ქვეყნის თასის გათამაშებაში კი "ფლორა" უკვე ნახევარფინალშია - გუნდმა შინ პრინციპული მატჩი მოუგო "სილამიაე კალევს".თასის მეოთხედფინალში ბეგლარიშვილმა სრულად ითამაშა და მინდორზე ერთ-ერთი გამორჩეულიც გახლდათ.
მას საფეხბურთო მონაცემები არასოდეს დაეწუნებოდა. იყო საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრი და "აიაქსის" ახალგაზრდულ გუნდშიც თამაშობდა.
"ლელო" ზაქარიას ესტონეთში შეეხმიანა და ინტერვიუ სთხოვა...
- მოდი, თავდაპირველად ბოლო სათასო მატჩი შევაფასოთ...
- თასის მეოთხედფინალი იოლი
- ესტონეთის თასის მოგებას უმიზნებთ, ალბათ...
- რა თქმა უნდა! "ფლორა" ესტონური საკლუბო ფეხბურთის გრანდია და სხვა რამეზე ვერც იფიქრებს. ჩემი აზრით, გუნდს შესწევს ამის რეალური ძალა, ისევე, როგორც ესტონეთის ჩემპიონატის მოგებისა.
- მოდით, უფრო ახლოს გაგვაცანით "ფლორა"...
- ყველაზე მეტად, რასაც გამოვარჩევ, ის არის, რომ ძალიან ახალგაზრდული გუნდია. "ფლორას" საშუალო ასაკი 20-21 წელია. მწვრთნელიც ახალგაზრდა და პროგრესირებადი გვყავს - ესტონელი ნორბერტ ჰურტი. რაც შეეხება ლეგიონერებს, სულ სამნი ვართ - მე, ფინელი ფორვარდი, ვინც დუბლი შეასრულა "სილამიაე კალევთან" შეხვედრაში და ირაკლი ლოგუა. ის რუსეთის მოქალაქეა. მეგობრული, შეკრული გუნდია. კარგის მეტს ვერაფერს ვიტყვი...
- ირაკლი ლოგუაზე ცალკე გკითხავთ. ქართული თუ იცის, როგორი ფეხბურთელი და პიროვნებაა?
- შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. ძალიან უშუალო, მეგობრული და კარგი ადამიანია. ფეხბურთელიც შესანიშნავია. ქართული არ იცის. ესტონეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა.
- რას იტყვით ესტონეთის ჩემპიონატის დონეზე?
- უკვე მეხუთე სეზონია, აქ ვარ და საკუთარი თვალით ვუყურებ იმას, თუ როგორ პროგრესირებს ესტონეთის ჩემპიონატი. პირველობა ძალზე დაძაბულია და დონე სულ უფრო იზრდება.
ესტონურ კლუბებში ფული ჩაიდო. აქ საერთო პოლიტიკა შეიმუშავეს, რომელიც ესტონეთის ნაკრების ფეხბურთელების სამშობლოში დაბრუნებისკენაა მიმართული. ეროვნული გუნდის არაერთი მოთამაშე დაბრუნდა შინ. მაგალითად, "ფლორამ" ქვეყნის ნაკრების მცველი დაიმატა, რომელსაც უთამაშია იტალიაში, ბელგიაში, ნორვეგიასა და რუსეთში. ასეთი ფეხბურთელების დაბრუნებით ჩემპიონატის დონე იზრდება.
- კარგა ხანია, "ფლორაში" ხართ. როდის სრულდება თქვენი კონტრაქტი?
- ხელშეკრულებით კიდევ ერთი წელი დამრჩა, თუმცა ვნახოთ, რა და როგორ იქნება...
- რომელიმე გუნდი ხომ არ ინტერესდება თქვენით?
- გუნდს ჯერ ვერ დავასახელებ, მაგრამ ზამთარში კი მქონდა შეთავაზება უკეთესი ჩემპიონატიდან. მაშინ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. ვნახოთ, რა იქნება ზაფხულში.
- თავის დროზე, ამსტერდამის "აიაქსში" დამკვიდრების შანსი გქონდათ. იმ დროს როგორ იხსენებთ?
- ყველამ იცის, რას წარმოადგენს "აიაქსის" სკოლა, რა ადგილი უჭირავს მსოფლიო ფეხბურთში. ბავშვობიდან ვოცნებობდი "აიაქსის" სტრუქტურაში მოხვედრაზე და ერთ დღეს ეს ოცნება რეალობად მექცა.
გულწრფელად ვამბობ - იყო იმის შესაძლებლობა, რომ დავრჩენილიყავი "აიაქსში" და იქ გამეგრძელებინა კარიერა, მაგრამ რაღაც პრობლემების გამო წამოსვლა მომიხდა.
- და მაინც, ალბათ, იმედი გაქვთ, რომ საფეხბურთო თვალსაზრისით ნაღდ ევროპაში ისევ ითამაშებთ...
- მიმაჩნია, რომ ჩემს კარიერაში ყველაფერი წინაა და კიდევ შემიძლია უფრო ძლიერ გუნდში თამაში.
* * *
ზაქარია ბეგლარიშვილთან საუბარში ირაკლი ლოგუას თემას შევეხეთ. ალბათ, უპრიანია რუსეთის მოქალაქე ქართველ ფეხბურთელზე უფრო დაწვრილებით ვთქვათ. ირაკლი ლოგუა დაიბადა 1991 წლის 29 ივლისს, ოჩამჩირეში. ის მოსკოვის "დინამოს" საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია. "დინამოს" გარდა, უთამაშია ნოვოსიბირსკის "სიბირსა" და ვორონეჟის "ფაკელში". ახლა კი "ფლორას" შემადგენლობაში მე-18 ნომრით ასპარეზობს. იყო რუსეთის 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების ფეხბურთელი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"