მახარაძე გუნდის კაპიტანია და "ფახთაქორის" წარმატებაში მისი წვლილი ძალიან დიდია. "ლელო" უზბეკეთის დედაქალაქში შეეხმიანა და ინტერვიუ სთხოვა:
- 20 ნოემბერს ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩი გვაქვს "ანდიჟონთან". თუ მოვიგებთ, კონკურენტი "ლოკომოტივის" თამაშის შედეგს აღარ ველოდებით და ჩემპიონები გავხდებით. ვფიქრობთ, მოვახერხებთ გამარჯვების მოპოვებას, მაგრამ ეს ფეხბურთია და ყველა მოწინააღმდეგესთან ბოლომდე უნდა იყო
- სეზონით კმაყოფილი ხართ? გარკვეული დროის განმავლობაში ტრავმებმა იძულებით დაგასვენათ...
- უზბეკეთის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ ვხდები და ეს ძალიან სასიამოვნოა. დიახ, იყო ტრავმები და იძულებითი შესვენებაც, მაგრამ ეგ არაფერი. ეს ფეხბურთის ნაწილია. მთავარია, ახლა ყველაფერი კარგადაა.
- ზოგადად, როგორ შეაფასებთ უზბეკეთის ჩემპიონატის დონეს?
- ნორმალური დონეა. აზიური მასშტაბით, აქაურ ჩემპიონატს კარგი რეიტინგი აქვს. დაძაბულობაა ცხრილის თავშიც და ბოლოშიც. დაახლოებით 6-7 გუნდი ძალიან კონკურენტუნარიანია.
- ხომ არ მოვიდა დრო, უფრო მაღალ დონეზე მოსინჯოთ ძალა, ვიდრე უზბეკეთის ჩემპიონატია?..
- დიდი სიამოვნებით! ეს მეც ძალიან მინდა, მაგრამ ჯერჯერობით, კონკრეტული არაფერია.
- "ფახთაქორთან" კონტრაქტი როდის გიმთავრდებათ?
- წლის ბოლოს. ვნახოთ, რა იქნება. ჯერჯერობით, არც მე ვარ ჩამოყალიბებული საკუთარ მომავალთან დაკავშირებით...
- თქვენ მიმართ ინტერესი თუ არის?
- ჯერ მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ უზბეკეთის ჩემპიონატის მონაწილე რამდენიმე კლუბს უნდა ჩემი გადაბირება.
- მაშ, მოლოდინის რეჟიმში ხართ?
- ასეა. იმედია, ყველაფერი მალე გაირკვევა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"