ლუგანსკელთა გამარჯვება ჯაბა ლიპარტიამ გამოჭედა, ვინც თამაშის დამთავრებამდე 17 წუთით ადრე შევიდა მინდორზე. მან პენალტი მოინადირა და მოწინააღმდეგე რიცხვნაკლული დატოვა.
გუშინ მას უკრაინაში დავუკავშირდით...
- იცოდით, რომ "ზორიას" ბოლო მატჩს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე უნდა დასწრებოდა?
- სიმართლე გითხრათ, თქვენგან მესმის პირველად. ძალიან გამახარეთ. დიდი სტიმულია ჩემთვის. ყველა ქართველი ფეხბურთელი იმიტომ თამაშობს, რომ ეროვნულ გუნდს გამოადგეს. ამაზე დიდი მიზანი ჩემთვის ფეხბურთში
- რას იტყვით "ჰოვერლასთან" შეხვედრაზე?
- ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა. მოწინააღმდეგე არ არის ძლიერი, მაგრამ ვერც სუსტს დაარქმევ. მთელი გუნდით დაცვაში გამაგრდნენ. არაერთი ფეხბურთელი ჰყავთ ნათხოვარი კიევის "დინამოდან".
- შეცვლაზე შეხვედით და პენალტი გამოიმუშავეთ, მოწინააღმდეგე კი კაცნაკლული დატოვეთ...
- რომ იტყვიან, იუველირული სიზუსტითო, სწორედ ასეთი პასი მომცა კარავაევმა. მეკარესთან პირისპირ გავედი, მაგრამ ბურთი ცოტა წინ გამიგორდა, დავეწიე, მოვატყუე მეკარე და მან წამაქცია. სულ ეს იყო...
- ჯაბა, ალბათ, უფრო მეტი სათამაშო დრო არ გაწყენდათ...
- ყველა ფეხბურთელს უნდა, რაც შეიძლება მეტი ითამაშოს. ჩემს შემთხვევაში ასეა - გუნდისთვის მნიშვნელოვან მოთამაშედ ვგრძნობ თავს და ამას მეუბნება ყველა, მათ შორის - სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლებიც.
- "ზორიადან" წასვლას ხომ არ აპირებთ?
- არა, 2017 წლამდე მაქვს კონტრაქტი. ჩემი უახლოესი მიზნები ისევ "ზორიას" უკავშირდება...
- და რა არის "ზორიას" მიზანი უკრაინის მიმდინარე ჩემპიონატში?
- უნდა დავიკავოთ ის ადგილი, რომელიც ევროტურნირებზე თამაშის საშუალებას მოგვცემს, მით უმეტეს, უკვე შევეჩვიეთ ევროთასებს.
- თუ უყურეთ საქართველოს ნაკრების ბოლო მატჩებს?
- ბუნებრივია, ვუყურე და მინდა ვთქვა, რომ შედარებაც არ არის წარსულთან. გერმანიას ასე შეუტიო და ამდენი მომენტი შეუქმნა, არ არის იოლი. თანაც, თამაშიდან თამაშამდე უკეთესობაა და ეს არა მხოლოდ ვიზუალურად, არამედ სტატისტიკურადაც. საქართველოს ნაკრებს მომდევნო ციკლშიც შეუძლია, გაახაროს გულშემატკივრები!
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"