ლეგიონის უქმეები: ვაწაძეს და ყაზაიშვილს ისევ გააქვთ, მაკარიძე კვლავ გმირია! [VIDEO]

AutoSharing Option
10 ქართული გოლი, რომელთა უმეტესობა ეროვნული ნაკრების წევრთა გატანილია, პლუს, დუბლი იტალიის სერია A-ს დუბლიორთა პირველობაზე და ქართველი მეკარის გოლი პენალტის ნიშნულიდან პორტუგალიის თასზე - ასეთი ხვავრიელი გამოდგა ამ უქმეების ქართული ლეგიონი...

გერმანია. II ბუნდესლიგა. "ფრაიბურგმა" 5:2 გაანადგურა "ფიურტი". ლუკას ჰუფნაგელი სასტარტო იყო და ის 81-ე წუთზე შეცვალეს. გოლებში მონაწილეობა ჩვენებურს არ მიუღია. "ფრაიბურგი" ერთპიროვნული ლიდერია.

გიორგი ჭანტურიას "დუისბურგი" სტუმრად 0:1 დამარცხდა "ჰაიდენჰაიმთან". ქართველი შემტევი თამაშში 62-ე წუთიდან ჩაერთო. "დუისბურგის" მეორე ჩვენებური, ცენტრალური მცველი ლაშა დვალი კი ავად იყო.

III
ბუნდესლიგა.
"ვერდერის" დუბლები 2:6 განადგურდა "ჰალეშერთან", გიორგი პაპუნაშვილი განაცხადშიც კი არ ყოფილა.

ინგლისი. ჩემპიონშიპი. "ბრენტფორდს" ტრავმამოშუშებული აკაკი გოგია დაუბრუნდა (69-ე წუთიდან). ქართველის გუნდმა 2:1 მოუგო "როტერჰემს".

იტალია. სერია A. ლევან მჭედლიძე ტრავმირებულია და "ემპოლიც" მის გარეშე დამარცხდა სტუმრად "რომასთან" - 1:3.

ამასობაში კი, "ემპოლის" დუბლებმა "ნაპოლი" 4:0 დაამარცხეს. რომან ჭანტურიამ ორი გოლი და საგოლე პასი მიითვალა.

ლეგა პრო. კიდევ ერთხელ გაიტანა ირაკლი შეყილაძემ, რომლის "ტუტოკუოიო" "ლაკვილასთან" 1:1 დაზავდა. ირაკლი მოედანზე 59-ე წუთზე გავიდა და 71-ე წუთზე მან ანგარიში გახსნა.

საფრანგეთი. ლიგა 1. ჯაბა კანკავა დისკვალიფიცირებული იყო. მისმა "რეიმსმა" შინ "კაენთან" 0:1 წააგო.

ნასიონალი. ლუკა კიკაბიძე 53-ე წუთზე გამოვიდა, მაგრამ აუტსაიდერ "ბასტიას" ვერაფრით შეეშველა "შატორუსთან" თამაშში - 0:2.

პორტუგალია. დიდებულ ფორმაშია გიორგი მაკარიძე, რომლის "ფეირენშე" პორტუგალიის თასზე "ფამალიკაოს" ესტუმრა, 1:1 დაუზავდა და პენალტების სერიაში 5:4 მოუგო.

რამდენიმე დღი წინათ მაკარიძემ პენალტების სერიაში გუნდს პორტუგალიის ლიგის თასზე მოაგებინა.

"მაკარიძე ისევ გმირია", - ასეთი სათაური ჰქონდა სტატიას ოფიციალურ გვერდზე. მართლაც, მან ჯერ ბოლოსწინა პენალტი მოიგერია, მერე კი თავად გაიტანა გადამწყვეტი 11-მეტრიანი.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ავთო ებრალიძის "ჟილ ვისენტემ", ასევე თასზე, 2:1 დაამარცხა "ტონდელა".

ჰოლანდია. ქართველთა "ვიტესმა" 5:1 გაანადგურა "ზვოლე". ვაკო ყაზაიშვილმა 44-ე წუთზე სტუმართა მესამე გოლი გაიტანა (ჩემპიონატში ეს მისი მესამე გოლია). ის 74-ე წუთზე შეცვალეს. გურამ კაშიამ 90 წუთი ითამაშა და მის ანგარიშზე საგოლე პასია.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

თურქეთი. სუპერლიგა.
შოთა არველაძის გუნდი დღეს თამაშობს, ხოლო ნიკა ძალამიძის "რიზე" "ბეშიქთაშს" ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. ქართველი კვლავ სათადარიგოს როლს დააჯერეს.

I ლიგა. ალეკო ამისულაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, მისი "ქარშიაქა" კი "კარადემირთან" 1:2 დამარცხდა.

საბერძნეთი. სუპერლიგა. გიორგი მერებაშვილის (65-ე წუთზე შეცვალეს) "ვერია" შინ 0:1 დამარცხდა "ატრომიტოსთან".

ბელგია. ჟუპილერლიგა. "გენკმა", რომლის განაცხადში ქართველები (თორნიკე ოქრიაშვილი, ლუკა ზარანდია) არ ყოფილან, სტუმრად 1:0 მოუგო "ბევერენს".

პროქსიმუს ლიგა. ლევან შენგელიას გარეშე მოთამაშე "ტუბიცემ" სტუმრად "ჰაისტი" გაანადგურა - 6:1.

რუსეთი. პრემიერლიგა. საბა კვირკველიას (90 წუთი) "რუბინმა" "უფა" 3:1 დაამარცხა.

"სპარტაკი"-"ლოკომოტივი" (1:2) ტრავმირებული ჯანო ანანიძის გარეშე ჩატარდა.

გიორგი ლორია სათადარიგო იყო "კრილია სოვეტოვისა" და "ტერეკის" მატჩში (0:2). სტუმართა განაცხადში არ ყოფილა თედო გრიგალაშვილი.

უკრაინა. პრემიერლიგა. დავით თარგამაძის (76-ე წუთზე შეცვალეს) "ოლექსანდრიამ" 3:1 დაამარცხა სანდრო კობახიძის (90 წუთი) "ვოლინი".

"ჩერნომორეცმა" შინ "მეტალურგი" გაანადგურა - 5:2. გამარჯვებულთა რიგებში 90 წუთი ითამაშა დავით ხოჭოლავამ, გიორგი გადრანი კი არ გამოჩენილა.

ბუბა დაუშვილი 68-ე წუთზე ჩაერთო თამაშში, მისი "კარპატი" კი შინ 1:3 დამარცხდა "ვორსკლასთან".

ჯაბა ლიპარტია 73-ე წუთზე გამოვიდა, მისმა "ზორიამ" 2:1 მოუგო "ჰოვერლას".

დანია. სუპერლიგა. ქართველთა "ორჰუსმა" 3:0 მოუგო "ნორდსიელანდს". 45-ე წუთზე მათე ვაწაძემ ანგარიში 2:0 გახადა. ჩვენებური 87-ე წუთზე შეცვალეს. დავით სხირტლაძე განაცხადში არ იყო. ვაწაძემ ჩემპიონატში მეხუთე გოლი გაიტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ნორვეგია. ტიპელიგა. გიორგი გოროზიას (84-ე წუთიდან ითამაშა) "სტაბეკი" მოულოდნელად შინ 1:4 განადგურდა "ალესუნდთან", თუმცა მეორე ადგილი შეინარჩუნა.

ავსტრია. რეგიონალლიგაში მოთამაშე "კიცბიუელმა" 5:0 გაანადგურა "რაიხენაუ". ლაშა ძიძიგურმა ჰეთ თრიკი შეასრულა. 22 წლის ფორვარდს აქამდე 12 მატჩში ჰქონდა ამდენივე გოლი გატანილი.

ჩეხეთი. "იაბლონეცი" და "სლავია" უგოლოდ დაზავდნენ. სტუმართა ნახევარმცველი ლევან ყენია ტრავმირებულია.

სლოვაკეთი. "მიხოლავცემ" "სკალიცას" 3:1 მოუგო. გამარჯვებულთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა აკაკი ხუბუტიამ. ამ მოგებით ქართველის გუნდმა ბოლო ადგილს თავი დააღწია.

კვიპროსი. თემურ ქეცბაიას აპოელ-მა დერბიში 6:0 გაანადგურა აელ-ი.

ქართველთა "პაფოსმა" "ახნასი" 3:0 დაამარცხა. ნიკოლოზ გელაშვილმა ანგარიში მე-20 წუთზე გახსნა, მესამე გოლი კი ელგუჯა გრიგალაშვილის ანგარიშზეა, რომელიც მოედანზე 75-ე წუთზე გამოჩნდა. გელაშვილი 56-ე წუთზე შეცვალეს. 90-90 წუთი ითამაშეს როინ კვასხვაძემ, გია გრიგალავამ (გაფრთხილება) და ლევან ხმალაძემ (გაფრთხილება).

ქართველები "ახნასშიც" ირიცხებიან, ელგუჯას უფროსი ძმა - შოთა გრიგალაშვილი მოედანზე 63-ე წუთზე შევიდა, ხოლო ბექა ტუღუში ბოლომდე სკამზე დარჩა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ქართველთა "ანორთოსისის" თამაში "აპოლონთან" გადაიდო.

უჩა ლობჟანიძის (სათადარიგო) "ომონიამ" სტუმრად 1:0 დაამარცხა "ერმისი".

ალბანეთი. "ფლამურტარი" სტუმრად "ტირანას" დაუზავდა - 1:1. სტუმართა გოლი ბაჩანა ცხადაძის ანგარიშზეა. ეს მისი მე-4 გოლია ჩემპიონატში.

ფინეთი. ირაკლი სირბილაძის (მე-80 წუთზე შეცვალეს) კუპს-ი სტუმრად "როვანიემისთან" 1:2 დამარცხდა. გიორგი ოსიტაშვილის (სათადარიგო) კოოტეპე" სტუმრად დაუზავდა "ვაასას" - 1:1.

ლიტვა. ნიკა აფაქიძის (სათადარიგო) "ტრაკაიმ" 3:1 მოუგო "შტუმბრასს".

ესტონეთი. ზაქარია ბეგლარიშვილის (73-ე წუთზე შეცვალეს) "ფლორამ" სტუმრად "ნარვას" აჯობა - 3:1.

მოლდოვა. ქართველთა "საქსანი" შინ 0:0 დაუზავდა "მილსამის", ირაკლი გოგინაშვილი 71-ე წუთზე შეცვალეს. გიორგი სარჯველაძეს არ უთამაშია.

აზერბაიჯანი. აზალ-ი "ხაზართან" სტუმრად 1:3 დამარცხდა. წაგებულთა რიგებში სასტარტოში იყვნენ სანდრო გურული (75-ე წუთზე შეცვალეს) და ნუგზარ კვირტია.

ნიკა კვეკვესკირის გოლის წყალობით, "ინტერმა" სტუმრად "სუმგაითთან" არ წააგო - 1:1. გიორგი ლომაია და ზურაბ ხიზანიშვილი დისკვალიფიცირებულნი არიან და ზაურ სვანაძის გუნდს ვერ ეხმარებიან. "ინტერში" დაბრუნდა ლაშა სალუქვაძე, რომელმაც ამ სეზონში პირველად მოირგო გუნდის მაისურა. მან შეუცვლელად ითამაშა. კვეკვესკირმა ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა (ევროთასებზე ორი გოლი ჰქონდა გატანილი).
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სომხეთი. ირაკლი კვეკვესკირის (90 წუთი) "მიკა" შინ 0:1 დამარცხდა "შირაქთან". გიორგი კაჭკაჭიშვილი, დავით ლომაია და ბესიკ ჩიმაკაძე "ულისის" სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ "განძასართან" 0:0 დასრულებულ მატჩში.

უზბეკეთი. ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე კახა მახარაძის "ფახთაქორი" მეორე ადგილზე მყოფ "ლოკომოტივს" 4 ქულით უსწრებს. მორიგ ტურში "ფახთაქორმა" "სოგდიანა" დაამარცხა - 3:1. ქართველი ფეხბურთელი განაცხადში არ იყო (დისკვალიფიკაცია).

გიორგი კვესიეშვილის (სათადარიგო) "ყიზილყუმი" შინ 2:3 დამარცხდა "მაშალთან". ქართველი მცველის გუნდი მე-8 ადგილზეა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული