ფოფხაძის ბოლო კლუბი პოლონური "იაგელონია" იყო, სადაც წლეულს, ზამთარში გადავიდა და კიდევ ერთ ჩვენებურთან, ნიკა ძალამიძესთან ერთად საკუთარი წვლილიც შეიტანა იმაში, რომ ამ გუნდმა პოლონურ ექსტრაკლასაში III ადგილი დაიკავა და ევროპალიგის საგზური მოიპოვა.
ფოფხაძე ამპლუით მარცხენა მცველია და საკმაოდ კვალიფიციურიც: სადაც კი უთამაშია, ყველგან გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად მიიჩნეოდა. ფეხბურთის ქართველმა გულშემატკივარმა კი ფოფხაძე ერთობ საინტერესო გუნდში, "თბილისში" ასპარეზობიდან გაიცნო, სადაც 17 წლის ასაკში ჰქონდა დებიუტი საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში.
საერთოდაც, ფოფხაძეს, ფაქტობრივად, არასდროს ჰქონია სათამაშო პრაქტიკის პრობლემა: არც აზერბაიჯანულ "ბაქიში", არც პოლონურ "იაგელონიაში" (ამ გუნდში პირველად 2013/14 წლების სეზონში გამოდიოდა). მცირე ხნით საქართველოს ჩემპიონატშიც "მოასწრო" დაბრუნება: 2010/11 წლების სეზონის მეორე წრეში "ზესტაფონში", წინა სეზონის პირველი წრე კი ბოლნისის "სიონში".
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გიორგი ფოფხაძემ სადებიუტო მატჩი 2006 წლის 1-ელ მარტს ჩაატარა მალტის ნაკრების წინააღმდეგ; თუმცა, ჩვენი ნაკრების იმდროინდელი თავკაცი კლაუს ტოპმიოლერი შემდგომში ნაკლებად სწყალობდა, აი, ექტორ კუპერი კი გაცილებით დიდ ნდობას უცხადებდა.
რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას, ჩვენი ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელს, კახა ცხადაძეს მალტასა და გერმანიასთან მატჩების წინ გაფართოებულ შემადგენლობაში ფოფხაძეც ჰყავდა.
"ფლამურტარი" ქართველი გულშემატკივრებისთვის კარგად ნაცნობი გუნდია: შარშან ზაფხულში, ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანელებმა ბოლნისის "სიონს" ორი მატჩის ჯამში (3:2, 1:2) სძლიეს და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ. ამის შემდეგ კი იქ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ნიკოლოზ გელაშვილი ჩაირიცხა, რომელმაც, სამწუხაროდ, შემდეგ ტრავმა მიიღო და მხოლოდ ათ მატჩში მიიღო მონაწილეობა (2 გოლი).
"ფლამურტარი" მხოლოდ ერთხელ გახდა ალბანეთის ჩემპიონი (1990/91), ქვეყნის თასი კი ოთხჯერ მოიგო. ბოლო სეზონი კი გუნდისათვის წარუმატებელი აღმოჩნდა (ჩემპიონატში VI ადგილზე გავიდა) და ახალი მწვრთნელის მისვლაც არავის გაჰკვირვებია - ამ ზაფხულიდან "ფლამურტარის" ჩეხი სპეციალისტი, 57 წლის სტანისლავ ლევი უთავკაცებს.
თავის დროზე, ლევი ჩეხეთის ნაკრებშიც თამაშობდა, მერე კი სხვადასხვა დროს წვრთნიდა გერმანულ, ჩეხურ და ალბანურ გუნდებს, ბოლო ორი სეზონი კი პოლონურ "შლიონსკში" მუშაობდა.
ალბანურ სუპერლიგაში ახალი სეზონი 22 აგვისტოს იწყება. ფოფხაძის დებიუტი ახალ გუნდში "ტეუტას" წინააღმდეგ უნდა შედგეს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"