მათე ვაწაძე: ხელთათმანები ვითხოვე - ამან შეიძლება, კარშიც დამაყენოს

AutoSharing Option
კახა ცხადაძის მიერ კვირას დასახელებულ ოთხ ფეხბურთელს შორის დანიის პირველი ლიგის ბინადარ "ორჰუსის" თავდამსხმელი მათე ვაწაძეც მოხვდა.

ბოლო ტურში "ორჰუსი" "სკივესთან" საშინაო შეხვედრაში ფრეს (2:2) დასჯერდა. არადა, ქართველების გუნდი პირველი ტაიმის შემდეგ 0:2-ს აგებდა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მორტენ ვიგჰორტსმა მოედანზე ვაწაძე შეუშვა. 26 წლის თავდამსხმელმა თავისი საქმე გააკეთა - ჯერ მისი საგოლე პასით ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა, 75-ე წუთზე კი თავად გამოიჩინა თავი და "ორჰუსს" ქულა მოუპოვა.

მათე ვაწაძეს დანიაში დავუკავშირდით და ინტერვიუ ვთხოვეთ.

- გილოცავთ ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებას! ეს
"სკივესთან" გატანილი გოლისა და საგოლე პასის შემდეგ მოხდა თუ მანამდე იცოდით, რომ კახა ცხადაძე თქვენ გამოძახებას აპირებდა?

- ეტყობა, ნაკრებში დაბრუნება სწორედ ამ გოლისა და პასის დამსახურებაა. ფეხბურთის ფედერაციიდან ამ თამაშის შემდეგ დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ კახა ცხადაძემ ეროვნულ გუნდში გამომიძახა, ბილეთი აღებულია და სასწრაფოდ უნდა ჩამოფრინდეო. რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა.

- დიდი ხანია ნაკრებში აღარ ყოფილხართ...
- ამიტომაც გამიხარდა. ნაკრებში იმდენი ხანია აღარ ვყოფილვარ, იქ ვარჯიშიც მომენატრა და ბიჭებიც. მეორეცაა - ახლა "ორჰუსში" ისეთ აუტანელ სიტუაციაში ვარ, ეს გამოძახება ჩემთვის ბევრს ნიშნავს.

- რა ხდება ასეთი?
- ცენტრალური თავდამსხმელი ვარ, მაგრამ მწვრთნელმა ჯერ მარცხენა ფლანგზე გადამწია, ბოლო ორ ტურში კი, რატომღაც, შემადგენლობაშიც არ მაყენებდა. ბოლო თამაშშიც, სანამ ძალიან არ გაუჭირდა, მოედანზე არ შემიშვა. მე კი მსურდა, დამემტკიცებინა, რომ ასეთ დამოკიდებულებას არ ვიმსახურებდი, მაგრამ ჩხუბს ხომ არ დავიწყებ? მწვრთნელს საგოლე გადაცემით და გოლით გავეცი პასუხი.

- მართალია, თითქოს პოზიციის შეცვლის გამო მორტენ ვიგჰორტსთან კონფლიქტი მოგივიდათ?
- კონფლიქტი ნამდვილად არ გვქონია, მაგრამ ვუთხარი, რომ ჩემი პოზიცია თავდასხმის ცენტრშია და არა - ფლანგზე. როცა შემტევი ნახევარმცველი ხარ, დაცვაში უნდა იცოდე თამაში და სხვა თვისებებიც უნდა გქონდეს, მე კი აქამდე ფორვარდი ვიყავი და სხვა სამუშაოს შესრულებას ვარ შეჩვეული.

საერთოდ, ვერაფრით ვხვდები, ასეთი ცვლილებები რა აუცილებლობას წარმოადგენდა. პირველ წრეში 11 გოლით ლიგის საუკეთესო ბომბარდირი ვიყავი და მიუხედავად იმისა, რომ პოზიცია შემიცვალეს, ჩემზე მეტი გოლი დღემდე ვერავინ გაიტანა. გული როგორ არ დამწყდება, როცა ბომბარდირობაში ბარიერს ხელოვნურად მიქმნიან.

- როგორ ფიქრობთ, რა უნდა იყოს ამის მიზეზი?
- მწვრთნელი ამბობს, რომ ტაქტიკის შეცვლა იყო საჭირო, მაგრამ მარცხენა ფლანგიდან იმდენი ვეღარ გამაქვს და ეს ცვლილება ჩემი კარიერისთვისაც ცუდია. მე სხვა მიზნები და ამოცანები მაქვს. მწვრთნელს სწორედ ეს ვუთხარი - ჩემი საქმე არ არის დაცვაში თამაში და ბურთის ართმევა.

- ამაზე როდის ელაპარაკეთ ვიგჰორსტს?
- ადრეც და ახლაც. მაგრამ ბოლო ტურებში სკამზე დამსვა. ცვლილების მიზეზით პირველად რომ დავინტერესდი, მითხრა - მარცხნიდან ძალიან კარგად გამოიყურებოდიო და გავჩერდი. მეგონა, ასე დიდხანს არ გაგრძელდებოდა, მაგრამ ყველაზე ცუდი ისაა, რომ ვიგჰორსტი ჩემს ფორვარდობაზე არც ფიქრობს.

სხვათა შორის, ერთხელ მარჯვენა ფლანგზეც მათამაშა; იყო შემთხვევა, ცენტრალურ ნახევარმცველადაც მომსინჯა და ვარჯიშებზე მეკარეებს ხელთათმანები ვთხოვე - შეიძლება, კარშიც დამაყენოს და თადარიგს დავიჭერ-მეთქი.

- ზამთარში სხვა გუნდში გადასვლის იმედი გქონდათ, მაგრამ არ გამოვიდა. რეალური შემოთავაზება ახლაც არ გაქვთ?
- ჯერჯერობით, რეალური არაფერია, მაგრამ კონტრაქტის დასრულებამდე არც ისე დიდი დროა დარჩენილი და მანამდე რამენაირად უნდა მოვითმინო. თუმცა ასეთ მდგომარეობასთან შეგუება ძალიან ძნელია.

- ძნელია, ასეთმა გულგატეხილმა შესაძლებლობები ბოლომდე გამოავლინოთ...
- ძალიან ძნელია, გული მაგრად ამიცრუვდა, მაგრამ ნაკრების მწვრთნელად კახა ცხადაძე რომ დანიშნეს, იმედი გამიჩნდა. მინდოდა, გულიანად მევარჯიშა, საჭირო შემთხვევაში, შეკრებაზე ფორმაში მყოფი რომ ჩამოვსულიყავი. მიხარია, ჩემი იმედი რომ გამართლდა და ნაკრებში ისევ გამომიძახეს.

- იოლი არც მალტასთან მატჩი იქნება, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონ გერმანიასთან შეხვედრას გულშემატკივრები შიშითაც ელიან. ნაკრების შერცხვენა არავის სურს...
- გასაგებია, რადგან მსოფლიოს ჩემპიონთან თამაში ჩვენთვის დიდი გამოცდაა, მაგრამ, მეორე მხრივ, გერმანიასთან საქართველოს ნაკრებსა და თითოეულ ჩვენგანს თავის გამოჩენის შანსი მიეცემა. ათასი ხალხი ჩამოვა და ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ.

ისე არ გაიგოთ, თითქოს, ჩემი თავი უკვე ნაკრების შემადგენლობაში წარმოვიდგინე - ამას დამსახურება სჭირდება. მე ზოგად ვითარებაზე ვლაპარაკობ. უფრო დიდი შანსია, ფეხბურთელი მსოფლიოს ჩემპიონთან თამაშში გამოჩნდეს. ამიტომ მჯერა, თითოეული მოთამაშე 100 პროცენტით იქნება მობილიზებული.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
წარმატებები) სამწუხაროდ არც დანიის ჩემპიონატია მოწინავე და საქართველოს ნაკრების ფორვარდი მანდ არ უნდა თამაშობდეს
0
ვინ გგონიათ ეს გერმანია რო ადიდებთ და აზანზარებთ არიქა ჩემპიონიაო, მეტოქე ტიტულით არ უნდა შეაფასო - არავითარი ტიტული არავითარი ჩემპიონი არავითარი პატივისცემა! სად არის "რეალიზმი"? სად არის თავხედობა? თავად გერმანია რეალისტი და თავხედია, საერთოდ არა-ადამიანები, უკრაინა ცეცხლშია გუნდს სტადიონი აღარ ააქვს და 7-1 მოუგეს აქაოდა ომი და გაჭირვება და ფეხბურთთან რა შუაშიაო, ვერ გავიგეო გრმანელმა(?!) თავხედობის გარეშე, მონა და თანაც ჭკუასუსტი არაფრის ღირსი არა ხარ. და თვითონ გერმანია ჩემპიონი, ეგაა ცარიელი ტიტული და ადიდასის ფორმა - ბმვსგან ფერარი ან ლამბორჯინი ნუ გამოგყავთ, ვერ გამოიყვანთ, არ გამოითლება. ჯერ გერმანიის ჩემპიონობა არ გაიშვას და მერე მაგათი ნათამაშები ფეხბურთი - ჩამოვა და ვნახოთ ერთი როგორ "მოთელვას" ჩაატარებს, მოინდომეს "არიული რასის" გამაჯანსაღებელი ვარჯიშების სახალხო წარმოდგენა ბორის პაიჭაძის სტადიონზე..
Inglorious_bastards
18:40 24-03-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული