გიორგი ლორია: აქ სკამზე ჯდომისთვის არ ჩამოვსულვარ!

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების 29 წლის მეკარე გიორგი ლორია რუსულ "კრილია სოვეტოვში" ახლახან გადავიდა, სადაც სადებიუტო მატჩი 29 ოქტომბერს ჩაატარა - რუსეთის თასის 1/8-ფინალში, მოსკოვის "დინამოსთან" (0:1).

ლორია იყო ბერძნული ფეხბურთის გრანდ "ოლიმპიაკოსში", მანამდე კი ოფი-ში, საიდანაც ფინანსური კრიზისისა და გუნდის დაშლის გამო წამოვიდა...

"კრილიაში" ლორიას ტრანსფერი თითქმის უკვე დახურული თემა იყო, როცა საქართველოს ნაკრების მეკარით თვით "ჩელსი" დაინტერესდა. დღესდღეობით კი ლორია ახალ კლუბში ადგილის დასამკვიდრებლად იბრძვის. მასთან სალაპარაკო ბლომად დაგროვდა და ამიტომაც შევეხმიანეთ სამარაში.

გიორგი ლორიასთან საუბარი ეროვნული ნაკრების თემით
დავიწყეთ. ყველა ამბობს, რომ ქვეყნის პირველ გუნდს პროგრესი ეტყობა. მაინც, რაში?

"რასაც მწვრთნელი ითხოვს, იმას გუნდი უკეთ ასრულებს, ვიდრე ადრე. ნაკრებს და მწვრთნელს ბოლომდე ესმით ერთმანეთის და ეს ძალიან კარგია. გუნდი ტაქტიკურად უკეთ ასრულებს დავალებას და ეს თანამედროვე ფეხბურთში უმნიშვნელოვანესია.

ერთსაც ვიტყვი - საქართველოს ნაკრებს საკმაოდ მაღალი კლასის ფეხბურთელები ჰყავს", - გვეუბნება ეროვნული გუნდის გოლკიპერი.

ქართველი ქომაგი იმედით ელის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს, რომელიც 2016 წლის სექტემბერში დაიწყება. ჯგუფი ისეთია, რომ წარმატებაზე ფიქრი უტოპია სულაც არ უნდა იყოს...

"მიმაჩნია, რომ ჩვენ შეგვიძლია კარგად ვითამაშოთ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში. ამას რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობა სჭირდება. იმედი ნამდვილად არის. ფეხბურთელებიცა და ქომაგიც ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი", - ესეც ლორიას აზრია.

დავინტერესდით, რა მოხდა "ოლიმპიაკოსში"? რატომ მოუხდა ჩვენებურს ბერძნული გრანდის დატოვება, სადაც დიდი იმედით მივიდა?

"ბევრი ფაქტორი იყო თავმოყრილი და საბოლოო ჯამში, ამის გამო წამოვედი "ოლიმპიაკოსიდან". ძალიან გრძელი ამბავია და თქვენის ნებართვით, ამ თემას აღარ ჩავუღრმავდები, მით უმეტეს, ეს უკვე წარსულია...

რა თქმა უნდა, "ოლიმპიაკოსი" დიდი კლუბია, გრანდია. მინდოდა ამ გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგაში თამაში. დიახ, თამაში და არა - თამაშის სათადარიგოთა სკამიდან ყურება...

შეიძლებოდა, მოვლენები სხვანგვარად დასრულებულიყო, მაგრამ ყველამ იცის, რა შედეგიც მივიღეთ", - გვეუბნება ლორია.

ის უკვე "ოლიმპიაკოსის" ფეხბურთელი იყო, როცა კინაღამ "ტრაბზონსფორში", შოთა არველაძესთან აღმოჩნდა. ლორიამ ამ ჩაშლილ ტრანსფერზეც გვითხრა:

"კი, იყო "ტრაბზონსფორის" ვარიანტი და ესეც "ოლიმპიაკოსთანაა" კავშირში. შოთა არველაძეს ველაპარაკე. ყველაფერზე შეთანხმებული ვიყავით და რომ მეგონა, ტრანსფერს წინ არაფერი დაუდგებოდა, ბოლო წამს ყველაფერი ჩაიშალა. ძალიან დამწყდა გული, ფაქტობრივად, სტრესი მივიღე".

