ოთარ ჭიჭაღუა და "ალავესი" ესპანეთის პრიმერა დივიზიონზე ფიქრობენ

AutoSharing Option
ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის კლუბ ტარაგონას "ხიმნასტიკში" ქართველი ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია თამაშობს. ეს პრიმერა დივიზიონში გადასვლის კანდიდატია.

მაგრამ შესაძლოა, მალე მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ლიგაში აღმოჩნდეს "ალავესიც", რომელიც "ლეგანესთან" პირველ-მეორე ადგილებს იყოფს. ამ გუნდის დუბლშემადგენლობაში კი ცენტრალური მცველი ოთარ ჭიჭაღუა თამაშობს.

გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, ეს ახალგაზრდა მცველი მალე "ალავესის" პირველ გუნდს შეუერთდებოდა. თავად ჭიჭაღუაც არ მალავს, რომ მთავარ გუნდში დაწინაურებას იმედოვნებს:

"ალავესთან" ორწლიანი კონტრაქტი მაკავშირებს. მიმდინარე სეზონში დუბლებში ვვარჯიშობ და ვთამაშობ.

კლუბი პრიმერა დივიზიონში გადასვლას გეგმავს. გვითხრეს, რომ ასეთ შემთხვევაში პირველ გუნდში
ახალი ფეხბურთელების დამატება მოუწევთ და რომ შანსს დუბლების რამდენიმე ახალგაზრდასაც მოგვცემენ.

სავარაუდოა, რომ ძირითად შემადგენლობასთან ერთად მეც მავარჯიშონ - ეს გუნდის სპორტულმა დირექტორმა ხესუს ვასკესმა მითხრა.

მოკლედ, მე ჩემს შანსს დაველოდები. ყველაფერი კი სეზონის დასრულების შემდეგ გაირკვევა".

ჭიჭაღუამ წლეულს გუნდთან ერთად პირველი ტიტული მოიპოვა:

"დუბლშემადგენლობა ჩვენს ასაკში ბასკეთის თასის გამარჯვებული გახდა. ფინალში "რეალ სოსიედადის" დუბლებთან ორი მატჩი ჩავატარეთ - გასვლაზე 1:0 მოვუგეთ, შინ კი 0:0 ვითამაშეთ.

მე ორივე შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში ვიყავი. მთავარ გუნდში ჩემს დაწინაურებაზე ლაპარაკი ბასკეთის თასის ფინალის შემდეგ დაიწყო".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
აგერ ბავშვები მოდიან, გამოიძახონ ესენი ნაკრებში, რომ გადავაკვდით ამ ერთი და იგივე შემადგენლობას !!!
პატივცემულო სტატიის ავტორო, ბატონო მერაბ - იქნებ შექმნათ ისეთი რუბრიკა სადაც ამ მიმობნეულ უცნობ ქართველბზე დაწერთ ოღონდ ვინც თამაშობს და არააა უბრალოდ გაფორმებული.. დაეხმარეთ სელექციაში ფედერაციას :)
dave
13:01 16-04-2016
0

სიახლეები პოპულარული