ჯიმი ტაბიძე: "გენტის" ძირითადში მოხვედრა დიდი საქმე იქნება

AutoSharing Option
ამ ზაფხულს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ორი მოთამაშე ბელგიის ჩემპიონ "გენტში" ჩაირიცხა. "საბურთალოს" ცენტრალურმა მცველმა ჯიმი ტაბიძემ და "ზესტაფონის" თავდამსხმელმა გიორგი ბერიძემ ხსენებულ კლუბთან ორ-ორწლიანი კონტრაქტები გააფორმეს.

ტრანსფერები საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, ამჟამად კი საფეხბურთო მენეჯერ ლაშა ჯაკობიას დამსახურებაა...

"ლელო" ტაბიძეს ბელგიაში დაუკავშირდა. დავინტერესდით, როგორ მიდის მათი საქმეები და რეალურია თუ არა, რომ ბელგიის ჩემპიონის ძირითად შემადგენლობაში ვიხილოთ...

- თქვენს თაობას და კონკრეტულად "გენტში" გადასულებს, დიდ იმედებს უკავშირებენ
- იქნებ, ქართული ფეხბურთი თქვენმა თაობამ მაინც გამოაცოცხლოს. მაგრამ ჯერ "გენტში" დამკვიდრება გჭირდებათ...

- ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. "გენტის" ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა დიდი საქმე იქნება.

რაც შეეხება ქართულ ფეხბურთს და ნაკრებს, მას მხოლოდ ლეგიონერები ვერ გააძლიერებენ. საქართველოს ჩემპიონატი უნდა იყოს მაღალი დონის თუ არა, ისეთი მაინც, საშუალო ევროპულს რომ მივუახლოვდეთ.

მაგრამ იმაში გეთანხმებით, რომ კარგი ბიჭები მოდიან და თუ განვითარდნენ, მომავალში ბევრად უკეთესი ნაკრები გვეყოლება.

- გიორგიმ თქვა, რომ ინგლისურის მასწავლებელი გიქირავეს. ვიდრე ენას დაეუფლებით, მწვრთნელის დავალებებს როგორ იგებთ?
- იმდენი ინგლისური კი ვიცი, რომ ელემენტარული რამ გავიგო და დავალება შევასრულო. აქამდე არც ერთი მითითების გაგება და შესრულება არ გამჭირვებია.

მაგრამ უცხოეთში ენის ცოდნა აუცილებელია, მოედანზეც თავი უფრო კომფორტულად რომ იგრძნო. ცხოვრებისეული ნიუანსების იოლად მოგვარებაშიც გეხმარება. კარიერის ასაწყობად ესეც ბევრს ნიშნავს.

- ბევრს ნიშნავს მონდომება და შრომისმოყვარეობაც, რაც ჩვენს ფეხბურთელებს აშკარად აკლიათ...
- მეც სულ ამაზე ვფიქრობ. ელიტრაუნდში ესპანეთთან და პორტუგალიასთან წავაგეთ, მაგრამ ორივე მეტოქესთან ფეხბურთი ვითამაშეთ და გამოჩნდა, რომ ბევრი ნიჭიერი ბიჭი გვყავს.

საერთოდ, 19 წლამდე საქართველოში ასე არის. ისიც გაიხსენეთ, ალექსანდრე ჩივაძის ახალგაზრდულმა ნაკრებმა შარშან ჰოლანდია 1:0 რომ დაამარცხა გასვლაზე - იმ გუნდში კი "ჩელსისა" და "მილანის" მთავარი გუნდის ფეხბურთელები იყვნენ. ანუ ნიჭი გვაქვს, მაგრამ მერე ევროპელები ვითარდებიან და ეროვნულ ნაკრებამდე რომ მიდიან, ჩვენ ბევრად გვჯობნიან. ქართველებს კი რა გვემართება, ვერ ამიხსნია.

მაგრამ ჩვენი ფეხბურთის იმედი მაქვს. მჯერა, ხვალ უკეთესი ფეხბურთი გვექნება და ნაკრებიც გაძლიერდება. ამას ტყუილად არ ვლაპარაკობ, მე ქართული ფეხბურთის პოტენციალი მაიმედებს.

იმედია, ევროპაში თავის დამკვიდრებას ჩვენც მოვახერხებთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს ბიჭები აუცილებლად უნდა მიიწვიონ ნაკრებში. ჩვენი მომავალია. მითუმეტეს შესარჩევი ციკლი ჩაგდებულია. მიაჩვიონ ნაკრებს და იქაურ ატმოსფეროს. ამ ბიჭებს ფეხები არ უკანკალებთ გრანდების წინაამდეგ.შანსი დროზე უნდა მიცეს ცხადაძემ ტაბიძეს,ბერიძესთევზაძეს ზარანდიას და სხვებს
minashvili
18:04 26-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული