ლევან ყენია: კობიაშვილი ყველაფერს მოაგვარებს

AutoSharing Option
ლევან ყენია 25 წლისაა, ნახვით კი იმდენი ნახა, ბევრი ვეტერანი რომ ვერ წარმოიდგენს. მის თავზე ერთი წისქვილის ქვა არ დატრიალებულა, თორემ თავისი თაობის უნიჭიერეს ფეხბურთელს არც ტრავმები დაჰკლებია, არც მწვრთნელების ხუშტურები და არც სხვა საფეხბურთო პრობლემები.

ამის მიუხედავად, დღეს ლევან ყენია ტრადიციებით მდიდარი პრაღის "სლავიას" ერთ-ერთი ლიდერია. "სლავია" ჩეხეთის ჩემპიონატში მეხუთე ადგილზეა და მაღალი მიზნებისთვის იბრძვის. ყენია კი ქართული ფეხბურთის იმედია და გვჯერა, ის არაერთხელ გაგვახარებს სანაქებო თამაშით.

"ლელო" ყენიას ესპანეთში (სადაც "სლავია" შეკრებას გადის) დაუკავშირდა...

- თავდაპირველად ჯანმრთელობის თაობაზე
გკითხავთ...

- მადლობა ღმერთს, ახლა ყველაფერი კარგადაა. არანაირი პრობლემა! თავს შესანიშნავად ვგრძნობ.

- როგორ მიმდინარეობს მზადება მომავალი სეზონისთვის?
- მშვენივრად მიდის მოსამზადებელი პერიოდი. ესპანეთში ვართ შეკრებაზე და ყველა თამაში მოვიგეთ. იდეალური სიტუაციაა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ დისკვალიფიკაცია მაქვს და სეზონის განახლების შემდეგ გუნდს სამ მატჩში ვერ დავეხმარები.

- რა არის "სლავიას" მიზანი მიმდინარე სეზონში?
- ევროპის ლიგის საგზურის მოპოვება. ვფიქრობ, გუნდს შესწევს იმის ძალა, რომ ეს ამოცანა წარმატებით გადაჭრას.

- რას იტყვით ზოგადად ჩეხეთის ჩემპიონატზე? თქვენ გითამაშიათ გერმანიის მეორე ბუნდესლიგაშიც და როგორ შეადარებდით ამ ორ ტურნირს?
- ჩეხეთს ნორმალური ჩემპიონატი აქვს. ისე კი, ჩემი აზრით, მეორე ბუნდესლიგა უფრო რთული სათამაშოა.

- ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ბევრი ცვლილება მოხდა "სლავიაში"?
- საკმაოდ. 6 ახალი ფეხბურთელი მოვიდა გუნდში. თამამად შემიძლია იმის თქმა, რომ მნიშვნელოვნად გავძლიერდით.

- საქართველოს ნაკრებზეც ვთქვათ. დღეს ჩვენი გუნდი უმწვრთნელოდაა...
- დარწმუნებული ვარ, ლევან კობიაშვილი ყველაფერს მოაგვარებს. მე მას ბოლომდე ვენდობი. იმედია, ის ისეთივე წარმატებული პრეზიდენტი იქნება, როგორიც ფეხბურთელი იყო.

- რას იტყვით მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების მეტოქეებზე?
- მოდით, თავიდანვე შევთანხმდეთ, რომ დღეს იოლი ჯგუფი არ არსებობს. უკვე ყველა თამაშობს ფეხბურთს. ძალიან მინდა, ისე არ დავამთავრო ფეხბურთის თამაში, რომ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატზე არ ვითამაშო. რაც ჩემზე იქნება დამოკიდებული, ყველაფერს გავაკეთებ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ამას კიდე სულ ფეხები უნდა აცუხებდეს
beso
15:43 10-02-2016
0
როგორ მწყდება გული ამ ბიჭმა დიდი ფეხბურთი რომ ვერ ითამაშა, მაგრამ ჯერ ყველაფერი წინ არის ლევან, თამამად და ხმამაღლა შეიძლება ითქვას ეს ბიჭი ნამდვილი ტალანტია, რომარა ტრავმები ახლა მინიმუმ ბუნდესლიგის რომელიმე მოწინავე გუნდში იქნებოდა. ყენო არდანებდე გვეიმედები ნამდვილ გულშემატკივრებს!
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული