22 წლის ფეხბურთელი ჟურნალისტს საქართველოს ნაკრებზე, "სპარტაკზე", მურატ იაკინზე, დიდ მანძილზე ფრენის შიშსა და თქვენ წარმოიდგინეთ, სიმღერა "სულიკოზეც" ელაპარაკა.
- თქვენთვის რომელი ვარიანტია უფრო მისაღები: "სპარტაკში" მეორეხარისხოვან როლში ყოფნა თუ იჯარით წასვლა ისეთ გუნდში, სადაც პირველი იქნებით?
- ამჟამად "სპარტაკში" თამაში მსურს და თუკი წავალ, მხოლოდ ევროპაში. წინადადებას რუსეთიდან არ დავთანხმდები.
- არც იჯარით და არც სამუდამოდ?
- რუსეთში? არა. ან
- ქვეყანას აქვს მნიშვნელობა?
- რა თქმა უნდა. საფრანგეთი და იტალია არცთუ ძალიან მიზიდავს, აი, მაგალითად, ესპანეთსა ან ჰოლანდიაში თამაში კი ძალიან მინდა - ანუ იქ, სადაც ლაღ და შემტევ ფეხბურთს თამაშობენ.
- ხელფასის ოდენობას აქვს მნიშვნელობა?
- დიდი ხელფასი არც ახლა მაქვს.
- "როსტოვში" გატარებული იჯარის შემდეგ გადაწყვიტეთ, რომ სხვა რუსულ კლუბში აღარასდროს ითამაშებთ?
- "როსტოვში" ყველაფერი ნორმალურად იყო. სათამაშო პრაქტიკა მჭირდებოდა და მე ის მივიღე. ახლა ვიმედოვნებ, რომ "სპარტაკში" დავმკვიდრდები, მაგრამ თუკი ეს არ გამოვა, გეზს ევროპისკენ ავიღებ.
- ჩეხეთი ან შვეიცარია - ევროპაა?
- გეოგრაფიულად, კი, მაგრამ მე ამ ქვეყნების ჩემპიონატებზე არ ვფიქრობ.
- რატომ არიდებთ თავს ვიდეოინტერვიუს?
- არ ვიცი, უბრალოდ, რაღაცნაირად დისკომფორტს მიქმნის.
- საერთოდ, პრესასთან დიდი ხანია ურთიერთობთ?
- კლუბის საიტისთვის მიმიცია ინტერვიუ. ქართული მედიასაშუალებებისთვისაც, როდესაც ნაკრებში ჩავსულვარ. რუსეთში დიდი ხანია, ჟურნალისტებთან არ მისაუბრია.
- უარს ეუბნებოდით?
- მხოლოდ გადაღებაზე, თორემ ისე უარი არავისთვის მითქვამს. უბრალოდ, არ მოუმართავთ.
- ოთხი წლის წინ, "სპარტაკის" ავსტრიულ შეკრებაზე ყოფნის დროს ამბობდით, რომ მარცხენა ფეხის გავარჯიშება გჭირდებოდათ. გაავარჯიშეთ?
- სიმართლე გითხრათ, მაინცდამაინც არა. რა თქმა უნდა, 2011 წელთან შედარება არაა, ბურთის მიღებას და დამუშავებას ვახერხებ, ჩაწოდება კი მიჭირს.
- მარცხენით საჯარიმოს დაარტყამთ?
- დაახლოებით 30 მეტრზე პასს კი გავაკეთებ, თუმცა საჯარიმოსა და კუთხურის მოწოდება მარჯვენით მიჯობს.
- შეკრებაზე შიროკოვთან შეწყვილებულს გიწევთ თამაში...
- ძალიან მიყვარს ასეთი ფეხბურთელები. ჩემი აზრით, ის რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო ნახევარმცველია. ბურთი მიღებული არ აქვს, უკვე ფიქრობს, რა უნდა ქნას! ნებისმიერ პასს მოგცემს.
- ძველებურად მიიწევთ მოედნის ცენტრისკენ?
- ახლა უფრო მარცხენა ფრთაზე ყოფნა მხიბლავს.
- მარჯვენა "მუშა" ფეხით?
- ფლანგიდან ცენტრისკენ შეგიძლია წაიწიო და პასით შეტევა გაამწვავო. მგონი, დღეს მთელი მსოფლიო ასე თამაშობს, გარდა ინგლისელებისა - ცაციები მარჯვენა ფლანგზე, მემარჯვენეები - მარცხნივ...
- ყოველთვის მოგწონდათ ნომერი "7". ითამაშებთ ამ ნომრით?
- მე ის კომბაროვს დავუბრუნე, თავად კი 49-ნომრიანი მაისურით ვითამაშებ.
- იმიტომ, რომ 49 არის 7X7?
- ამიტომაც. უბრალოდ, მომწონს ეს რიცხვი. მაგალითად, 77 არ მინდა, მასზე უარი ვთქვი. 49 მირჩევნია.
- მართლა იმალებოდით ბაზაზე კარადაში, რათა კომსომოლსკიში სათასო მატჩზე არ გამგზავრებულიყავით?
- არა, რა თქმა უნდა. ტრავმა მქონდა, მაგრამ არ დამიჯერეს. ამ ამბის გახსენება აღარ მსურს - გუნდს უკვე მოვუბოდიშე. ასეთი რამ აღარ განმეორდება.
- ყველაზე ხანგრძლივი ფრენა ცხოვრებაში როდის გქონიათ?
- როდესაც საქართველოს ნაკრები დუბლინში მიემგზავრებოდა. დაახლოებით 7 საათი ვიფრინეთ.
- "სპარტაკს" რომ კიდევ შეხვდეს მეტოქედ შორეული აღმოსავლეთის გუნდი...
- რა თქმა უნდა, გავფრინდები. თუმცა თვითმფრინავით მგზავრობა არ მიყვარს.
- რა უფრო გზარავთ, აფრენა თუ დაშვება?
- აფრენა. ერთხელ ნაკრებთან ერთად შოტლანდიისკენ მივფრინავდი. ნახევარი საათის შემდეგ გზიდან მოვბრუნდით და თბილისში დავეშვით. აღმოჩნდა, რომ პილოტის კაბინაში ფანჯრის მინა იყო გაბზარული. ალბათ, ჰაერში რაღაც მოხვდა. მას შემდეგ გადაფრენები არ მიყვარს.
- რით დაგამახსოვრდათ "როსტოვში" იჯარით გატარებული პერიოდი?
- იმით, რომ საცობებში არ მიწევდა ყოფნა. ბაზა ქალაქის ცენტრშია და იქამდე ყოველთვის სწრაფად ვაღწევდი. სხვაც ყველაფერი ნორმალურად იყო - ვთამაშობდი, ვმეგობრობდი ნიკოლიჩთან, მილიჩთან, ლოგაშოვთან. ვიცინოდი მიოდრაგ ბოჟოვიჩის ხუმრობებზე.
- სქესთა შორის ურთიერთობაზე?
- უმეტესად ამ თემაზე.
- ოთხი წლის წინ მეგობარი გოგონა არ გყავდათ, ახლა რა ხდება?
- მყავს მეუღლე და ქალიშვილი მია. დრო სწრაფად გარბის.
- საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძე ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის იღვწის?
- მას უშუალო მოვალეობები მრავლად აქვს, საფეხბურთო საკითხებით სხვები არიან დაკავებულნი.
- ინტერნეტში კახას ფოტო გავრცელდა, სადაც ის თბილისში წყალდიდობის შედეგებს ებრძვის...
- დიდი ტრაგედია დატრიალდა და საქმეში ყველა ჩაერთო, რითაც შეეძლო.
- სტიქიამ თქვენი ახლობლებიც ხომ არ დააზარალა?
- საბედნიეროდ, არა. ნიაღვარი დღისით რომ წამოსულიყო, მსხვერპლი გაცილებით დიდი იქნებოდა. იქ ვიწრო გზა გადის, ყოველთვის საცობია. წყალი ღამის პირველ საათზე მოვარდა. წალეკა ზოოპარკი...
- რა მდგომარეობაშია დღეს საქართველოს ნაკრები?
- თითქმის იმავე დონეზეა. არიან ახალგაზრდები, გუნდი ძირითადად დანიაში, ჩეხეთში, იტალიასა და რუსეთში მოთამაშე ქართველი ლეგიონერებისგან შედგება.
ახალი მწვრთნელი გვყავს - კახა ცხადაძე, ახალი ფილოსოფიით. თუკი თემურ ქეცბაია გვთხოვდა: "ითამაშეთ ნულზე", კახა გვეუბნება: "სჯობს გავუშვათ, მაგრამ ჩვენც გავიტანოთ".
ახლა უფრო ვუტევთ, უწინ კი დაცვიდან ვმოქმედებდით. დასანანი იყო, როდესაც პოლონეთთან მატჩში ბოლო წუთებზე სამი გოლი გავუშვით. არადა, მანამდე თითქმის ტოლ-სწორად ვეთამაშებოდით.
- გამოდის, ცხადაძესა და ალენიჩევს ("სპარტაკის" ახალი მწვრთნელი) ერთნაირი მოთხოვნები აქვთ?
- გეთანხმებით. იაკინის დროს "სპარტაკი" ჩემთვის ძალიან უცხო ფეხბურთს თამაშობდა. გრძელი პასი, გადმოვარდნილ ბურთზე ბრძოლა... ახლა კი თავს სულ სხვანაირად ვგრძნობ, ჩემთვის მოსახერხებელ ფეხბურთს ვთამაშობთ - დაბალი, სწრაფი პასით. ბოლოს და ბოლოს, ვგრძნობ, რომ ნამდვილად "სპარტაკში" ვარ.
- საქართველოს ჩემპიონატის მატჩებზე ბევრი ხალხი დადის?
- მაქსიმუმ, ორი-სამი ათასი. სამაგიეროდ, "ბარსელონა"-"სევილიის" სუპერთასის მატჩზე, რომელიც თბილისში გაიმართება, ბილეთებს ვეღარ იშოვით.
- პირადი კითხვაა: რაზეა სიმღერა "სულიკო"?
- ოო, უნდა მოვუსმინო...
- ნუთუ არ იცით?
- მისამღერი ვიცი, მაგრამ სჯობს, მთლიანად მოვისმინო და მომდევნო ინტერვიუს დროს გიამბობთ.
...........