როინ კვასხვაძე: მზად ვარ, ვითამაშო გუნდში, რომელიც ჩემთვის ყველაზე ძვირფასია

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების პრობლემებს ბოლო დროს მეკარის თემაც დაემატა. ოფი-ს დაშლის შემდეგ გიორგი ლორია უკლუბოდ დარჩა, ნუკრი რევიშვილი კი რუსულ "ტოსნოში" სათადარიგოთა სკამზე ზის და სათამაშო პრაქტიკა აკლია.

საქმეს ისეთი პირი უჩანს, პოლონეთთან მატჩამდე სიტუაცია არ შეიცვლება. არადა, აქედანვეა საფიქრალი, ვინ დაიცავს საქართველოს ნაკრების კარს მომავალ შესარჩევ დაპირისპირებაში.

კვიპროსში დავუკავშირდით როინ კვასხვაძეს - 25 წლის მეკარეს, ვინც იქაური ლიგის აუტსაიდერ "ოთელოსის" მთავარ გოლკიპერად და ლიდერად ითვლება. კვიპროსულ მედიაში ხშირად წააწყდებით აზრს, რომ კვასხვაძის გარეშე გუნდს იოტისოდენა შანსიც კი არ ექნებოდა
უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნებისა.

"ოთელოსის" ბედი კი ჩვენთვის სულერთი ვერაფრით იქნება, რადგან კვასხვაძის გარდა, ამ გუნდის ღირსებას კიდევ ორი ქართველი იცავს - ლევან ხმალაძე და ელგუჯა გრიგალაშვილი.

ერთიც - კვიპროსულ პრესაში დაიწერა, რომ კვასხვაძის გადაბირებით იქაური საკლუბო ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდი - "ომონიაა" დაინტერესებული. როინთან საუბარი "ოთელოსის" ამჟამინდელი მდგომარეობით დავიწყეთ.

- სიტუაცია რთულია. კვიპროსის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე ვართ და, ცხადია, კმაყოფილი ვერავინ იქნება. ამის მიუხედავად, დაკარგული ჯერ არაფერია და ვაგრძელებთ ბრძოლას გადარჩენისთვის.

- გულწრფელად გეტყვით - არ გვინდა, "ოთელოსს" დიდხანს შერჩეთ. არის კონკრეტული შეთავაზება? ითქვა და დაიწერა "ომონიას" ინტერესზე...
- წინასწარ ლაპარაკი არ მიყვარს, იმას კი ვიტყვი, რომ არის რაღაც ვარიანტები. ახლა, როცა გუნდს უჭირს და უმაღლეს ლიგაში დასარჩენად იბრძვის, ჩემგან ამაზე ლაპარაკი არ იქნება გამართლებული. "ომონიას" თაობაზე კი მართლა არაფერი ვიცი.

- კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაქვთ?
- კი, სეზონის ბოლომდე.

- რას იტყვით საქართველოს ნაკრების აწმყოზე?
- ჩემი აზრით, საქართველოს ნაკრებს აქვს წარმატების მისაღწევად აუცილებელი პოტენციალი. გუნდში არიან როგორც გამოცდილი, ისე ახალგაზრდა ფეხბურთელები, მაღალ დონეზე თამაში რომ შეუძლიათ.

რაც შეეხება კონკრეტულად ორ თამაშს, მოვუგეთ მალტას, რომლისთვისაც აუცილებლად უნდა მოგვეგო. ეს გამარჯვება, უპირველეს ყოვლისა, ფსიქოლოგიური კუთხით იყო მნიშვნელოვანი. გერმანიასთან მატჩზე კი რა უნდა ვთქვა - მსოფლიოს უძლიერეს ნაკრებს დავუპირისპირდით. ერთი კია - ასეთ მეტოქეებთან თამაში უმნიშვნელოვანესია. ძალიან ბევრს სწავლობ, ახალ ნიუანსებს ითვისებ. ამ შეხვედრაში მიღებული გამოცდილება ნაკრებს სამომავლოდ აუცილებლად გამოადგება.

- სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრების ორ მეკარეს, გიორგი ლორიას და ნუკრი რევიშვილს სათამაშო პრაქტიკა აკლია. დიდი ალბათობით, პოლონეთთან მატჩისთვის ეროვნულ გუნდში იქნებით გამოძახებული...
- ჯერ იმას ვიტყვი, რომ გიორგი და ნუკრი ძალიან კარგი მეკარეები არიან. მჯერა, მათი მდგომარეობა სულ მალე უკეთესობისკენ შეიცვლება. რაც შემეხება მე, ყოველთვის მზად ვარ, ვითამაშო გუნდში, რომელიც ჩემთვის ყველაზე ძვირფასია...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
გეტყობა როინ საუბარზე კაი კაცი ხარ, წარმატებები!
georgiano
02:58 18-04-2015
0
წარმატებები როინ კაი მეკარე ხარ
gioo
20:03 17-04-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული