ბუბა დაუშვილი: ვინც ფეხბურთი იცის, ამაში ბოლომდე დამეთანხმება...

AutoSharing Option
უკრაინაში სეზონის პირველი ნახევარი დასრულდა და საქართველოს ეროვნული ნაკრების 26 წლის საყრდენი ნახევარმცველი, ლვოვის "კარპატის" მოთამაშე ბუბა დაუშვილი შვებულებაშია.

ამ დროისთვის, ეს გუნდი უკრაინის პრემიერლიგაში მერვე ადგილზეა, ქართველი კი ლვოველთათვის შეუცვლელი ფიგურაა.

"ლელო" ბუბა დაუშვილს დაუკავშირდა და ინტერვიუ სთხოვა...

- უკრაინის ჩემპიონატში "კარპატი" მერვე ადგილზეა. როგორ ფიქრობთ, ბოლომდე შესრულდა დასახული გეგმა?
- კლუბის ხელმძღვანელობამ სეზონის დაწყების წინ გეგმად ხუთეულში მოხვედრა დაგვისახა. ახლა მერვე პოზიციაზე კი ვართ, მაგრამ პირველ ხუთეულთან არ არის დიდი ჩამორჩენა, თან მთელი მეორე წრეც წინაა. ჩემი აზრით,
გუნდს შესწევს იმის ძალა, რომ სეზონის მეორე ნახევარში უკეთ ითამაშოს და ცხრილში უფრო მაღალი ადგილი დაიკავოს.

- საინტერესოა, "კარპატისთან" კონტრაქტი როდემდე გაკავშირებთ?
- მომავალი წლის მაისამდე. კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ თავისუფალი აგენტი ვიქნები.

- გამორიცხულია, რომ კლუბი შეიცვალოთ?
- გამორიცხვით არაფერს გამოვრიცხავ. ეგაა, ამ ეტაპზე არ არის კონკრეტული შეთავაზება. ვნახოთ, რა იქნება სატრანსფერო პერიოდის დასრულებამდე.

- ომი და უკრაინის ჩემპიონატი ბოლო დროს განუყოფელი თემაა. ცხადია, ტრაგიკულმა მოვლენებმა დიდი კვალი დაამჩნია პირველობას...
- რა თქმა უნდა, ასეა. ფეხბურთში ხომ საკუთარ სტადიონზე, საკუთარი გულშემატკივრების წინაშე თამაშს არაფერი სჯობს. ვინც ფეხბურთი იცის, ამაში ბოლომდე დამეთანხმება. არადა, ამ დროს უკრაინის გუნდების საკმაოდ დიდი ნაწილი მოწყვეტილია მშობლიურ კერას.

ამიტომაცაა , რომ ამ გუნდების შედეგები და თამაში ვეღარ არის ისეთი, როგორიც ადრე იყო, მაგრამ არიან გამონაკლისებიც. მაგალითად, ჯაბა ლიპარტიას "ზორია", რომელიც საშინაო მატჩებს მშობლიურ სტადიონზე ვეღარ ატარებს და ამის მიუხედავად, უკრაინის ჩემპიონატის საუკეთესო სამეულშია.

ისე, ამ მხრივ ჩვენ აშკარად უკეთეს მდგომარეობაში ვართ. როგორც იცით, "კარპატი" საშინაო მატჩებს ლვოვში თამაშობს და გულშემატკივრების მხარდაჭერაც არ გვაკლია.

- უნდა გკითხოთ "კარპატის" წარმოშობით ქართველ საყრდენზე, ამბროსი ჩაჩუაზე. თუ შეიძლება, გვიამბეთ მასზე...
- ძალიან კარგი ფეხბურთელია. ამპლუით საყრდენი ნახევარმცველია და ძალიან ხშირად წყვილში ვთამაშობთ კიდეც მინდვრის ცენტრში. ამბროსის დედა უკრაინელი ჰყავს. ქართული არ იცის. მე მგონი, საქართველოში სულ ერთხელ თუ ორჯერ არის ნამყოფი.

- "კარპატიში" ერთადერთი ლეგიონერი ხართ. ეს ადგილობრივთა მხრიდან თქვენ მიმართ განსაკუთრებულ პატივისცემაზე მეტყველებს...
- რა თქმა უნდა, ლვოვში ძალიან დიდ პატივისცემას ვგრძნობ გულშემატკივართა მხრიდან, მაგრამ "კარპატიში" ერთადერთი ლეგიონერი რომ ვარ, ეს მხოლოდ ამის დამსახურება არ არის. საქმე ისაა, რომ ძველი დავალიანებების გამო, კლუბს აკრძალული აქვს ახალი ფეხბურთელების დამატება.

- ევროთასები და მეტი არაფერი - ასე დგას საამსეზონო ამოცანა "კარპატისთვის"?
- არა, მაინცდამაინც ასე მკვეთრად არ დგას ამოცანა. ევროზონაში მოსახვედრად საჭიროა გაძლიერება. რა თქმა უნდა, კარგია ახალგაზრდული გუნდი, როცა აქცენტი კეთდება 17-19 წლის ფეხბურთელებზე, მაგრამ სერიოზულ შედეგს შესაბამისი საკადრო რესურსი სჭირდება.

თუ სამი-ოთხი წლის პერსპექტივით შენდება გუნდი, მაშინ ახალგაზრდებზე აქცენტის გაკეთება კარგიცაა და მისასალმებელიც, მაგრამ მეორე მომენტია ის, რომ თუ გსურს შედეგის მიღწევა კონკრეტულ მომენტში, კონკრეტულ შეჯიბრებაში, შესაბამისად უნდა გაძლიერდე. ვნახოთ, რა და როგორ იქნება.

- ჩანს, რომ ევროთასებზე თამაში მოგენატრათ...
- რა თქმა უნდა, მომენატრა. აბა, რისთვის ვთამაშობთ ფეხბურთს?! საერთოდ, უკრაინის ჩემპიონატი ისეთია, რომ კიევის "დინამო" და "შახტარი" ყველაფრით სხვებზე წინ არიან, მაგრამ შანსი ყველასთან არის. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ საგაისოდ ევროპის ლიგაში ვითამაშოთ.

- უკრაინაში ბოლო დროს ბევრს ლაპარაკობენ გიორგი არაბიძეზე. თუ გაქვთ გიორგისთან კონტაქტი?
- არ გვქონია კონტაქტი. ისე კი, მიმაჩნია, რომ ძალიან კარგი ფეხბურთელია. უკრაინაში არაბიძეზე ისე ლაპარაკობენ, როგორც "შახტარის" მომავალზე და ეს ძალიან მახარებს. აზრი ერთმნიშვნელოვნად დადებითია და ამას თავად გიორგი უწყობს ხელს თავისი კარგი თამაშით.

- მოდით, შევაფასოთ 2015 წელი საქართველოს ნაკრებისთვის...
- ნებისმიერ მწვრთნელს თავისი შეხედულება აქვს ფეხბურთზე. ნაკრების სპეციფიკაც სხვაა, ყველა იბრძვის მაქსიმალური შედეგისთვის და ეს უნდა მოხდეს უმოკლეს დროში. წელიწადში მაქსიმუმ 10 დღე ჩამოდის ფეხბურთელი სანაკრებო შეკრებაზე და ყველანი ვალდებული ვართ, საქართველოს ნაკრებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის მაქსიმუმი გავიღოთ.

ჩემი აზრით, 2015 წელი საქართველოს ნაკრებისთვის გარდამავალი წელი იყო. ჩვენ ყველამ ერთად დავინახეთ პროგრესი, მაგრამ ფაქტია, რომ სამუშაო ჯერ კიდევ ძალიან ბევრია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ აღარ განმეორდეს ის, რაც ესტონეთსა და ალბანეთთან მოხდა. ახლა მაქსიმალურად კარგად უნდა მოვემზადოთ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის. ყველამ 100 პროცენტი უნდა დადოს მინდორზე. მხოლოდ ამ შემთხვევაში მივაღწევთ წარმატებას.

რაც შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, ესაა - საქართველოს ნაკრებს აქვს პოტენციალი. გუნდში არიან ნიჭიერი ფეხბურთელები. ჩემი აზრით, ამ თაობას შეუძლია, გაახაროს გულშემატკივარი.

- რა თქმა უნდა, მუნდიალის შესარჩევი ციკლის დაწყებამდე აუცილებლად უნდა ჩავატაროთ ამხანაგური მატჩები ძლიერ მეტოქეებთან...
- ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ამხანაგური მატჩი. გერმანიასთან და ესპანეთთან გაგვიჭირდება ამხანაგური მატჩის ჩატარება, მაგრამ არიან თუნდაც ალბანეთისა და ესტონეთის დარი გუნდები, ან უფრო მაღალი კლასისაც.

- ერთი შეხედვით, ჩვენს შესარჩევ ჯგუფში არ არიან გრანდები, თუმცა ყველა რთული მეტოქეა...
- გეთანხმებით ამ ჯგუფის შეფასებაში. შეხედავ ჯგუფს და გრანდი არ ჩანს. აქ არ არიან ესპანეთი, გერმანია და საფრანგეთი, მაგრამ ძალიან ძლიერი და თანაბარი ჯგუფია. აქედანვე დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ ბრძოლა ამ ჯგუფში თავიდან ბოლომდე ძალიან დაძაბული იქნება. რადგან აქ არ არის გამოკვეთილი ფავორიტი, ეს შანსს ყველა გუნდს აძლევს, მათ შორის - ჩვენც.

დღევანდელ ფეხბურთში ფავორიტის ცნება ძალიან პირობითი გახდა. ავიღოთ ალბანეთის ნაკრები. ვინ ელოდა, რომ ალბანელები ევროპის ჩემპიონატზე გასვლას მოახერხებდნენ?

ეს იქნება ჯგუფი, სადაც ყველა შეხვედრაში უშეღავათო ბრძოლა იქნება და ბევრი ქულაც დაიკარგება. მთავარია, როგორ მოვემზადებით შესარჩევი ციკლისთვის. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული