ლეგიონის უქმეები: დავით ხოჭოლავას გოლი "დნიპროს" კარში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სტარტი აიღო ბელგიური ჟუპილერლიგის გათამაშებამ. ეს პირველობა, შესაძლოა, მრავალფეროვანიც გამოდგეს ჩვენთვის, რადგან ბელგიის ჩემპიონ "გენტის" ღირსებას ორი ქართველი დაიცავს - ჯიმი ტაბიძე და გიორგი ბერიძე. მაგრამ, ჯერჯერობით, ეს დუეტი "გენტის" დუბლებში ითამაშებს.

გამარჯვებით დაიწყო "გენკმა", რომლის რიგებშიც თორნიკე ოქრიაშვილი და ლუკა ზარანდია გამოდიან. "გენკმა" შინ 3:1 დაამარცხა "ლოვენი".

ზარანდიამ თითქმის ყველა ამხანაგურ მატჩში ითამაშა და გვეგონა, ჩემპიონატშიც მიეცემოდა შანსი, მაგრამ ახალგაზრდა ქართველი განაცხადში არ ყოფილა.

აი, ოქრიაშვილს კი ნაკლებად ველოდით, რადგან ნეკნის ტრავმა აწუხებდა. თუმცა 23 წლის შემტევი მოედანზე შესვენების
მერე გამოჩნდა, 67-ე წუთზე კი "გენკი" მის მიერ წამოწყებული კომბინაციის მერე დაწინაურდა (2:1).

* * *
რუსულ პრემიერლიგაში მეორე ტურის მატჩები გაიმართა. მოსკოვის "სპარტაკი" უკვე ხოსე ხურადოს გარეშე ესტუმრა "კრასნოდარს" და 1:0 სძლია. ჯანო ანანიძე მაინც სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდა. ის კი არა, პირველი ტურისგან განსხვავებით, მას მოგვიანებითაც არ მიეცა შანსი.

ყაზანის "რუბინი" შინ 0:2 დამარცხდა "ურალთან". ეს თამაში, რაც შეიძლება მალე უნდა დაივიწყოს ჩვენი ნაკრების მცველმა საბა კვირკველიამ - მან ჯერ 48-ე წუთზე თავურით საკუთარი კარი დალაშქრა, ხოლო შემდეგ, 64-ე წუთზე, ორი ყვითელი ბარათის გამო მოედანი დატოვა.

გასაკვირი არ არის, რომ "ჩემპიონატმა" მას 4,5 ბალი (ყველაზე დაბალი შეფასება მატჩში) დაუწერა. "კვირკველიამ "რუბინი" დამარხა", - ასეთი იყო "ჩემპიონატის" სათაური.

"ტერეკში" კვლავ ველით თედო გრიგალაშვილის დებიუტს, მანამდე კი მისმა გუნდმა 1:1 ითამაშა "ყუბანთან".

* * *
უკრაინულ პრემიერლიგაშიც მე-2 ტურის მატჩები გაიმართა. "დნიპრომ" 4:2 იმარჯვა "ჩერნომორეცთან". მასპინძელთა რიგებში, მოულოდნელად, სასტარტოში არ იყო ჯაბა კანკავა. ის მოედანზე შესვენების მერე გამოჩნდა.

აი, სტუმართა რიგებში კი შეუცვლელად ითამაშა დავით ხოჭოლავამ (გაფრთხილებაც მიიღო), ხოლო გიორგი გადრანი განაცხადს მიღმა დარჩა. სხვათა შორის, სანამ კანკავა მოედანზე გამოჩნდებოდა, "დნიპრო" 0:1-ს აგებდა.

მალე "ჩერნომორეცი" კიდევ უფრო დაწინაურდა და ეს ხოჭოლავამ მოახერხა - მეკარეს გამოსვლაზე დაასწრო და თავურით გაიტანა. ეს მისი პირველი გოლია ლეგიონერის სტატუსით.

სხვათა შორის, პირველ ტურში მან საგოლე პასიც მიითვალა, რაც ნამდვილად კარგი დასაწყისია "ჩერნომორეცის" 22 წლის ახალწვეულისთვის.

"ზორია" შინ "მეტალისტს" დაუზავდა (0:0). მასპინძელთა შორის ჯაბა ლიპარტია 59-ე წუთზე გამოჩნდა.

ბუბა დაუშვილის "კარპატიმ" საკუთარ მოედანზე 1:0 სძლია "სტალს". ჩვენმა თანამემამულემ 90 წუთი ითამაშა.

* * *
ფინეთის პირველობაზე კტპ სტუმრად ჰიკ-თან დამარცხდა - 1:2. გიორგი ოსიტაშვილი შეუცვლელად გაისარჯა და ყვითელი ბარათიც მიიღო.

* * *
ნორვეგიაში გიორგი გოროზიას "სტაბეკმა" სტუმრად 2:2 ითამაშა "ჰაუგესუნდთან". გოროზია შესვენებისას შეცვალეს.

* * *
დანიაში "ბრონდბიუ" კიდევ ერთი ქართველის გუნდმა დაამარცხა - ლადო დვალიშვილის "ოდენსემ" სტუმრად იმარჯვა - 2:1. სხვათა შორის, დვალიშვილი ამჯერად განაცხადში მოხვდა.

ქართველთა "ორჰუსი" დღეს ესტუმრება "ვიბორგს".

* * *
ჩეხეთის პირველობა "სლავიამ" ტრავმირებული ლევან ყენიას გარეშე და მარცხით დაიწყო ("პლზენთან" - 1:2).

* * *
პოლონეთში ევროპული ასპარეზიდან გაგდებულმა "იაგელონიამ" 2:0 მოუგო "ტერმალიცას". გამარჯვებულთა შორის ნიკა ძალამიძემ შეუცვლელად ითამაშა.

* * *
დღეს II ბუნდესლიგაში სტარტი აქვს "ფრაიბურგს", რომელიც ისევ გახდა "ჩვენი" გუნდი - "ნიურნბერგს", სხვებთან ერთად, ლუკას ჰუფნაგელიც შეუტევს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
აკაკი გოგიამაც გაიტანა გოლი ბრენტფორდის შემადგენლობაში სტოკ სიტის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში.
დათო
16:12 27-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული