[დღის თემა] კახა ცხადაძე "ქაირათს" ჩაიბარებს

AutoSharing Option
თუ სასწაული არ მოხდა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე პოპულარულ ყაზახურ კლუბს, იქაური პრემიერლიგის ბინადარ ალმათის "ქაირათს" ჩაიბარებს. ეს ინფორმაცია "ლელომ" გუშინ მოიპოვა, მოგვიანებით კი ყაზახურმა და აზერბაიჯანულმა საიტებმაც დაადასტურეს.

შევიტყვეთ ისიც, რომ "ქაირათის" გაწვრთნაში ცხადაძეს გიორგი ჩიხრაძე და ფიზმომზადების სერბი სპეციალისტი, სერბი მილოშ იევტიჩი დაეხმარებიან. ასე რომ, "ირტიშის" გარდა, სადაც გოგიტა გოგუა თამაშობს, ყაზახეთის ჩემპიონატში ერთი საქომაგო გუნდიც გამოგვიჩნდა.

წესით, "ქაირათსა" და ცხადაძეს შორის კონტრაქტი უახლოეს დღეებში უნდა გაფორმდეს...

თითქმის როქი
რაღა შეხსენება გჭირდებათ, მაგრამ მაინც უნდა
დავწეროთ - საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი დამრიგებელი ვლადიმირ ვაისი სწორედ ყაზახურ "ქაირათს" წვრთნიდა და ეს იყო სლოვაკი სპეციალისტის ბოლო სამუშაო საქართველოს ნაკრებში მოსვლამდე.

ვაისი ყაზახურ კლუბში ოქროს ვერ შესწვდა, მაგრამ გუნდს ხელი მაინც დაატყო და სხვა იქაური ჯილდოები არ მოაკლო. მაშინ, როცა ვაისმა "ქაირათი" დატოვა, კლუბის ხელმძღვანელობამ თბილისს მოავლინა წარმომადგენლობითი დელეგაცია, რომელსაც კონკრეტული მიზანი ჰქონდა - ცხადაძე "ქაირათში" გადასვლაზე უნდა დაეთანხმებინათ.

ყაზახებს მაშინ არაფერი გამოუვიდათ. ცხადაძე საქართველოს ნაკრებს წვრთნიდა და აზრადაც არ მოსვლია, რომ ეროვნული გუნდი მიეტოვებინა.

ბოროდიუკის შემცვლელი
ცხადაძე "ქაირათში" ალექსანდრ ბოროდიუკს შეცვლის. ეს უკანასკნელი გუნდში ვაისის წასვლის შემდეგ მივიდა, თუმცა ახლო წარსულში ცნობილმა რუსმა ფეხბურთელმა კლუბის ხელმძღვანელობის იმედები ვერ გაამართლა - "ქაირათმა", რომელსაც უმაღლეს მიზნებზე აქვს პრეტენზია და საამისოდ პირობებიც უწყობს ხელს, ქვეყნის ჩემპიონატი ძალიან ცუდად დაიწყო. საკმარისია, აღინიშნოს, რომ 3 მატჩიდან გუნდმა 2 წააგო და ერთიც ფრედ ითამაშა.

მართალია, ბოროდიუკი წასვლას ჯერ არ ადასტურებს, მაგრამ ჩვენი ინფორმაციით, ყაზახური კლუბის შეფობა აღარ აპირებს რუს მწვრთნელთან თანამშრომლობის გაგრძელებას.

სტაფი
სხვადასხვა დროს "ქაირათი" ისეთ სპეციალისტებს გაუწვრთნიათ, მათი გვარ-სახელი ბევრს რომ ვერაფერს გეტყვით და ამიტომ მათზე აქ არ შევჩერდებით. ასე რომ, ალმათური გუნდის ყველაზე ცნობილი დამრიგებელი უდავოდ ვაისია.

კლუბის პრეზიდენტი გახლავთ ქაირათ ბორანბაევი. გუნდი ალმათის ცენტრალურ სტადიონზე თამაშობს, რომელიც 23 804 მაყურებელს იტევს. ყაზახეთის წინა ჩემპიონატში "ქაირათმა" მეორე ადგილი დაიკავა.

შემადგენლობის თვალსაზრისით, ამ გუნდს არაფერი დაეწუნება და მოდით, რგოლების მიხედვით მიმოვიხილოთ ის კონტინგენტი, ვისთანაც ცხადაძეს მოუწევს მუშაობა.

თავიდანვე ვიტყვით - რომ არა ზოგიერთი ფეხბურთელის აშკარად სოლიდური ასაკი, ჩვენებური მწვრთნელის სამუშაო მნიშვნელოვნად გაადვილდებოდა.

საინტერესო კონტინგენტი
გუნდის შემადგენლობაში ორი ისეთი მეკარეა, ყაზახეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში სისტემატურად რომ იწვევენ - ვლადიმირ პლოტნიკოვი და ანდრეი სიდელნიკოვი.

ნახევარდაცვაში მთავარი კაცი ანატოლი ტიმოშჩუკია. სოლიდური საფეხბურთო ასაკის მიუხედავად (ის უკვე 37 წლისაა), მას ჯერაც იწვევენ უკრაინის უპირველეს გუნდში და თუ სასწაული არ მოხდა, ვეტერანი კარსმომდგარ ევროფორუმზეც ითამაშებს. ის კი არა, არის შანსი, ძირითად შემადგენლობაშიც მოგვევლინოს.

თავდასხმაში კი ამ გუნდის მთავარი ვარსკვლავი - ანდრეი არშავინი თამაშობს. ერთ დროს რუსული ფეხბურთის უპირობო პრიმას ჩვენი გულშემატკივრის წინაშე წარდგენა არ სჭირდება.

34 წლის არშავინი სანკტ-პეტერბურგის "ზენიტის" სიმბოლოდ ითვლება. ის თამაშობდა ლონდონის "არსენალშიც", ყაზახეთამდე კი კრასნოდარის "ყუბანში" ირჯებოდა, სადაც თავი ვერაფრით გამოიჩინა.

ასევე უნდა გამოვარჩიოთ "კრასნოდარის" ყოფილი შემტევები - კოტდივუარელი გოჰუ და ბრაზილიელი ისაელი. მოკლედ, გვარიანი შემადგენლობაა და არც ის გამოვრიცხოთ, რომ "ქაირათი" ქართველი ფეხბურთელებითაც გაძლიერდეს.

ჩვენ კარგად გვახსოვს ბაქოს "ინტერი", რომლის ხერხემალსაც ჩვენებურები ქმნიდნენ. სხვათა შორის, ასეა დღესაც - ცხადაძის არჩეულ გეზს არც მისი მემკვიდრე და ყოფილი თანაშემწე ზაურ სვანაძე ღალატობს... ოღონდ საკითხავი აქ სხვა რამაა - ბევრი გვყავს კი დღეს ისეთი ფეხბურთელი, რომელიც ყაზახეთის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბისა და იქაური ჩემპიონატის დონეს დააკმაყოფილებს? აი, რა არის დღეს საკითხავი!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
კი ბაჩანა ცხადაძით და შესაძლოა ამისულაშვილით გააძლიეროს ქაირათი:)
Givi g
14:20 05-04-2016
0
"ოღონდ, საკითხავი აქ სხვა რამაა - ბევრი გვყავს კი დღეს ისეთი ფეხბურთელი, რომელიც ყაზახეთის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბისა და იქაური ჩემპიონატის დონეს დააკმაყოფილებს? აი, რა არის დღეს საკითხავი!" ვაი, რომ ავტორი აბსოლიტურად მართალია, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს
llcl
11:54 05-04-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული