თემურ ფარცვანია: მზად ვარ, საქართველოს ნაკრების ღირსება დავიცვა!

AutoSharing Option
თემურ ფარცვანია 24 წლისაა. უთამაშია უკრაინის ყველა ასაკობრივ ნაკრებში. იყო ამ ნაკრებების კაპიტანი. თავის დროზე, კიევის "დინამოსა" და იქაური ფეხბურთის ერთ-ერთ მთავარ იმედად ითვლებოდა.

კიევის დინამოელთა დუბლშემადგენლობის ძირითადი ფეხბურთელიც გახლდათ. იქ 6 წელი ითამაშა. ამის შემდეგ გადავიდა ზაპოროჟიეს "მეტალურგში". ამას მოჰყვა ლუცკის "ვოლინში" გატარებული პერიოდი, ამჟამად კი დონეცკის "ოლიმპიკის" ერთ-ერთი ლიდერია...

ამასობაში, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი კახა ცხადაძე ქვეყნის მთავარი გუნდისთვის ახალ ფეხბურთელებს ეძებს. ოღონდ ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ ენდობა იმ მოთამაშეებს, ვისაც დღესდღეობით ნაკრებში იძახებს.

ელემენტარული ჭეშმარიტებაა -
ბოლომდე უნდა იქნას მოძიებული და გამოყენებული ის რესურსი, რომელიც ქართულ ფეხბურთს აქვს, მათ შორის - უცხოეთში მოთამაშე ის ფეხბურთელებიც, რომელთა სამშობლოს სამსახურში ჩაყენება შესაძლებელია.

უკვე ვწერდით, რომ ცხადაძე იყო უკრაინაში, სადაც ქართველი ლეგიონერების გარჯას მიადევნა თვალი. მათ შორის გახლდათ თემურ ფარცვანიაც, ვინც თავიდან ბოლომდე ითამაშა ხარკოვის "მეტალისტთან" მოგებულ (3:0) შეხვედრაში.

გუშინ "ლელო" უკრაინაში დაუკავშირდა ფარცვანიას და ინტერვიუ სთხოვა, რაზეც სიამოვნებით დაგვთანხმდა...

- თემურ, გაიხსენეთ, როგორ შემოვიდა ფეხბურთი თქვენს ცხოვრებაში? მშობლები როგორ უყურებდნენ თქვენს გატაცებას? ვინ იყო თქვენი პირველი მწვრთნელი? სწავლაში ხელს ხომ არ გიშლიდათ ფეხბურთი?
- ალბათ, 7-8 წლის ვიქნებოდი, როცა მამამ დამაინტერესა ფეხბურთით. ადრე თავადაც თამაშობდა ფეხბურთს. მსაჯიც იყო და ერთი ხანობა საკუთარი გუნდიც ჰყავდა...

ჩემი პირველი მწვრთნელი გახლდათ ელგუჯა ქომეთიანი. ის ფეხბურთზე უსაზღვროდ შეყვარებული ადამიანია. ჩემს წარმატებაში, ყველაფერში, რასაც დღემდე მივაღწიე, მას უდიდესი წვლილი მიუძღვის. ფეხბურთი ხელს არანაირად არ მიშლიდა სწავლაში, ყველაფერს ვასწრებდი...

- საინტერესოა, როგორ მოხვდით უკრაინაში?
- 14 წლისა ვიყავი, როცა ოჯახში გადავწყვიტეთ, რომ უკრაინაში მომესინჯა ძალები. სინჯებზე ჩამოვედი აქ და ღმერთის წყალობით, ამიყვანეს.

- გაიხსენეთ უკრაინაში თქვენი პირველი ნაბიჯები...
- დავიწყე თუ არა თამაში კიევის "დინამოს" საფეხბურთო აკადემიაში, მაშინვე უკრაინის ასაკობრივ ნაკრებში გამომიძახეს.

- ...და კიევის "დინამოში" როგორღა აღმოჩნდით?
- პატარაობიდანვე მინდოდა კიევის "დინამოს" საფეხბურთო სკოლაში მოხვედრა. ეს იყო ჩემი ოცნება. გაგახსენებთ, ეს ის პერიოდია, როცა კახა კალაძე "მილანში" სწორედ კიევის "დინამოდან" გადავიდა...

არ დავმალავ, თავიდან ძალიან გამიჭირდა. ჩემს პოზიციაზე დუბლშემადგენლობის კაპიტანი და ვიცე-კაპიტანი თამაშობდნენ წყვილში. რა თქმა უნდა, ეს არ იყო სახარბიელო მოცემულობა, მაგრამ არ გავტყდი და არ შევეგუე სიტუაციას. ნახევარ წელიწადში უკვე სხვა ვითარება იყო - ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გავხდი.

იქ ყველანაირი პირობა მქონდა შექმნილი პროგრესისთვის...

- თქვენ კიევის "დინამოს" დუბლშემადგენლობის ლიდერი იყავით. რატომ მოხდა ისე, რომ ამ გუნდის ძირითად შემადგენლობაში ვერ მოიკიდეთ ფეხი?
- 16 წლის ვიყავი, კიევის "დინამოს" პირველ გუნდთან ერთად რომ წამიყვანეს შეკრებაზე. მაშინ გუნდს იური სიომინი წვრთნიდა. დამთავრდა შეკრება, მოვიდა ჩემთან სიომინი და სალაპარაკოდ ცალკე გამიხმო.

მითხრა, ძალიან პერსპექტიული ბიჭი ხარ, ფიზიკურად კარგად გამოიყურები, მაგრამ ჯერ ადრეა შენთვის კიევის "დინამოს" ძირითადში თამაშიო... მერე ვალერი გაზაევი მოვიდა მთავარ მწვრთნელად და ისე მოხდა, რომ შანსი საერთოდ არ მომცემია. აი, ასე იყო...

- როგორც ჩანს, კიევის "დინამო" სხვა კლუბში სათამაშო პრაქტიკის მიღების სურვილით დატოვეთ. როგორ იხსენებთ ზაპოროჟიეს "მეტალურგსა" და ლუცკის "ვოლინში" გატარებულ პერიოდს?
- დიახ, სწორედ ამიტომ დავტოვე "დინამო". ზაპოროჟიეს "მეტალურგში" ყოფნისას გუნდის მთავარი მწვრთნელი ვიტალი კვარციანი იყო. ჩემ მიმართ ძალზე დადებითად გახლდათ განწყობილი. სულ ძირითადში ვყავდი, სულ მაძლევდა შანსს... ფეხბურთში ხშირად ხდება პარადოქსები - კვარციანი ზაპოროჟიედან წავიდა და ლუცკის "ვოლინს" ჩაუდგა სათავეში. წავედი ისევ კვარციანთან და ორი წელი ვითამაშე "ვოლინის" შემადგენლობაში. ძალიან კმაყოფილი ვარ იქ გატარებული პერიოდით - მწვრთნელის ნდობა და სათამაშო პრაქტიკა არც იქ მაკლდა...

- მოგვიყევით თქვენს ახალ კლუბზე, დონეცკის "ოლიმპიკსა" და მის ქართველ მეკარე ზაურ მახარაძეზე...
- ზაფხულში "ვოლინთან" კონტრაქტი დამიმთავრდა. გადავწყვიტე, გუნდიდან წავსულიყავი. შემოთავაზებები საკმარისად მქონდა. ყველას დონეცკის "ოლიმპიკი" ვარჩიე. ძირითადის ფეხბურთელი ვარ და არც სათამაშო ფორმას ვუჩივი ამ დროისთვის... რაც შეეხება ზაურ მახარაძეს, ძალიან პერსპექტიული ბიჭია. გადაჭარბების გარეშე ვამბობ - მას წინ დიდი მომავალი ელის! უკრაინულ ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მეკარეა. ქართული ჯერ არ იცის, მაგრამ თანდათან ვასწავლი (იცინის).

- უკრაინის 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონი გახდით...
- ეს იყო ჯერჯერობით ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა. მაშინ 18 წლის ვიყავი. ერთი წლით უფროსებში ვთამაშობდი და თანაც სულ სტაბილურად. მაშინდელი გრძნობა დღემდე მომყვება.

სიტყვებით ვერ აგიხსნით, ისეთი ბედნიერი ვიყავი...

- საქართველოში დაიბადეთ და გაიზარდეთ, ვიცით, რომ დღემდე ქართველობთ. თუ გიფიქრიათ საქართველოს ნაკრებში თამაშზე და თუ უყურეთ ჩვენი ეროვნული გუნდის მიერ გამართულ თუნდაც ბოლო შესარჩევ მატჩებს?
- რა თქმა უნდა, მიფიქრია საქართველოს ნაკრებში თამაშზე... მიფიქრია კი არა, ეს ჩემი დიდი ხნის ოცნებაა. ამას გულწრფელად გეუბნებით! საქართველოს ნაკრების ყველა თამაშს ვუყურებ დიდი ხანია... სხვა თუ არაფერი, ჩემი მეგობარი სანდრო კობახიძე თამაშობს იქ და როგორ გამოვტოვებ?!

ვუყურებ და გულიანად ვქომაგობ კიდეც. გერმანიასთან მატჩმა აშკარა პროგრესი დაგვანახვა. ჩვენმა ბიჭებმა მაგრად ითამაშეს, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მისსავე მოედანზე ძალიან ანერვიულეს - ეს არ არის პატარა ამბავი...

- იცით თუ არა, რომ "ოლიმპიკის" ბოლო მატჩს საქართველოს ნაკრების მწვრთნელი კახა ცხადაძე დაესწრო?
- მართალი გითხრათ, არც ვიცოდი, რომ კახა ცხადაძე იყო ჩამოსული. მატჩი რომ დასრულდა, ბიჭებმა მერე მითხრეს, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ესწრებოდა თამაშსო...

- შეთავაზების შემთხვევაში, მზად ხართ თუ არა დაიცვათ საქართველოს ნაკრების ღირსება?
- რა თქმა უნდა, მზად ვარ, დავიბრუნო საქართველოს მოქალაქეობა და დავიცვა ჩემი სამშობლოს ღირსება!

- თქვენ ბავშვობიდან ცენტრალური მცველი იყავით. მხოლოდ ამ პოზიციაზე თამაშობთ თუ?..
- არა, ბოლო სამი წელიწადია, მარჯვენა მცველად ვთამაშობ. მითამაშია ნახევარდაცვაშიც.

- საინტერესოა, რომელია თქვენი საყვარელი კლუბი, ნაკრები, ფეხბურთელი?
- ბავშვობიდან "ბარსელონას" ქომაგი ვარ. ნაკრებებს შორის ჩემი რჩეული ბრაზილიაა, ფეხბურთელებში - მესი.

2009 წელს უკრაინის 19-წლამდელთა ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის ფინალში, ინგლისის ნაკრებს 2:0 მოუგო. უკრაინელთა შემადგენლობაში თემურ ფარცვანიამ შეუცვლელად ითამაშა. გოლები გარმაშმა და კორიშკომ გაიტანეს. პირველი მათგანი დღეს უკრაინის ნაკრების ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია. მის გარდა, დღეს სხვადასხვა გუნდში მაღალ დონეზე თამაშობენ კრივცოვი, შახოვი, რიბალკა, შევჩუკი...

ინგლისის 19-წლამდელებშიც არაერთი ისეთი ფეხბურთელი ირჯებოდა, დღეს სერიოზული ფიგურები რომ არიან თავთავიანთ გუნდებში. მარტო კაილი უოლკერი და დენი უელბეკი რად ღირს. მათ გარდა, გამოვყოფდით კიერან ტრიპიერის, დენ გოსლინგს, დენი დრინკუოტერს, ნათან დელფუნესოს, ანდროს თაუნსენდს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩამოწერილ მოთამაშეებს ეძებს ცხადაძე თუ როგორაა ჩვენი საქმე? სხვა რო რა იყოს ამ ჯიმას ერთი 5 წელი მაინცა აქვს ნაჩალიჩები ეს ისე ჩვენში დარჩეს
ჯუმბერ მალანია
02:18 24-10-2015
0

სიახლეები პოპულარული