ავთო ებრალიძე: "ჟილ ვისენტედან" წასვლა მინდა, მაგრამ პრეზიდენტი არ მიშვებს...

AutoSharing Option
"ჟილ ვისენტეს" აღარ აქვს პორტუგალიის პრიმეირა (უმაღლესი) ლიგაში გადასვლის შანსი. ამ გუნდის ამბები იმად გვაინტერესებს, რომ იქ ჩვენებური ავთო ებრალიძე თამაშობს - 24 წლის სწრაფი და ტექნიკური ფლანგელი, ვისაც მოწინააღმდეგის მოტყუება, სიტუაციის გამწვავება და გოლის გატანა შეუძლია...

"ლელო" ებრალიძეს პორტუგალიაში დაუკავშირდა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. ვფიქრობთ, საინტერესო ინტერვიუ გამოგვივიდა...

- რადგან "ჟილ ვისენტეს" აღარ აქვს პორტუგალიურ ელიტაში აღზევების პრაქტიკული შანსი, ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ კლუბი დატოვოთ?
- არის რაღაც შემოთავაზებები, მაგრამ სეზონის დასრულებას ველოდები. "ჟილ ვისენტესთან" კიდევ დამრჩა ერთწლიანი
კონტრაქტი. მორჩება ჩემპიონატი და ვნახოთ, რა და როგორ მოხერხდება.

აქ პრობლემაა კლუბის პრეზიდენტი. ის ძალიან რთული ადამიანია და გუნდიდან ცოცხალი თავით არ მიშვებს. არაერთხელ მქონდა უფრო ამბიციურ გუნდში გადასვლის შანსი, მაგრამ არსად არ გამიშვა და ახლაც უარზეა. ყოფილა შემთხვევა, სოლიდური თანხაც შემოუთავაზებიათ კლუბისთვის ჩემს სანაცვლოდ, მაგრამ ის სულ უმატებდა და უმატებდა ფასს.

- საინტერესოა, რომელი გუნდები არიან თქვენით დაინტერესებულები?
- ამ ეტაპზე, კონკრეტულად ვერ დავასახელებ კლუბებს, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ლაპარაკია ესპანეთის, საფრანგეთისა და თურქეთის გუნდებზე. როგორც გითხარით, ყველაფერი "ჟილ ვისენტეს" პრეზიდენტზეა დამოკიდებული. აქამდე არ მაძლევდა წასვლის შანსს და მგონი, ახლა უნდა მოგვარდეს ყველაფერი. ვნახოთ...

- რას ამბობს? რატომ გამუხრუჭებთ?
- რაც ამ გუნდში ვარ, უკვე სამჯერ გამიკეთა ასე. თან, საკვირველი ის არის, რომ ჩემში ფული არ გადაუხდია. რომ გავეშვი, "ჟილ ვისენტე" ფულს ხომ მიიღებდა?! იყო ერთი გუნდი, 400 ათას ევროს იხდიდა, მაგრამ პრეზიდენტმა მეტი მოითხოვა. ეს იყო ზამთარში... მოკლედ რომ ვთქვათ, ძალიან დამამუხრუჭა.

გადასვლა უნდოდა უმაღლეს ლიგაში, მაგრამ არ გამოვიდა. პორტუგალიის სეგუნდა ლიგა, სადაც ახლა "ჟილ ვისენტე" თამაშობს, ისეთია, რომ ძალიან რთულია გადასვლა. ვერ იტყვი, ვინ ვის მოუგებს. ცხრილშიც ძალიან დიდი სიმჭიდროვეა...

- როგორც ვატყობ, "ჟილ ვისენტედან" წასვლა ძალიან გინდათ...
- რომ იტყვიან, ერთი სული მაქვს! რაც პორტუგალიის უმაღლესი ლიგიდან გავვარდით, სულ მინდა წასვლა, მაგრამ... არ მიშვებს პრეზიდენტი და რა ვქნა?! ფსიქოლოგიურად ძალიან რთული სეზონი იყო ჩემთვის. არავითარ შემთხვევაში არ მეგონა, თუ ისევ მეორე ლიგაში ვითამაშებდი. საკუთარ თავს ვაჯობე. შედეგების კუთხით არ იყო ცუდი სეზონი და ამან რამდენიმე გუნდის ინტერესი გამოიწვია. იმედი მაქვს, მოვახერხებ ამბიციურ გუნდში გადასვლას.

- მაინც, ვინ არის პრეზიდენტი? გაგვაცანით...
- ანტონიო ფიუზა.

- მასთან დალაპარაკება არ გიცდიათ?
- ძალიან ბევრჯერ გვილაპარაკია, ძალიან... სულ მპირდება, გაგიშვებო. სხვათა შორის, პორტუგალიაში ძალიან ცნობილი ადამიანია. იმედია, ახლა მაინც შეასრულებს სიტყვას. ჯერ ერთი, მომავალი სეზონის შემდეგ ჩემი კონტრაქტი მთავრდება. მეორეც - პორტუგალიის მეორე ლიგაში ჩემს დარჩენას აზრი არ აქვს. პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ ეს ჩემთვის დაკარგული დრო იქნება.

- დიდ ფულს ითხოვს თქვენს სანაცვლოდ?
- წესით, ახლა მის ინტერესებშიც უნდა შედიოდეს ჩემი გაშვება, რადგან მერე თავისუფალი აგენტის სტატუსით შემეძლება წასვლა და ასეთ შემთხვევაში, "ჟილ ვისენტე" ვერაფერს მიიღებს. ერთი სული მაქვს, როდის მოგვარდება ჩემი სიტუაცია.

- მაინც, საით მიგიწევთ გული?
- ცხადია, ევროპაში მინდა დარჩენა, ოღონდ - პორტუგალიის გარეთ. არ მაკლია ინტერესი არც აქაური უმაღლესი ლიგის გუნდებისგან, მაგრამ დღეს სხვა ჩემპიონატი, სხვა გამოცდილება მჭირდება. მირჩევნია, წავიდე ისეთ გუნდში, რომელიც იქნება პერსპექტიული და ამ გუნდში თამაშით რომელიმე დიდ კლუბში მოხვედრის მიზანს მივაღწიო. არ მინდა, წავიდე იქ, სადაც მხოლოდ დიდ ფულს იხდიან...

სხვათა შორის, პორტუგალიური კლუბების უმრავლესობაში ფინანსური სიტუაცია ვერ არის დალაგებული. აქ ჯერ ბევრს ვერ იხდიან და, რასაც იხდიან, იმასაც აგვიანებენ.

- ესპანეთის, საფრანგეთისა და თურქეთის კლუბები ახსენეთ. ყველა უმაღლესი ლიგისაა?
- დიახ, ყველა. მარტო პორტუგალიის უმაღლესი ლიგიდანაა 4-5 გუნდის ინტერესი. ჯერ კიდევ წინა სეზონში სურდათ ჩემი წაყვანა, მაგრამ, როგორც გითხარით, არ გამიშვა პრეზიდენტმა.

მოკლედ, ამ ეტაპზე მირჩევნია, სადმე პორტუგალიის გარეთ ვითამაშო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ავთო, ჯიგარო, გისურვებ წარმატებებს!
მიაწექი შენს საქმეს! იყავი პროფესიონალი და შენსას მიაღწევ.
ზოგიერთო კომემტატორებო, ეგ ბიჭი თუნდაც იმიტომაა დასაფასებელი, რომ ვარსკვლავთავადმყოფობა არ ჭირს და ფეხები მიწაზე უდგას. მართლა არ გვყავს იმ დონის გუნდი რომ გვინდა. არ გვყავს სლავა მეტრეველიდან დაწყებული შოთა არველაძით დამთავრებული ოქრო ფეხბურთელები. ამიტომ არ უნდა ვუქომაგოთ ვინც გვყავს? ამიტომ არ უნდა შევაქოთ მოწადინეობისა და გარჯისათვის? თუ მაგარი ხარ - გადი მინდორზე და გაგვახარე, თუ არა და...
giga
12:57 08-05-2016
0
მეგობარო ფეხბურთი რა ხილია იცი ? რომელ ასაკზე მელაპარაკები ან რა მოსატანია ვარდი ფეხბურთელები რომლებიც ამ ასაკში ვარსვკლავები არიან აიაქსის მანიუს და სხვა დიდი საფეხბურთო კერების გაზრდილები არიან შენ რა გინდა თქვა რომ ეს არის ერთი საშუალო ფეხბურთელი და რომელი სხვა ასეთი საშუალო ფეხბურთელებითაა საქართველო განებივრებული რომელ პიკებზე საუბრობ როდესაც საფეხბურთო ასაკი 40 წლამდეა ასული და აგერ ტოტიმ 1 წელიც ვიყომარებო და 39 წლისამ 4 გოლი 4 თამაშში გაიტანა სრულ უვიცობას ნუ ავლენთ თქვენი ჭირიმე ეს ბიჭი 100 თავით მირჩევნია მე მარად პერსპექტიულ ანანიძეებს ოქრიაშვილებს და ჭანტურიებს მარტო იმ სიტყვების გამო რომ ფულის გამო არ აპირებს არსად წასვლას :) 350 000 ევრო ქუჩაში ყრიაზე კიდე გამეცინა ან ვინ გამოგითვალა 750 000 ევრო რომ ღირს თუ დიდი ხანია ტრანსფერმარკეტზე შესვლა ვისწავლეთ :) ?
zazas
09:47 08-05-2016
0

სიახლეები პოპულარული