მივედით "კრილია სოვეტოვამდე". საინტერესოა, როგორ მოხვდა ლორია სამარულ კლუბში?

"ამ თემაზე ზურაბ წიკლაურს ველაპარაკე. მერე ის ლევან სილაგაძეს დაუკავშირდა...

იყო გერმანიის მეორე ბუნდესლიგის კლუბ "დუისბურგის" ვარიანტიც. სილაგაძეს ყოველდღე ურეკავდნენ გერმანული კლუბიდან... მაგრამ ახლა "კრილიაში" ვარ და ჩემი გეგმები მხოლოდ ამ გუნდს უკავშირდება".

თუ არ ჩავთვლით სათასო მატჩს, ლორია ჯერჯერობით სათადარიგოა "კრილია სოვეტოვში". ის ახალ ჩემპიონატსა და გარემოს ეჩვევა, თუმცა ეროვნული გუნდის მეკარე სათადარიგოთა სკამისთვის არ გვემეტება.

"მე აქ სათადარიგოებში ჯდომისთვის არ ჩამოვსულვარ. სავარაუდოდ, მალე დავდგები ძირითადში. საამისოდ, ძალ-ღონეს არ ვიშურებ და თავდაუზოგავად ვვარჯიშობ.

მთავარ მწვრთნელსაც ვესაუბრე. მართლა ყველაფერს ვაკეთებ სასტარტოში მოსახვედრად და აქ რომ ჩამოვედი, შეთანხმებაც ისეთი იყო, რომ პირველი ნომერი მე უნდა ვყოფილიყავი".

გიორგი ლორია და "ჩელსი" - ამის თაობაზე ისაუბრეს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ და "კრილიას" ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ზურაბ წიკლაურმა. ახლა თავად ლორიას მოვუსმინოთ:

"მართალია, იყო "ჩელსისგან" ინტერესი. თავდაპირველად, მე ვერ დამიკავშირდნენ... სხვათა შორის, გურამ კაშიასა და "გენკის" ქართველებსაც ჰკითხეს აზრი ჩემზე.

საბოლოოდ, დამიკავშირდა "ჩელსის" ტექნიკური დირექტორი მაიკლ ემენალო და მითხრა, რომ ძალიან უნდათ ჩემი ჩაყვანა ლონდონში. მანვე განმიცხადა, რომ ბოლომდე ვაკმაყოფილებ ისეთი მაღალი დონის გუნდის მოთხოვნებს, როგორიც "ჩელსია".

როგორც გაირკვა, ჟოზე მოურინიოს უნახავს ჩემი თამაშები და ძალიან მოვწონებივარ. ემენალომ მითხრა - გელოდებით, ერთ კვირაში ჩამოდიო. ვერ წავედი და აქ იყო ორი მთავარი მიზეზი: ფიფას რეიტინგში საქართველოს ნაკრების მდგომარეობა და საპასპორტო თემა...

სანამ "კრილიაში" წამოვიდოდი, "ნოტინგემიდანაც" მქონდა შეთავაზება. იქაც ზუსტად ამ მიზეზის გამო ვერ მოვხვდი. შეთავაზება ძალიან სერიოზული იყო და რომ არა ეს პრობლემა, არც "კრილია" და არც "ჩელსი" - ახლა "ნოტინგემში" ვიქნებოდი".

დაბოლოს, გიორგი ლორიას ნუკრი რევიშვილთან სანაკრებო კონკურენციაზე ვკითხეთ. რევიშვილი და ლორია მეგობრები არიან. საქართველოს ნაკრებს კი ორი უმაღლესი კლასის მეკარე ჰყავს...

"ნუკრი ჩემი მეგობარია, არაჩვეულებრივი ადამიანი და ასევე არაჩვეულებრივი მეკარეა. ძალიან ძლიერად ითამაშა გერმანიასთან მატჩში.

მჯერა, ისევ დაიბრუნებს ადგილს "მორდოვიას" ძირითად შემადგენლობაში", - აქ დავამთავრეთ საუბარი ლორიასთან და წარმატებები ვუსურვეთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ხო აბა მაურინიოს ნდომოდა და პასპორტი შეგიშლიდა ხელს ზუსტად :D:D:D:D
0
ჩელსიში იქნებოდა ბეგოვიჩის ზაპასი. ნოტინგემი კი მართლაც კარგი იკნებოდა
aristokrat
12:24 01-11-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული