ახლა ვერ ავიბარგებოდი და ვერ წავიდოდი პეკინში... შოთამ "რუბინსაც" უარი უთხრა

AutoSharing Option
შოთა არველაძე ახლა თურქეთშია. შეგახსენებთ, გუშინწინ აზერბაიჯანულმა საინფორმაციო საშუალებებმა ჩვენთვის მეტად საგულისხმო ცნობა გაავრცელეს, თითქოსდა, 42 წლის ქართველი სპეციალისტი შეიძლება ბაქოს "ნეფთჩის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნოს...

"ნეფთჩი" სერიოზულ გეგმებს ისახავს. აზერბაიჯანის მიმდინარე ჩემპიონატში არცთუ დამაჯერებლად მოთამაშე ტრადიციული კლუბი მალევე აპირებს დაკარგული პოზიციების დაბრუნებას. ის კი არა, კლუბის ხელმძღვანელობა ღიად აცხადებს, რომ სამ წელიწადში "ნეფთჩი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე უნდა მოხვდეს...

შოთამ აზერბაიჯანული შეთავაზება იუარა. სანდო წყარომ გვაცნობა, რომ არველაძეს ძალიან საინტერესო შეთავაზებები ჰქონდა და აქვს რუსეთიდან, თურქეთიდან, ყაზახეთიდან და... თქვენ წარმოიდგინეთ,
ჩინეთიდანაც კი, სადაც ამ ბოლო დროს ფეხბურთში ძალიან დიდი ფული იდება.

საინტერესო იყო ამ ყველაფერზე თავად შოთა არველაძის კომენტარი. გუშინ "ლელომ" მასთან მცირე ინტერვიუ ჩაწერა.

- ვიცით, რომ "ნეფთჩის" ხელმძღვანელობასთან სატელეფონო საუბარი გქონდათ...
- ჩვენ ერთმანეთს შევხვდით თურქეთში. სერიოზული შემოთავაზება იყო, მაგრამ ყველაფერი საუბრის დონეზე დარჩა. აღარ შევყოლილვარ ღრმად... საბოლოოდ, ასე გამოვიდა.

- რამ განაპირობა თქვენი უარი?
- მოკლედ რომ ვთქვათ, ამ ეტაპზე არ ჩავთვალე საჭიროდ ასეთი ნაბიჯის გადადგმა.

- როგორც თქვით, ბაქოელებისგან სოლიდური შემოთავაზება იყო. ამბობენ, "ნეფთჩის" ხელმძღვანელობას ამბიციური პროექტი აქვსო...
- კი, ასეა... მაგრამ, როგორც გითხარით, ამ ეტაპზე უარის თქმა მიჯობდა.

- თუ არის ამ დროისთვის რომელიმე ისეთი ვარიანტი, ყველაზე მეტად რომ ფიქრობთ?
- სიმართლე გითხრათ, ახლა ნამდვილად არაფერზე ვფიქრობ, ვისვენებ. ჩემი ყველაზე დიდი სურვილია, თბილისში ჩამოვიდე და ახალი წლის დღეები საქართველოში გავატარო.

- ჩინეთიდან მართლა იყო შემოთავაზება?
- იყო, უმაღლესი ლიგის კლუბი დამიკავშირდა, პეკინიდან...

- იქაურ ფეხბურთში სერიოზული ინვესტიციები იდება...
- ეს გასაგებია, მაგრამ ვერ ავიბარგებოდი ახლა და ვერ წავიდოდი პეკინში სამუშაოდ...

- ვიცით, რომ რუსული კლუბის გაწვრთნის ვარიანტიც იყო...
- იყო და ამაზე "ლელოში" სტუმრობის დროსაც ვთქვი, მაგრამ ახლა აღარ არის ეს თემა აქტუალური... აღარ ღირს ამაზე ლაპარაკი.

- თუ ჩავლილი თემაა, იქნებ ახლა მაინც გაგვიმხილოთ საიდუმლო. საინტერესოა, რომელი რუსული კლუბისგან მიიღეთ წინადადება?
- მგონი, აღარ აქვს ამაზე ლაპარაკს აზრი...

* * *
"ლელომ" სანდრო წყაროებით შეიტყო, რომ შოთა არველაძის სამსახურით ყაზანის "რუბინი" იყო დაინტერესებული. ახლა ყაზანელებს ვალერი ჩალი წვრთნის. როგორც იცით, ამ გუნდში საქართველოს ნაკრების 23 წლის მცველი საბა კვირკველია თამაშობს. ასე რომ, ამ ეტაპზე შოთასა და კვირკველიას თანამშრომლობა არ შედგება...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
არ სურდა ჰო საუბარი, რას შეუკიტინეთ მერე. კიდე დაიწყებენ გვერჩიან ჭურნალისტებსო
giga
14:58 10-12-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული