ლეგიონი გუშინ: სანდრო კობახიძის დუბლი უკრაინის თასზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 28 ოქტომბერს, ქართველთა გუნდებმა სათასო და ჩემპიონატის მატჩები ჩაატარეს.

უკრაინის თასზე საპასუხო მერვედფინალური მატჩები გაიმართა. ლუცკის "ვოლინმა" შინ 5:0 (პირველი მატჩი - 2:0) მოუგო "მიკოლაივს". დუბლი შეასრულა სანდრო კობახიძემ და სრულადაც ითამაშა.

დავით თარგამაძის "ოლეკსანდრიამ" 2:0 მოუგო "ზირკას" და მეოთხედფინალში გავიდა (პირველი მატჩი - 1:1). თარგამაძის აქტივში საგოლე პასია. ის 72-ე წუთზე შეცვალეს.

პირველ მატჩში 2:0 გამარჯვების შემდეგ, "დნიპრო" დონეცკის "ოლიმპიკს" დაუხვდა და ეს თამაშიც მოიგო - 3:2. "ოლიმპიკში" ითამაშა თემურ ფარცვანიამ.

* * *
რუსეთის თასის მერვედფინალში ხაბაროვსკის "სკა
ენერგია" გასვლაზე "უფასთან" დამარცხდა - 0:1. ხაბაროვსკელთა რიგებში კახა ალადაშვილმა 90 წუთი ითამაშა. "სკა ენერგია" თასის გათამაშებას გამოეთიშა.

გროზნოში "ტერეკმა" დამატებით დროში 2:1 მოუგო "ხიმკის". არ უთამაშია გროზნოელთა ქართველ ლეგიონერ თედო გრიგალაშვილს, ვინც თბილისშია და სავიზო პრობლემებს აგვარებს.

კრასნოდარში "ყუბანი" მოსკოვის "სპარტაკს" დაუპირისპირდა, 1:0 მოუგო და თასიდან გამოთიშა. ჯანო ანანიძემ ახლახან განაახლა ვარჯიში და, ცხადია, არ უთამაშია.

* * *
გერმანიის თასზე "ფრაიბურგმა" შინ 0:3 წააგო "აუგსბურგთან" და ტურნირს დაემშვიდობა. წაგებულთა შორის 77-ე წუთიდან ითამაშა ლუკა ჰუფნაგელმა.

* * *
საბერძნეთის თასი ჯგუფური სისტემით მიმდინარეობს. გიორგი მერებაშვილის "ვერია" შინ დაუპირისპირდა "ატრომიტოსს" და 2:2 ითამაშა. მერებაშვილმა მინდორზე 90 წუთი გაატარა.

* * *
თურქეთის ჩემპიონატში დაზავდნენ "ქაისერისფორი" და "რიზესფორი". სტუმართა შორის არ უთამაშია ნიკა ძალამიძეს.

შოთა არველაძის "ტრაბზონსფორმა" საკუთარ მოედანზე ვერ დაძლია "გაზიანთეფის" წინააღმდეგობა - 2:2. აღსანიშნავია, რომ მეორე ტაიმის დასაწყისში შოთას შეგირდები 0:2-ს აგებდნენ.

* * *
აზერბაიჯანის ჩემპიონატის მორიგ ტურში აზალ-ი სტუმრად დაუპირისპირდა "გაბალას". შეხვედრა 0:0 დასრულდა. აზალ-ის ძირითად შემადგენლობაში ითამაშეს ქართველებმა - სანდრო გურულმა და ნუგზარ კვირტიამ. გურული 24-ე წუთზე შეცვალეს, კვირტიამ კი თავიდან ბოლომდე ითამაშა და ყვითელი ბარათიც მიიღო.

ბაქოს დერბიში "ნეფთჩი" და "ინტერი" დაზავდნენ - 1:1. "ინტერში" სრულად ითამაშეს ნიკა კვეკვესკირმა და ლაშა სალუქვაძემ, გიორგი ლომაია სათადარიგო იყო, ლაშა კასრაძე განაცხადში არ ყოფილა, ზურაბ ხიზანიშვილმა კი დისკვალიფიკაციის გამო იუქმა.

* * *
ფინეთის ჩემპიონატის პლეი ოფში, უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლი "კოოტეპე" გასვლაზე შეხვდა "ვანტაას"და უგოლოდ დაშორდა. სტუმართა რიგებში სათადარიგო იყო გიორგი ოსიტაშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული