შოთა არველაძე: დამირეკა "ტრაბზონსფორის" პრეზიდენტმა და მითხრა, რომ...

AutoSharing Option
თურქულ "ტრაბზონსფორს" ნამდვილად არ უდგას საუკეთესო დღეები. საშინაო ფრონტზე გუნდმა ზედიზედ ოთხი შეხვედრა წააგო და ამ დროისთვის სუპერლიგაში 10 ქულით მე-11 ადგილი უჭირავს.

თურქულ მედიაში არაერთხელ დაიწერა გუნდიდან შოთა არველაძის შესაძლო წასვლის თაობაზე. 42 წლის სპეციალისტს გუშინ "ლელო" თურქეთში შეეხმიანა და ინტერვიუ ჩამოართვა...

- ყველა გუნდის ცხოვრებაში არის უიღბლო პერიოდები. თქვენი "ტრაბზონსფორი", თითქოს, ცუდად არ თამაშობს, მაგრამ ფაქტია, ზედიზედ ოთხჯერ დამარცხდა...
- უნდა დაგეთანხმოთ. ბოლო შეხვედრებში მართლაც არ გვითამაშია ცუდად, მაგრამ საბოლოო შედეგი ტაბლოზე ჩანს და ესაა მთავარი.

- ...მაგრამ
ყველანაირ კრიზისს აქვს დასასრული...

- მეც ამის მჯერა. მთავარია, ეს პერიოდი როგორმე გადავაგოროთ და მწამს, ამის შემდეგ ყველაფერი კარგად აეწყობა. ვმუშაობთ შეცდომების გამოსწორებაზე და ამან შედეგი აუცილებლად უნდა გამოიღოს.

- კლუბის ხელმძღვანელობას თუ ესაუბრეთ თქვენი მომავლის თაობაზე?
- ასეთი საუბარი არ ყოფილა. დამირეკა პრეზიდენტმა და მითხრა, რომ ნდობას მიცხადებს, რადგან სჯერა ჩემი...

- თურქულმა მედიამ დაწერა, რომ კლუბის საბჭოს სხდომა გაიმართა და სწორედ ამ სხდომაზე გადაწყდა არველაძის დარჩენა "ტრაბზონსფორში"...
- არა, მსგავსი არაფერი ყოფილა...

- მაშ, რა ხდება?
- ჩვეულებრივად ვაგრძელებ მუშაობას, დიდ ნდობას ვგრძნობ. უბრალოდ, სხვამ რაც უნდა თქვას, ოთხ თამაშს რომ წააგებ, შინაგან დისკომფორტს გრძნობ. ჩვენ ხომ ყველას გვაქვს ჩვენი შინაგანი ხმა... რასაც არ უნდა დავაბრალოთ წარუმატებლობა - იღბალს, მსაჯებს თუ გამოუყენებელ მომენტებს, ფაქტი ერთია - ზედიზედ ოთხი თამაში წავაგეთ. არადა, ამ ოთხ თამაშში, სულ ცოტა, 4 ქულა თავისუფლად უნდა აგვეღო.

- ფეხბურთელებს ასეთი შედეგის გამო გული ხომ არ გაუტყდათ?
- რა თქმა უნდა, წარუმატებლობა ფეხბურთელს კვალს ამჩნევს, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ეს ჩავარდნა დასრულდება, მით უმეტეს, თუნდაც იმ ოთხ წაგებულ შეხვედრაში ჩვენ მიერ ნაჩვენები თამაში იძლევა ამის საფუძველს.

- ალბათ, "ტრაბზონსფორისთვის" განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება თურქეთის ჩემპიონატის მომავალი ტურის შეხვედრას...
- ცხადია. შაბათს გასვლაზე "სივასს" ვეთამაშებით. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ.

- შეიძლება მთლად ეთიკური კითხვა არ არის, მაგრამ მაინც - ვუყურებ "ტრაბზონსფორის" ბოლო თამაშებს და მექმნება შთაბეჭდილება, რომ გუნდი, ფაქტობრივად, მეკარის გარეშე თამაშობს...
- არა, მე ასე არ ვიტყოდი... შეცდომა ყველას მოსდის. ასე თუ მივუდგებით, ფორვარდმა პენალტი ვერ გაიტანა... ეგ არის, რომ ფეხბურთში მეკარის შეცდომა უფრო ჩანს ხოლმე.

- საქართველოს ნაკრებზეც უნდა გკითხოთ. გერმანიასთან მატჩს ნახავდით...
- ეროვნულ გუნდში მოვიდა ახალი მწვრთნელი ახალი იდეებით. ამან გაამართლა. მეც იმას ვიტყვი, რასაც ქართველ ქომაგთა უმრავლესობა ფიქრობს - პროგრესი სახეზეა. მომავალ, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჩვენ გამართულად მოთამაშე ნაკრები გვეყოლება. ამაში დარწმუნებული ვარ. მთავარია, გვქონდეს იღბალი, რომელიც ნებისმიერ გუნდს სჭირდება წარმატების მისაღწევად. ავიღოთ უკრაინის ნაკრებთან მატჩი. ცხადაძის გუნდმა ყველაფერში აჯობა ძლიერ მოწინააღმდეგეს, მაგრამ მაინც წააგო.

მოკლედ, დიდი იმედი მაქვს ჩვენი ნაკრების - ამას გულწრფელად ვამბობ! ამ გუნდს შეუძლია, ქართველი გულშემატკივარი გაახაროს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ სტატიაზე გუშინ კომენტარი დავტოვე და არ გამოაქვეყნეს...
zura kiknavelidze
13:30 24-10-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული