ლეგიონის უქმეები: ქართული გოლები უკრაინული აქცენტით [VIDEO]

AutoSharing Option
ამ უქმეებზე ქართულ ლეგიონში ბევრი საინტერესო რამ მოხდა, რომლებზეც დაწვრილებით ქვემოთ მოგიყვებით. დებიუტები, გოლები... მოვლენებით დატვირთული დღეები გამოდგა ჩვენი ლეგიონერებისთვის.

არადა, ჯერ ყველგან არც დაწყებულა პირველობები...

შემდეგ ტურში უნდა ველოდოთ...
ჰოლანდიის ჩემპიონატი დაიწყო. ქართველთა "ვიტესის" თამაში, თითქოს, გაფიცვის გამო უნდა ჩაშლილიყო, მაგრამ ბოლო მომენტში მისი გამართვა მაინც მოხერხდა - "ვიტესი" "ვილემს" ესტუმრა და 1:1 დაუზავდა.

გუნდის კაპიტანმა გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ვაკო ყაზაიშვილი 71-ე წუთზე დანილო პანტიჩით შეცვალეს, როცა არნემელები მარცხდებოდნენ.

ბელგიის ჟუპილერლიგაში ქართველთა "გენკმა" სტუმრად უგოლო ფრე ითამაშა "ვარეგემთან".
თორნიკე ოქრიაშვილმა
კვლავ უკანდახეულ ფორვარდად ითამაშა. ის 71-ე წუთზე შეცვალეს. პირველ ტაიმში ქართველმა ყვითელი ბარათი მიიღო. ლუკა ზარანდია "გენკის" განაცხადში არც ახლა ყოფილა.

ბელგიის ჩემპიონი "გენტი" სტუმრად 1:1 დაუზავდა "ანდერლეხტს". "გენტის" მთავარ გუნდში ჯიმი ტაბიძე და გიორგი ბერიძე არ ირიცხებიან. ისინი სარეზერვო გუნდში ითამაშებენ.

ჩეხეთის პირველობის მესამე ტურში პრაღის "სლავია" "ბრნოსთან" სტუმრად 0:1 დამარცხდა. როგორც თამაშამდე "სლავიას" თავკაცმა დუშან უჰრინმა თქვა, ლევან ყენიამ ახლახან დაიწყო სრულფასოვანი ვარჯიში. ამიტომაც მას უფრო შემდეგ ტურში უნდა ველოდოთ. "სლავიამ" კი ჩემპიონატი საშინლად დაიწყო - სამ ტურში დედაქალაქის გუნდს მხოლოდ ქულა აქვს მოპოვებული.

ნორვეგიაში იმარჯვა გიორგი გოროზიას "სტაბეკმა", რომელმაც სტუმრად 2:0 დაამარცხა "სტრიომსგოდსეტი". ქართველი შესვენების შემდეგ გამოჩნდა მოედანზე, როცა ანგარიში გახსნილი არ იყო. "სტაბეკი" ჩემპიონატში მხოლოდ "რუსენბორგს" ჩამორჩება.

ლუკასი თასზე
გერმანიის თასის 1/32-ფინალი დაძლია ლუკას ჰუფნაგელის "ფრაიბურგმა", რომელმაც ნილს პეტერსენის პოკერის წყალობით, სტუმრად 5:0 მოუგო "ბარმბეკს".

დაბალი ლიგის გუნდის წინააღმდეგ ქართველი ნახევარმცველი 77-ე წუთზე (ამ დროისთვის ანგარიში უკვე 5:0 იყო) შეიყვანეს.

მეკარეს თავზე გადაუგდო...
დანიის სუპერლიგაში ქართველთა დუელი უნდა გვეხილა, მაგრამ მასპინძელი "ოდენსეს" ფორვარდი ლადო დვალიშვილი, ალბათ, წავა გუნდიდან. ის "ორჰუსთან" თამაშის განაცხადში საერთოდ არ ყოფილა.

სამაგიეროდ, პირველი 75 წუთი ითამაშა მათე ვაწაძემ "ორჰუსიდან" და ბოლო 6 წუთი მისმა თანაგუნდელმა დავით სხირტლაძემ.

მათემ 61-ე წუთზე ანგარიში 2:2 გახადა (შეხვედრა ასეც დასრულდა) და ამით გუნდს ქულა მოუტანა. ქართველმა შორეული პასი მიიღო, მეკარესთან პირისპირ გავიდა და ბურთი თავზე გადაუგდო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შეცვლამდე ვაწაძემ გაფრთხილებაც მიიღო. "ორჰუსმა" ბრწყინვალედ დაიწყო სუპერლიგა - 4 თამაშიდან 8 ქულა აქვს, მათეს ანგარიშზე კი უკვე 3 გოლია.

საფრანგეთის ლიგა 2-ში, ჯერჯერობით, არ ჩანს "პარიზის" მცველი ამირან სანაია, რომლის გუნდი სტუმრად "ტურს" დაუზავდა - 0:0.

კობახიძე რევიშვილთან
რუსეთის პრემიერლიგაში "ტერეკი" შინ "მორდოვიას" დაუზავდა - 0:0. მასპინძელთა რიგებში თედო გრიგალაშვილი ჯერაც ელის დებიუტს - ის სათადარიგო იყო, სტუმართა ახალწვეულმა ნუკრი რევიშვილმა კი კარი "მშრალად" შეინახა. მის ანგარიშზე 3 "სეივი" და გუნდში ყველაზე მაღალი შეფასებაა - 7,5 ბალი.

სასიხარულოა, რომ "მორდოვიას" რიგები კიდევ ერთმა ქართველმა შეავსო - მამუკა კობახიძე ჩემპიონატის განაცხადში მე-5 ნომრით შეიყვანეს.

მოსკოვის "სპარტაკმა" სტუმრად "კრილიას" ჯანო ანანიძის გარეშე (სათადარიგო) სძლია, ხოლო საბა კვირკველიას "რუბინი" "როსტოვს" დღეს ეთამაშება.

მიბაძეთ სანდროს!
უკრაინის პრემიერლიგის IV ტურში "ვოლინი" შინ 2:2 დაუზავდა "მეტალისტს". როგორც ჩანს, "დნიპრო" არ ჩქარობს სანდრო კობახიძის დაბრუნებას იჯარიდან - მასპინძელთა რიგებში სანდრომ პირველი 71 წუთი გაატარა.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე კობახიძე ორივე გუნდის მწვრთნელმა შეაქო. ვიტალი კვარციანიმ მთელი გუნდი გააკრიტიკა, მონდომებით მარტო კობახიძე თამაშობდაო, მეტოქის თავკაცმა კი განაცხადა, ახლა უკვე გასაგებია, რატომ სურს "დნიპროს" ქართველის დაბრუნებაო.

"სამწუხაროდ, ვერ გავიმარჯვეთ. "მეტალისტმა" კარგად ითამაშა, შეხვედრაც, მგონი, კარგი გამოვიდა. ბოლო დროს, სულ გახსნილი თამაშები გამოგვდის ამ მეტოქესთან. "დნიპრო"? ამის შესახებ არ ვფიქრობ, ჩემი მოტივატორი ფეხბურთია. ვგრძნობ, რომ კარგ ფორმაში ვარ. "დნიპროში" დაბრუნების შესახებ კი ბევრი არაფერი ვიცი", - განაცხადა კობახიძემ მატჩის შემდეგ.

ბედნიერი მამა
ლვოვის "კარპატიმ" შინ 4:0 გაანადგურა ოდესის "ჩერნომორეცი". გამარჯვებულთა რიგებში 90 წუთი ითამაშა ბუბა დაუშვილმა, რომელმაც გოლიც გაიტანა.

სტუმართა შორის კი 90 წუთი დაჰყო მოედანზე დავით ხოჭოლავამ. გიორგი გადრანი განაცხადშიც არ იყო.

მატჩის 92-ე წუთზე ბუბამ პენალტით გაიტანა გოლი. დაუშვილი შტატიანი პენალტისტი სულაც არ არის, მაგრამ თანაგუნდელებმა მას 11-მეტრიანის ნიშნულიდან დარტყმა იმიტომ დაუთმეს, რომ შვილი შეეძინა.

გატანილი გოლის შემდეგ უკრაინული გუნდის ფეხბურთელებმა ეს სასიხარულო ფაქტი, დაუშვილთან ერთად, ცნობილი ჟესტით აღნიშნეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ძალიან ბედნიერი ვარ. გოლს ჩემს ახალდაბადებულ შვილს, მარიამს ვუძღვნი. ისიც ძალიან მიხარია, რომ მოვიგეთ და მაღალი ხარისხის თამაშიც ვაჩვენეთ. პენალტის დარტყმა ბიჭებს ვთხოვე და მათაც დამითმეს. დარტყმის მომენტში მხოლოდ ჩემს შვილზე ვფიქრობდი, რომლის ნახვაც მალე მსურს", - განაცხადა მატჩის შემდეგ ჩვენებურმა.

ჯაბას გოლი, ჯაბას გამომშვიდობება?
გუშინ, 9 აგვისტოს, "ზორია" დონეცკის "ოლიმპიკს" იოლად გაუსწორდა - 4:0. უკრაინის მოქალაქე ზაურ მახარაძის კარში პირველი გოლი 43-ე წუთზე გავიდა და მისი ავტორი ჯაბა ლიპარტია იყო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ჩვენებური 54-ე წუთზე შეცვალეს. ეს 27 წლის გამთამაშებლის პირველი გოლია ჩემპიონატში. გასულ სეზონში მან სამჯერ აიღო მეტოქეთა კარი.

შესაძლოა, ტურის ცენტრალური მატჩი "დნიპროსა" და კიევის "დინამოს" შორის უკანასკნელიც იყოს ჯაბა კანკავას უკრაინულ კარიერაში. ქართველმა ნახევარმცველმა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა. ის შესვენებისას შეცვალეს. მატჩი კი "დნიპრომ" 1:2 დათმო.

გოგიას დებიუტი ნისლიან ალბიონზე
ინგლისში ქართველი ლეგიონერი ოფიციალურად არ არის, მაგრამ ჩემპიონშიფის ბინადარ "ბრენტფორდის" ქართველს, აკაკი გოგიას, რომელიც გერმანიის მოქალაქეა, ძალიან სურს საქართველოს სახელით თამაში.

როგორც ვიცით, ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებულია. ასე რომ, აკაკის თამაშს თვალი უნდა მივადევნოთ - "ბრენტფორდი" შინ "იფსვიჩს" 2:2 დაუზავდა. აკაკი გოგიამ მთელი თამაში მარცხენა ფლანგზე გაატარა. აღსანიშნავია, რომ მისი გუნდი 92-ე წუთამდე 0:2-ს აგებდა!

გოგიას პირველ ტაიმში შეეძლო გატანა, მაგრამ მის მიერ 20 მეტრიდან დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია.

მაკარიძის სეივები
პორტუგალიის რანგით მეორე დივიზიონში დაქვეითებულმა "ჟილ ვისენტემ" ჩემპიონატი საშინაო ფრით გახსნა "მაფრასთან" დაპირისპირებაში - 1:1. ავთო ებრალიძემ, რომელმაც ერთი კვირის წინათ ლიგის თასზე გაიტანა გოლი, ამჯერად 90 წუთი ითამაშა, მაგრამ თავი არ გამოუჩენია.

გიორგი მაკარიძის "ფეირენშე" კი ლისაბონის "სპორტინგის" დუბლშემადგენლობას ესტუმრა და 0:0 ითამაშა. ქართველმა გოლკიპერმა კარი "მშრალად" შეინახა და თან ორჯერ აშკარა გოლისგანაც იხსნა გუნდი.

მახარაძემ ისევ გაიტანა
უზბეკეთში კვლავ გაიტანა კახა მახარაძემ. მისმა "ფახთაქორმა" 4:1 გაანადგურა "კოკანდი". ლიდერს მახარაძე გოლით მატჩის მიწურულს შეეწია.

ფინეთის ჩემპიონატში იმარჯვა ირაკლი სირბილაძის (90 წუთი) კუპს-მა, რომელმაც შინ 2:0 მოუგო ჰიფკ-ს. გიორგი ოსიტაშვილის კტპ კი ერთ-ერთი აუტსაიდერია. ის სტუმრად "ილვესთან" 0:2 დამარცხდა. ჩვენებური სათადარიგო იყო.

ესტონეთში "ფლორა" ძველებურად ვეღარ დომინირებს. ამ ტურში ზაქარია ბეგლარიშვილის (90 წუთი) გუნდი შინ 2:3 დამარცხდა. "ნარვასთან" რუსეთის მოქალაქე ირაკლი ლოგუა 55-ე წუთზე ჩაერთო თამაშში, მაგრამ მასპინძლებს ვერ უშველა. "სილამიაე კალევის" რიგებში გოლი გაიტანა ირაკლი ჩემინავამ, რომელიც რუსეთის მოქალაქეა.

ლიტვაში ნიკა აფაქიძემ სათადარიგოთა სკამიდან უყურა, როგორ გაანადგურა მისმა "ტრაკაიმ" სტუმრად "შტუმბრასი" - 5:0.

ჩრდილოეთ ამერიკის სოკერ ლიგაში "სან ანტონიო" "ატლანტას" ესტუმრა. მატჩი უხვგოლიანი ფრით აღინიშნა - 3:3. სტუმართა რიგებში შეუცვლელად ითამაშა ზურაბ ცისკარიძემ.

ავსტრიაშიც ვართ!..
დაიწყო აზერბაიჯანის პირველობაც - პირველ ტურში დამარცხდა ზაურ სვანაძის "ინტერი", რომელმაც სტუმრად 0:2 დათმო "ხაზართან". "ინტერის" სასტარტოში იყვნენ ლაშა კასრაძე (გააფრთხილეს), ზურაბ ხიზანიშვილი და ნიკა კვეკვესკირი (მეორე ტაიმში შეცვალეს), გიორგი ლომაია კი სათადარიგო გახლდათ.

ნუგზარ კვირტიას აზალ-ი სტუმრად "ზირესთან" დამარცხდა - 0:1. კვირტიამ შეუცვლელად ითამაშა.

სომხეთში "განძასარში" ჩაირიცხა 25 წლის გოგიტა გოგიტაშვილი, რომელმაც გასულ სეზონში საქართველოს პირველ ლიგაში 19 გოლი გაიტანა. გოგიტაშვილი "ალაშკერტთან" მატჩში (0:0) სათადარიგო იყო.

"ულისში" სულ სხვა ქართველი ლეგიონერები არიან. "შირაქთან" 2:3-ზე წაგებულ შეხვედრაში დავით ლომაიამ (გააფრთხილეს) და ბესიკ ჩიმაკაძემ ითამაშეს შეუცვლელად.

ირაკლი კვეკვესკირის "მიკა" შინ 0:1 დამარცხდა "არარატთან". ქართველმა ნახევარმცველმა 90 წუთი ითამაშა (ყვითელი ბარათი).

ავსტრიულ რეგიონალლიგაში ქართული გოლი გავიდა - "ზალცბურგის" მეორე გუნდმა 4:2 მოუგო "კიცბიუელს", რომლის რიგებშიც 84-ე წუთზე ლუკა ძიძიგურმა გაიტანა.

მორიგი გოლი გაიტანა ფარერის კუნძულებზე მამუკა ტორონჯაძემ, მისმა "სუდუროიმ" კი "ტვოროირისთან" 2:2 ითამაშა. მამუკამ 38-ე წუთზე ანგარიში 2:0 კი გახადა, მაგრამ მასპინძლებმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლეს. მასპინძელთა დაცვის ხაზში, ჩვეულებისამებრ, ვალერი იობაშვილმა ითამაშა. ტორონჯაძემ 20 ტურში 7 გოლი გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული