იცით, რომ ლობჟანიძეს უთანხმოება მოუვიდა გუნდის სერბ მთავარ მწვრთნელთან, ვლადან მილოიევიჩთან. ამის გამო ფეხბურთელი ჯერ 10 დღით მოკვეთეს გუნდიდან და ფინანსური ჯარიმა დააკისრეს, მერე კი თავისუფალი აგენტის სტატუსი უბოძეს.
რა და როგორ მოხდა ყველაფერი სინამდვილეში? ამ თემაზე სასაუბროდ ლობჟანიძეს კვიპროსში დავუკავშირდით...
- საქმე ისაა, რომ ცოტა ხნის წინ გუნდში ახალი მთავარი მწვრთნელი მოვიდა. მასთან მომივიდა კონფლიქტი. ამას მოჰყვა 10-დღიანი დისკვალიფიკაცია და ფინანსური სანქციები. კლუბის ხელმძღვანელობას უკვე ვუთხარი, რომ "ომონიაში" აღარ ვითამაშებ. სათქმელი ვუთხარი მწვრთნელსაც. ჩემთვის ფეხბურთი ვერ იქნება მხოლოდ სამსახური...
უბრალოდ, მაინც არ მინდა, რომ ინტერვიუში ყველაფერზე ვილაპარაკო... ადამიანები ვართ, ხდება ხოლმე. მას თავისი აზრი აქვს, მე - ჩემი.
- უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, როგორ განვითარდა მოვლენები?
- აელ-თან მატჩის დროს მოხდა ეს ამბავი. არადა, დღე-დღეზე კლუბთან კონტრაქტი უნდა გამეგრძელებინა, სადღაც ერთ კვირაში. ახალმა მწვრთნელმა კი საკითხი ასე დააყენა - ან მე, ან ლობჟანიძეო... საბოლოოდ, მოხდა ის, რაც მოხდა. მეც ვერ დავრჩებოდი გუნდში ასეთ ვითარებაში. ერთი კი ვიცი - ჩემს სინდისთან, საკუთარ თავთან ბოლომდე პირნათელი ვარ...
სანამ ახალ კლუბს მოვძებნი, "ომონიაში" ვივარჯიშებ. როგორც კი სხვა გუნდი გამოჩნდება, იქ ყველანაირი შეფერხების გარეშე, თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავალ.
- ცოტა გასაკვირია, კლუბის ხელმძღვანელობამ გუნდთან ერთად ვარჯიშის უფლება რომ მოგცათ. ეს "ომონიაში" თქვენს ავტორიტეტზე მეტყველებს...
- "ომონიაში" ყველასთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. ნებისმიერ თანამშრომელთან თუ კლუბის წარმომადგენელთან, ასევე, თითოეულ ფეხბურთელთან. "ომონიას" უფროსობამ იცის, როგორი გულით ვთამაშობდი მთელი ამ ხნის განმავლობაში, იცის, რომ თავი არ დამიზოგავს... მოკლედ, რაც იყო, იყო. ახლა ველოდები საინტერესო წინადადებას. ახალი გუნდი რომ გამოჩნდება, შეთავაზებას ფორმაში მყოფი უნდა შევხვდე.
- "ომონიაში" ნაყოფიერი პერიოდი გაატარეთ, სულ ძირითადში იყავით...
- ვგრძნობდი დიდ ნდობას და ჩემი მხრიდან, რაც შემეძლო, იმას ვაკეთებდი გუნდისთვის.
- როგორ დაახასიათებთ ზოგადად ამ კლუბს?
- დიდი ტრადიციების მქონე, ამბიციური კლუბია. მიზნად ყოველთვის კვიპროსის ჩემპიონობას ან ევროთასების ზონაში მოხვედრას ისახავს. შანსი არ არის, კვიპროსში სეზონი დაიწყოს და "ომონიას" ჩემპიონობის ამბიცია არ ჰქონდეს. რა თქმა უნდა, ხან გამოდის ეს, ხან - არა. რაც შეეხება უშუალოდ სიტუაციას, მეგობრული გუნდია. ფეხბურთელები ყველანი კარგად ვართ ერთმანეთთან. ეგაა, ცოტა ხშირად იცვლება შემადგენლობა და ეს შეთამაშების პრობლემას ქმნის.
- ახლა თავისუფალი აგენტი ხართ. საინტერესოა, რაიმე ვარიანტი თუ გაქვთ?
- რაღაც ინტერესი არის, მაგრამ ისეთი არაფერია, სათქმელად რომ ღირდეს. თან ჯერ სულ ახალი მომხდარია ეს ამბავი და ხეირიანად ბევრმა არც კი იცის, რომ "ომონიიდან" წასვლას ვაპირებ. ალბათ, ზოგს ჰგონია, მორჩება ეს ათდღიანი აკრძალვა და ლობჟანიძე ჩვეულებრივად დაუბრუნდება მინდორსო...
- გულშემატკივრები როგორ შეხვდნენ "ომონიას" მთავარი მწვრთნელის ამ გადაწყვეტილებას?
- ქომაგთა ჯგუფს არ შევხვედრივარ, ეგ იყო მხოლოდ, რომ ქუჩაში რომ მიდიხარ, გულშემატკივრები გხვდებიან და გამხნევებენ. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო "ომონიას" ქომაგებს, მათ მხარდაჭერას მუდამ ვგრძნობდი.
- ბოლოს, საქართველოს ეროვნულ ნაკრებზეც ვთქვათ: რა მოგვცა 2015 წელმა და რას უნდა ველოდოთ მომავალი წლისგან?
- ამ წელს საქართველოს ნაკრებს კარგი თამაშებიც ჰქონდა და ცუდიც. ეს ყოველთვის ასეა. რაც შეეხება პროგრესს, შეტევაში უფრო დალაგებულად ვთამაშობთ და ამას მივიჩნევ სწორედ პროგრესად...
რაც შეეხება მომავალ წელს, უკეთესობის დიდი იმედი მაქვს. მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი გველის და ყველამ მაქსიმუმი უნდა გავიღოთ წარმატებისათვის. ვიცით, რომ ერთ და ორ დღეში არ კეთდება ყველაფერი, შედეგი უცებ არ მოდის, მაგრამ მე მაინც ოპტიმისტურად ვუყურებ საქართველოს ნაკრების მომავალს.
იმედს მაძლევს ის, რომ ქართული ფეხბურთის სათავეში ახალი ხელმძღვანელობა მოვიდა. მჯერა, ისინი ყველაფერს გააკეთებენ ქართული ფეხბურთის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"