შემოიყვანო ბოლო წუთებში როცა იგებ და თამაშს კეტავ ნახევარდაცვაში . წინ პას ვერ აკეთებს წესივრად ეშინია ბურთის დაკარგვის და ფონს ხშირად ორთაბრძოლებით გადის . კანკავა უნდა დააყენოს ამის ადგილზე და წინ ყენია ვაკო ანანიძისგან ამოირჩიოს რომელიმე
giorgi
18:28 08-03-2015
0

სიახლეები პოპულარული