სად აპირებს კარიერის გაგრძელებას დავით თარგამაძე?

AutoSharing Option
2011 წელს დავით თარგამაძე საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ის იყო იშვიათი ფეხბურთელი, რომელიც თემურ ქეცბაიას დროინდელ ეროვნულ ნაკრებს აცოცხლებდა და გვახსენებდა, რომ ქართველებს ძლიერი ინდივიდუალისტები კიდევ გვყავდნენ.

თარგამაძემ პირველივე თამაშით მოიგო ნაკრების მთავარი მწვრთნელისა და გულშემატკივრის გული, "ჯვაროსნების" ძირითად შემადგენლობაში იოლად დამკვიდრდა და მისი ერთ-ერთი ლიდერიც გახდა, მაშინ, როცა ეს ბევრ ცნობილ მოთამაშეს უჭირდა.

2011 წელს თარგამაძემ ქართველ ფეხბურთელებს შორის ყველაზე დიდი პროგრესი განიცადა, ყველაზე მეტად გაგვახარა და დაგვაიმედა, რომ ასეთი ფეხბურთელებით საქართველოს ნაკრები იმ ფეხბურთს შემოგვთავაზებდა, თითოეულ ჩვენგანს რომ
ენატრება...

ევრო 2012-ის შესარჩევი ციკლის ბოლო ტურში, საქართველო-საბერძნეთის შეხვედრას მისით დაინტერესებული კლუბების წარმომადგენლები დაესწრნენ, რაც ლოგიკური იყო - ერთსულოვანი შეფასებით, საქართველოს ნაკრების მიერ მანამდე გამართულ სამივე შეხვედრაში (პოლონეთთან, ლატვიასთან და მალტასთან) საუკეთესო გახლდათ - საუცხოო ტექნიკისა და სისწრაფის მქონე ინდივიდუალისტი თამაშს ამწვავებდა...

მაშინ ის უკრაინული "ოლექსანდრიას" ლიდერი და ჩვენი ქომაგების ერთ-ერთი უმთავრესი იმედი იყო. თარგამაძემ ბუნდესლიგის "ფრაიბურგიდან" წამოსვლით გამოწვეული ჩავარდნა დასძლია და მისით, ერთდროულად, "პორტუ", "შახტარი" და კიევის "დინამო" დაინტერესდნენ.

მაშინ შემტევი ნახევარმცველი 22 წლის იყო და "შახტარში" გადასვლა ამჯობინა, მაგრამ... წინსვლის ნაცვლად, კარიერა უკან-უკან წაუვიდა. დონბასელებმა თარგამაძე მარიუპოლის "ილიჩევეცში" გაანათხოვრეს, სადაც ბოლოს თითქმის ერთი წლის წინათ, 2014 წლის 29 აგვისტოს სწორედ დონეცკის "შახტარის" წინააღმდეგ ითამაშა. გუნდი იმავე წლის დეკემბერში დატოვა და მას მერე უგუნდოდაა.

ბევრმა გულშემატკივარმა თარგამაძე უკვე დაივიწყა, ნაწილს კი, შესაძლოა, ჰგონია, რომ ფეხბურთს შეეშვა. როგორც შევიტყვეთ, "ილიჩევეციდან" წამოსული თარგამაძე ბოლო ერთი წლის განმავლობაში "შახტარის" დუბლშემადგენლობასთან ერთად ვარჯიშობს.

ცხადია, მისი უგუნდობის მიზეზით დავინტერესდით. სიახლე ფეხბურთელის ძმამ, ირაკლი თარგამაძემ გვითხრა.

"დათოს ახალ გუნდში გადასვლას ცალკე "შახტარის" ხელმძღვანელობა ჰპირდებოდა, ცალკე - აგენტი, მაგრამ ეს ვერც ერთმა მოახერხა და ვერც - მეორემ. იყო პერიოდი, წელი აწუხებდა და ამიტომ საკმაო ხანი იყო გაჩერებული, მაგრამ ახლა ტრავმა მოირჩინა და ჩვეული დატვირთვით ვარჯიშობს.

"შახტარმა" ძალიან კარგი სამსახური გაუწია, რადგან ვარჯიშის საშუალება მისცა. სატრანსფერო "ფანჯარა" 31 აგვისტოს იხურება და დათო ახალ კლუბში იჯარით გადასვლას იმედოვნებს. უკრაინაში რამდენიმე გუნდია დაინტერესებული, მათ შორის, ზაპოროჟიეს "მეტალურგი" და, ალბათ, რომელიმეში გაანათხოვრებენ", - ამბობს ირაკლი თარგამაძე და იქვე გვიდასტურებს, რომ მისი ძმის აყვანით მინსკის "დინამო" და ბორისოვოს ბატე იყვნენ დაინტერესებულნი:

"დიახ, ასე იყო, მაგრამ ეს უკვე წარსულია. საბოლოოდ, მენეჯერი კლუბებს ვერ შეუთანხმდა და დათო უგუნდოდ დატოვა. არადა, ბელორუსული კლუბები კონტრაქტს სთავაზობდნენ. ასეა, აგენტმა ლამის დაღუპა. არადა, ხალხმა ეს არ იცის და ჰგონიათ, რომ ფეხბურთზე გული აიცრუა. დამიჯერეთ, ასე არ არის. დათო უგუნდობას ძალიან განიცდის და ნერვიულობს. ფეხბურთელისთვის უთამაშებლობა ყველაზე დიდი ტრავმაა და ცხადია, დღევანდელი ვითარება არ ახარებს, მაგრამ იმედი აქვს, რომ მალე ახალ გუნდში გადავა, ფორმასაც აღიდგენს და ნაკრებშიც დაბრუნდება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
კი ითამაშებს.... მაგრამ ან გუჩის მაღაზიაში, ან apple-ს მაღაზიაში ანდა რესტორანში სადმე
gakho
22:30 19-08-2015
0
ეს კიდევ თამაშობს? :) დედა რაღა ვქნა?
fanat
21:43 19-08-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული