გიორგი პაპავა: ამპლუის გამო თბილისის "დინამოში" სულ უსიამოვნებები გვქონდა

AutoSharing Option
გიორგი პაპავა კვიპროსის პირველი დივიზიონის "ნეა სალამინაში" წლეულს, იანვარში, თბილისის "დინამოდან" გადავიდა და ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა. 21 წლის ფეხბურთელმა მეორე წრეში 9-ჯერ ითამაშა და ყველა შემთხვევაში მოედანზე პირველივე წუთიდან იყო.

გიორგის კვიპროსში დავუკავშირდით დ ინტერვიუ ვთხოვეთ...

- ქართველებს ევროპაში წასვლა რომ სურთ, ეს გასაკვირი არ არის. მოულოდნელი უფრო ის იყო, "დინამომ" რომ გაგიშვათ...
- კვიპროსელები ჯერ კიდევ შარშან დაინტერესდნენ და მეც წასვლა მსურდა, მაგრამ კლუბები ვერ თანხმდებოდნენ. წლეულს ეს ვარიანტი რომ გამოჩნდა, "დინამოსაც" წინააღმდეგობა არ გაუწევია და მოლაპარაკებაც თანხმობით
დასრულდა.

სიმართლე გითხრათ, მეც დავიჟინე, რადგან დარჩენა აღარ მსურდა. ჯერ ერთი, წასვლა ჩემი წინსვლის გამო სჯობდა; მეორე იმიტომ, რომ "დინამოში" ამპლუა შემიცვალეს. სულ საყრდენ ნახევარმცველად ვთამაშობდი, ბოლოს კი მარჯვენა მცველად მაყენებდნენ, რაც არ მომწონდა და ამის გამო უსიამოვნებები გვქონდა.

- კვიპროსში ჩვეულ პოზიციაზე დაგაბრუნეს?
- დიახ, საყრდენად მათამაშებენ, ზოგჯერ კი - შემტევ ნახევარმცველადაც.

- "ნეა სალამინაში" დამკვიდრება გაგიადვილდათ?
- ასეც ვერ ვიტყვი, იოლი არ ყოფილა, რადგან საქართველოსთან შედარებით, ბევრად მაღალი ტემპია, აუტსაიდერთა შეხვედრებშიც კი. აქ ჩამოსული ამ სხვაობას უცებ აფიქსირებ.

ახლახან საქართველოს ჩემპიონატის ლიდერების შეხვედრა ვნახე, თითქოს სხვა თვალით ვუყურებდი და პირველი, რაც თვალში მეცა, სწორედ დაბალი ტემპი იყო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, თორემ, სამეულის გუნდებს თუ არ ჩავთვლით, ვერ ვიტყვი, რომ დანარჩენებს ჩვენი ჩემპიონატის გუნდებზე უკეთესი მოთამაშეები ჰყავთ. ლიდერებში კი სერიოზულ ფეხბურთელებს იწვევენ და კლასიც მაღალია.

სხვათა შორის, აქ იმდენი ლეგიონერია, ფეხბურთის ფედერაციამ ბრძანება გამოსცა, რომ მომავალი სეზონიდან გუნდის ძირითად შემადგენლობაში აუცილებლად უნდა იყოს ერთი კვიპროსელი, ერთი 21-წლამდელი კი - სათადარიგოთა სკამზე. თუ გახსოვთ, საქართველოში მუშაობისას დაახლოებით იმავეს ითხოვდა თემურ ქეცბაიაც...

მოკლედ, აქაურ მოთხოვნებს ალღო ავუღე, რადგან "ფიზიკის" პრობლემა საქართველოშიც არ მქონია და მაღალ ტემპს შევეჩვიე. სხვათა შორის, საქართველოში თამაში რომ მთავრდებოდა, დაღლას არც ვგრძნობდი, აქ კი ქანცგაწყვეტილს ძალების აღსადგენად ორი დღე მჭირდება. მაგრამ უკვირთ, რომ გულის პულსი თამაშის შემდეგაც მაღალი არ მაქვს.

- რანაირად?!
- ეს ცნობილი სპეციალისტის, გურამ ჩომახიძის დამსახურებაა, რომელიც ჩემი ბავშვობის მწვრთნელი იყო. მასთან რომ მივედი, მაღალი პულსი მქონდა და თავიდან კი არ მარბენინებდა, მხოლოდ სიარულით მავარჯიშებდა. დატვირთვა მხოლოდ რამდენიმე ხნის შემდეგ გამიზარდა და ბოლოს ისეთ კონდიციებში შემიყვანა, 30 წრეს ტემპში დავრბოდი და პულსი მაინც არ მეწეოდა. ახლაც ასე ვარ.

- საინტერესო თემას შეეხეთ. თუ იცით, თამაშის დროს რამდენ კილომეტრს დარბიხართ?
- სხვათა შორის, "დინამოსა" და გორის "დილას" ერთ-ერთი შეხვედრის შემდეგ მითხრეს, რომ ყველაზე კარგი მონაცემები მე და ძარიას გვქონდა - თურმე, იმ დღეს 12-12 კილომეტრი ვირბინეთ.

- არადა, ამტკიცებდნენ, ასეთი მონაცემები ჩემპიონთა ლიგის თამაშებში ფიქსირდება, ჩვენთან კი ეს ციფრი 8-9 კილომეტრს არ აჭარბებსო. გამიხარდა, ამდენს საქართველოშიც თუ დარბიან...
- მეც ასე ვიცოდი და ჩემთვისაც დაუჯერებელი ამბავი იყო, მაგრამ არაფერს ვაზვიადებ. ყველაზე ცოტას კი ტაიმში ოთხ კილომეტრს დავრბოდი.

- აბა, საქართველოში არ ვიღლებოდიო?!
- საქმე ისაა, რომ იმავე მანძილს კვიპროსში გაცილებით მაღალ ტემპში დავრბივარ - მთავარი ესაა და არა ის, თუ რამდენს დარბიხარ.

- კახა ცხადაძეს მალტა-გერმანიასთან სათამაშოდ არ მიუწვევიხართ, მაგრამ ახლა სხვა საყრდენებსაც აკვირდება. თქვენით ხომ არ დაინტერესდა?
- მჯერა, რომ ადრე თუ გვიან მის ყურადღებას დავიმსახურებ და გამომიძახებს. აქ ისეთ პირობებში ვვარჯიშობ და ისეთ დაძაბულ თამაშებს ვატარებ, ზარმაცი თუ არ ხარ, აუცილებლად გაიზრდები.

სხვათა შორის, გუნდის გარდა, ყოველდღიურად დამატებითაც ინდივიდუალურად ვვარჯიშობ მწვრთნელთან, რომელსაც "პანათინაიკოსში" უმუშავია - სისწრაფეებზე, ტექნიკასა და კოორდინაციაზე ვმუშაობ. იმავეს თბილისში თემურ ფოცხვერია აკეთებს.

- მერე ამდენ დატვირთვას როგორ უძლებთ?
- თავიდან კი გამიჭირდა, მაგრამ მერე შევეჩვიე და ახლა პრობლემა არ მაქვს. დილით ინდივიდუალურად ვვარჯიშობ, საღამოს კი - გუნდში. ეს აშკარად წამადგა.

- მართალია, რომ საბერძნეთის ჩემპიონატის გუნდებში გიწვევენ?
- არის ამაზე ლაპარაკი, მაგრამ სეზონის დასრულებამდე და კონტრაქტის ხელმოწერამდე დაკონკრეტებას მოვერიდები.

- მაინც, რა დონის გუნდებზეა ლაპარაკი?
- კვიპროსის უმაღლესი ლიგის ოთხეულში შესული ერთ-ერთი გუნდი და საბერძნეთის სუპერლიგის წარმომადგენელი დაინტერესდნენ. ეს ჩემმა მენეჯერმა მითხრა, რომელიც მოლაპარაკებებს აწარმოებს.

- უფრო რეალური კვიპროსში დარჩენაა თუ საბერძნეთში გადასვლა?
- - ჯერ ეს არ ვიცი. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ "სალამინასთან" კონტრაქტი სეზონის ბოლოს მიმთავრდება და გადაწყვეტილია, რომ ამ გუნდში აღარ დავრჩები. თუ სად წავალ, ეს გუნდსა და მის ამბიციებზე იქნება დამოკიდებული.

ისე, საბერძნეთის საშუალო დონის გუნდში მოხვედრას რომელიმე აქაურ ლიდერში თამაში მირჩევნია.

- რატომ? საბერძნეთში ხომ უკეთესი დონეა?
- კვიპროსის ჩემპიონატის ლიდერები ჩემპიონთა ან ევროპის ლიგების ჯგუფურ ეტაპებზე სისტემატურად ხვდებიან, პირობებიც კარგი აქვთ და შემადგენლობაც არ დაეწუნებათ. მაღალი დონის ტურნირზე გამოსვლა კი წინსვლის წინაპირობაა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
წსრმატებებს ვუსურვებ!ფიზიკური კონდიციების მომატებას რომ ცდილობს კარგია. ჩვენ ჩემპიონატში როდის გვეღირსება მაღალ ტემპში მოთამაშე ფეხბურთელების ნახვა?
გუჯა კახაძე
18:29 14-04-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული