ლაშა ჯაკობია "გენტის" ქართველებზე - ორწლიანი კონტრაქტი და დიდი პერსპექტივა

AutoSharing Option
ფოტოზე: ჯიმი ტაბიძე და გიორგი ბერიძე ბელგიაში
ცნობილია, რომ ორიოდე დღის წინათ "საბურთალოს" ფეხბურთელმა ჯიმი ტაბიძემ ბელგიის ჩემპიონ "გენტთან" კონტრაქტი გააფორმა. მაგრამ ჩრდილში მოექცა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების კიდევ ერთი მოთამაშის, "ზესტაფონის" შემტევ გიორგი ბერიძეს ტრანსფერი, რომელიც ამავე გუნდის წევრი გახდა.

"გენტი" წლეულს ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს და ბოლოდროინდელი კრიზისის ფონზე, ამ გუნდში ქართველების გადასვლა მოულოდნელიცაა და მნიშვნელოვანიც. ძნელი გასახსენებელია, ბოლოს ჩვენი ორი ფეხბურთელი ასეთ წარმატებულ გუნდში როდის ჩაირიცხა.

ეს ტრანსფერები საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, ამჟამად კი საფეხბურთო მენეჯერ ლაშა ჯაკობიას დამსახურებაა,
რომელიც ფიფას აგენტის, როჯერ ანგოტესა და მისი კომპანიის პარტნიორია საქართველოში.

ვფიქრობთ, ბოლოდროინდელი ტრანსფერების ფონზე, ჯაკობიას ინტერვიუ დაგაინტერესებთ:

- ჯერ კონტრაქტის დეტალებზე ვილაპარაკოთ. ხელშეკრულებები რა ვადით გაფორმდა?
- ტაბიძემაც და ბერიძემაც ორ-ორწლიან კონტრაქტებს მოაწერეს ხელი. ეს ამბავი ძალიან მახარებს. არა მხოლოდ იმიტომ, რომ მე ვმონაწილეობდი ამ ტრანსფერებში, უფრო იმიტომ, რომ საქართველოს ნაკრები ვერ გაძლიერდება, თუ ნიჭიერი ახალგაზრდები ძლიერ კლუბებში არ წავლენ და არ გაიზრდებიან. მე კი ახალი თაობა ძალიან მაიმედებს, რადგან ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი გამოჩნდა.

"გენტი" კი რა დონისაცაა, ამაზე მისი წლევანდელი ტიტული მეტყველებს - ბელგიის ჩემპიონობა ბევრს ნიშნავს.

ტაბიძესა და ბერიძეს კი ანგოტე წელიწად-ნახევარი აკვირდებოდა და დარწმუნდა, რომ სერიოზული პოტენციალის მქონე მოთამაშეები არიან. მას ჯერ კიდევ შარშან სურდა მათი წაყვანა, მაგრამ გიორგი 18 წლისა 12 მაისს გახდა და სრულწლოვანებამდე ტრანსფერი გამორიცხული იყო. ტაბიძე კი შარშან შემოდგომაზე დაშავდა და ასეთ მდგომარეობაში ვერ წაიყვანდა.

სხვათა შორის, ეს კაცი საქართველოს მოყვარულია და ჩვენს ფეხბურთს ძალიან ეხმარება. ისე, მიკვირს, ვინ და რაზე დაყრდნობით მოიგონა, რომ ბერიძე თერჯოლის "საპოვნელაში" მიდიოდა?..

Sportall.Ge- "საპოვნელაზე" რა გითხრათ და, ბერიძეს ბევრად ცნობილი ფრანგული კლუბი "ლილი" იწვევდა. მოლაპარაკება ჩაიშალა თუ რა მოხდა?
- რეალური ტრანსფერი იყო. ბერიძეს სხვა გუნდებიც იწვევდნენ - "მარსელი" და ბელგიური "სტანდარდი". სხვათა შორის, მაისში ბერიძემ ფიზიკური ტესტები, "ლილის" შემდეგ, "გენტშიც" გაიარა, მაგრამ მაშინ ეს ამბავი არ გავახმაურეთ...

სხვა საინტერესო მიწვევები ტაბიძესაც ჰქონდა.

რაც შეეხება არჩევანს: გარდა იმისა, რომ ქართველების ახალი გუნდი ოქროს მედლის მფლობელი გახდა და ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს, ტრამპლინად ბიჭებს "გენტი" უფრო გამოადგებათ.

საერთოდ, საქართველოს შემდეგ საფრანგეთ-გერმანიაში სათამაშოდ შუალედური ქვეყანაა საჭირო. მე და როჯერი ბერიძის მწვრთნელს, გუბაზ დოლიძეს დაველაპარაკეთ, ტაბიძეზე კი - "საბურთალოს". შევთანხმდით, რომ ბიჭებისთვის ბელგიაში წასვლა აჯობებდა, რადგან მოთამაშეთა მომავალზე ფიქრობენ.

დოლიძემ მარტომ გაზარდა პაპუნაშვილი, დვალი, კიკაბიძე, კაჭარავა, იგივე ბერიძე, შენგელია, აბურჯანია... ერთმა მწვრთნელმა მეტი რა უნდა გააკეთოს?! ასაკობრივი ნაკრებები კი "საბურთალოს" ფეხბურთელებითაა გავსებული. იმავეს ვიტყვი თბილისის "ლოკომოტივზეც".

- ბოლო წლებში "გენტის" წინსვლა რამ განაპირობა?
- ის საფეხბურთო ქარხნად ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ივან დე ვიტემ ააწყო. კლუბის ბიუჯეტი 53 მილიონი ევროა. "ანდერლეხტსა" და "ბრიუგეს" მდიდარი პრეზიდენტები ჰყავთ და კლუბზე სოლიდურ თანხებსაც ხარჯავენ. მაგრამ "გენტს" უფრო აწყობილი სისტემა და მეტი შემოსავლები აქვს.

რაც უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, 15 წლის განმავლობაში, ივან დე ვიტეს კლუბში საკუთარი ფული არ ჩაუდია, რადგან სარეკლამო, სატელევიზიო, ტექნიკურ და სხვა სპონსორებთან კონტრაქტებითა და ევროთასებზე გამოსვლებით დიდი შემოსავლები გაუჩნდა. მარტო ზაფხულში, 20 ათასი აბონემენტიდან 19 ათასი უკვე გაყიდა.

"გენტს" ბელგიურ "ვიტრინას" უწოდებენ - ნიჭიერი ფეხბურთელების გაზრდა-გაყიდვაზე დახელოვნებულებს, წამყვან ევროპულ ქვეყნებში ენდობიან და მისგან ფეხბურთელებს თვალდახუჭულები ყიდულობენ.

- 19-წლამდელთა ელიტრაუნდში ჩვენების ნიჭიერებაც გამოჩნდა და ამავე დროს, ფიზიკური მოუმზადებლობაც. ამან პრობლემა არ შექმნა?
- ეს ევროპელებმაც კარგად იციან, მაგრამ "ფიზიკა" პრობლემა არაა, მოამზადებენ და ისეთ კონდიციებში იქნებიან, ეროვნულ ნაკრებში რომ ითამაშონ - უპირველესად, ისინი ნიჭს უყურებენ. ბერიძე და ტაბიძე კი უდავოდ ნიჭიერი ბავშვები არიან.

- ქართველები "გენტის" დუბლებში ითამაშებენ?
- ახლა ჯიმი ძირითადი გუნდის შეკრებაზეა, ბერიძე კი, ასაკიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, დუბლებში ითამაშებს, თუმცა "გენტის" 19-წლამდელებს იუნიორთა ჩემპიონთა ლიგაზე დაემატება. სხვათა შორის, ჩვენი არჩევანი ამანაც განაპირობა - იუნიორთა ლიგაში გამოსვლა მშვენიერი გამოცდილებაა და თამაშებს უამრავი სელექციონერი ესწრება.

- ფოთის "კოლხეთის" თავდამსხმელის, ლევან შენგელიას ამბავიც გვითხარით. ვიცით, რომ მას ფრანგული "აიაჩო" იწვევს...
- "აიაჩოს" გარდა, მისით კიდევ სამი კლუბია დაინტერესებული. საკითხი მალე გადაწყდება და შენგელია ევროპაში ივლისში გაემგზავრება. მთავარი მოთხოვნაა, რომ ითამაშოს და არა უბრალოდ, სადმე ჩაირიცხოს. სხვათა შორის, ლევანს ბელგიაშიც იწვევენ.

- 19-წლამდელთა ნაკრებისა და "საბურთალოს" ფეხბურთელების, გიორგი თევზაძისა და გიორგი ხარაიშვილის ტრანსფერებზეც თქვენ მუშაობდით?
- ისინი ნიჭიერი ბიჭები არიან და დარწმუნებული ვარ, ძლიერ გუნდებში წავლენ. ამაზე "საბურთალოც" მუშაობს და მე და როჯერიც, რათა მათ ღირსეული გუნდები მოვუძებნოთ.

სხვათა შორის, როჯერმა "საბურთალოს" გენერალურ დირექტორ კახა ჭუმბურიძეს უთხრა, რომ ამ ქართულ კლუბს ნიჭიერი ბავშვები ჰყავს და თან პარტნიორობის გაგრძელების სურვილიც გამოხატა. აქვე ვიტყვი, რომ მისი შუამავლობით, გუბაზ დოლიძეს, შესაძლოა, "გენტი" ეკიპირებით, ბურთებითა და სხვა წვრილმანებით დაეხმაროს, რადგან ეს კაცი გუნდს სესხითა და საკუთარი სახსრებით ინახავს.

- ევროპაში კიდევ რომელიმე ფეხბურთელის ტრანსფერი თუ იგეგმება?
- ბელგიაში სანდრო გურეშიძის წაყვანა გვსურდა, მაგრამ მხრის ტრავმა მიიღო და რეალური ვარიანტი გამოირიცხა. არადა, სანდრო ევროპელებისთვის საინტერესო მოთამაშეა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
გადავიდნენ თორე რას ამბობთ ძირითადის მცველი იქნება.ზარანდიაც გადავიდა მარა ერთ თამაშშიც არ უთამაშია.კიკაბიძეც იგივე.ნუ ხართ რაა ხბოსავით აღტაცებული,რეალურად შეხედეთ სიტუაციას.ფაქტიურად ამათი ფეხბურთი მორჩენილია.საქრთველოსჩემპიონატში ერთი ტამაში არ უთამაშია რომელ გენტზეა ლაპარაკი?ვინ ათამაშებს იქ 19წლის ქართველს???
gocha
19:02 29-06-2015
0
ნეტა ათამაშონ ძმა.რა შუაშია გესლიანობა.მარა რეალურად უნდა შევხედოთ ყველაფერს.საქრთველოს უმაღლესში არცერთი თამაში არ აქვს რომელ ბელგიაზე ლაპარაკობთ,ტიპები ტალანტებს ვერ ითვლიან იმდენი ყავთ.პროსტა სიმარტლე თქვან რო გენტის ახალგაზრდულ გუნში მიდის და არა გენტში...
gocha
23:58 29-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული