უცნობი ქართველი ჰოლანდიაში - ვინ არის ნიკა ნიკურაძე?

AutoSharing Option
უცხოეთში მიმოფანტული ქართველების შესახებ არაერთხელ დაგვიწერია და ჩვენი ქვეყნის ბედუკუღმართობიდან გამომდინარე, ალბათ, კიდევ ბევრჯერ დავწერთ.

ამ თემას დღეს ერთ საინტერესო ფეხბურთელზე თხრობით განვაგრძობთ. როგორც შევიტყვეთ, 22 წლის ნიკა ნიკურაძე ამსტერდამის "აიაქსის" ახალგაზრდულ გუნდში ვარჯიშობს. ჩვენი დღევანდელი რესპონდენტიც სწორედ ის გახლავთ.

ვინ არის და როგორ მოხვდა ჰოლანდიურ გრანდში ფეხბურთელი, რომელსაც საქართველოში არ იცნობენ? ამის შესახებ ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

- მკითხველს ჯერ თქვენი თავი გავაცნოთ...
- 22 წლის ვარ, დაცვის ორივე ფლანგზე ვთამაშობ. სიმაღლით 187 სანტიმეტრი გახლავართ. წლინახევრის ვიყავი, ჩემი ოჯახი ჰოლანდიაში
რომ დასახლდა და იქ ვიზრდებოდი. 6 წლისა "ზეებურგიას" საფეხბურთო სკოლაში შემიყვანეს.

- "აიაქსის" რომელ გუნდში ხართ?
- დუბლებში, რომელიც მესამე გუნდად ითვლება და რანგით მესამე ლიგაში თამაშობს. ანუ აქ ასეთი ვითარებაა - კარგად ვინც ითამაშებს, აქვს შანსი, მეორე გუნდში დააწინაურონ ან ჰოლანდიის უკეთეს გუნდში მიიწვიონ. ეს საფეხბურთო ქვეყანაა და მონდომებული თუ ხარ, არ დაიკარგები.

- საქართველოში სად ვარჯიშობდით?
- მცირე ხნით ვიყავი ბოლნისის "სიონის" დუბლებში. პირველი შეხვედრა "ცხინვალთან" გვქონდა, რომელიც 3:1 მოვიგეთ, მე კი 2 გოლი გავიტანე. ცოტა ხანი "ცხინვალშიც" ვიყავი, მაგრამ ევროპაში მსურდა თამაში და რამდენიმე ქვეყანაში ვცადე კიდეც ბედი.

2011 წელს პორტუგალიაში, კერძოდ ფუნშალის "ნასიონალში" ვვარჯიშობდი, სადაც თავის დროზე ორი წელი კრიშტიანო რონალდო თამაშობდა... მაგრამ მენეჯერმა საქმე ვერ მოაგვარა და წამოსვლა მომიხდა.

2013 წელს საბერძნეთის მეორე ლიგის "იანიცაში" ვიყავი, ამ გუნდს დიდად არ ულხინდა და მალე დავტოვე. შემდეგი ერთი წელი ასევე საბერძნეთის, ოღონდ უკვე მესამე ლიგის "ლეფკადიაში" გავატარე. ჰოლანდიაში ამის მერე აღმოვჩნდი...

- ანუ, საქართველოში, ფაქტობრივად, არ გითამაშიათ...
- დიახ, ასეა. ისე, რომ იცოდეთ, "ზეებურგია" ამსტერდამში "აიაქსის" მერე ყველაზე ძლიერი გუნდი.

- ესე იგი, კარგ პირობებში იზრდებოდით...
- ეს მართლაც სხვა სამყაროა. ჰოლანდიელებმა ნიჭიერი ბავშვების გაზრდა იციან და შედეგებსაც ამიტომ აღწევენ. რომ გადახედოთ, რამდენი ვარსკვლავი ჰყავთ, თანაც ყველა ტოპლიგაში... ბუნებრივია, აქ ყოფნა მეც წამადგა.

- "აიაქსში" როგორღა მოხვდით?
- წლეულს, გაზაფხულზე, შერჩევები იყო და ჩემი მონაცემები გავგზავნე. მოულოდნელად, დადებითი პასუხი მოვიდა. არ ვტრაბახობ - პირველივე ვარჯიშზე თავი გამოვიჩინე და ამიყვანეს.

- რა ხნით გაგიფორმეს კონტრაქტი?
- პროფესიული კონტრაქტი ჯერ არ გამიფორმებია.

- აბა, გუნდში როგორ თამაშობთ?
- ჯერ სამოყვარულო კონტრაქტის საფუძველზე ვვარჯიშობ. "აიაქსის" მწვრთნელს ამ სეზონში უნდა დავანახვო, რომ აქ დარჩენას ვიმსახურებ.

- თქვენი აზრით, 22 წლის ასაკში მესამე გუნდიდან მთავარში მოხვედრის შანსი არსებობს?
- შანსი ყოველთვის არის, რადგან თამაშზე დიდი სახეები დადიან. ანუ ზუსტად ისე გვავარჯიშებენ და გვამზადებენ, როგორც ერედივიზიონის ფეხბურთელებს. ეს იმიტომ, რომ ნებისმიერ დროს ძლიერ გუნდში ან თავად "აიაქსში" შეიძლება გადავიდეთ და მომზადებულები უნდა ვიყოთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
წარმატებები ვუსურვოთ ამ ბიჭს, მალე აიაქსის ძირითადში გვენახოს!
georgiano
18:11 23-08-2015
0
წარმატებებს გისურვებ!!!
დათო
13:00 23-08-2015
0

სიახლეები პოპულარული