მალე თავისუფალი აგენტი გავხდები და... ბუბა დაუშვილი და "კარპატი" მთავრდება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების 27 წლის საყრდენი ნახევარმცველი მურთაზ (ბუბა) დაუშვილი სულ მალე თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს ლვოვის "კარპატის".

ბოლო წლებში დაუშვილის სახელი სულ ლვოვურ კლუბთან ასოცირდება. უკვე ოთხი წელია, ის დასავლეთუკრაინული კლუბის ღირსებას იცავს და ამ დროის განმავლობაში სულ ძირითადი შემადგენლობის წევრი იყო.

რატომ მიდის დაუშვილი "კარპატიდან"? ამის თაობაზე ცოტა ხნის წინ თავად ფეხბურთელმა მიგვანიშნა. მან "ლელოსთან" ინტერვიუში თქვა - დრო მოვიდა, ისეთ გუნდში ვითამაშო, რომელიც ევროთასებზე მოსახვედრად სტაბილურად იბრძოლებს და ევროთასებზეც ითამაშებსო.

რა თქმა უნდა, ქართველი ნახევარმცველის სურვილი, რომელსაც
ეროვნულ გუნდში 28 მატჩი ჩაუტარებია, სავსებით გასაგები და, ამავე დროს, მისასალმებელია. გუნდიდან წასვლის თაობაზე დაუშვილი "კარპატის" ოფიციალურ ვებგვერდს ელაპარაკა. მან იქვე გაიხსენა დონეცკის "შახტართან" შეხვედრა, რომელშიც "კარპატი" 1:2 დამარცხდა.

"სულ მალე თავისუფალი აგენტი გავხდები. რაც შეეხება ჩემს მომავალს, ჯერ ნამდვილად არ გადამიწყვეტია, სად ვითამაშებ. განვიხილავ ყველა არსებულ ვარიანტს და საბოლოო გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებ.

შევეხები "შახტართან" მატჩსაც. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მოგვეგო, მაგრამ არ გამოვიდა. კარგად დავიწყეთ მატჩი, თუმცა ასევე ვერ დავასრულეთ. ყველაზე მეტად გული იმან დამწყვიტა, რომ გოლი ბოლო წუთებზე გავუშვით და მერე ვეღარ შევძელით თამაშის შემოტრიალება. ყველამ მაქსიმუმი გავიღეთ, კარგად ვითამაშეთ, მაგრამ შედეგი ჩვენთვის მისაღები მაინც არ გამოდგა.

რაც შეეხება ჩვენს კარში დანიშნულ 11-მეტრიანს, იყო თუ არა წესების დარღვევა, ეს კომპეტენტურ ხალხს უნდა ჰკითხოთ. პირადად ჩემს აზრს ვიტყვი - მიმაჩნია, რომ წესების ასეთ დარღვევაზე არ ინიშნება პენალტი...

დონეცკელებს ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავთ. განსაკუთრებით უნდა გამოვარჩიოთ მათი შუახაზი, რომელიც მართლაც ძალიან ძლიერი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. ასეთი გუნდის წინააღმდეგ ბოლომდე ვიბრძოლეთ. ერთადერთი, რამაც გული დაგვწყვიტა, საბოლოო შედეგია. ჩვენ ვერ მოვიპოვეთ ევროპალიგის საგზური და ეს ძალიან ცუდია. დიდი მინუსია ჩვენთვის.

ამის მიუხედავად, მჯერა, "კარპატი" მომავალ სეზონში შეძლებს ამის გაკეთებას. გუნდს აქვს საამისო პოტენციალი", - თქვა დაუშვილმა.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი არაერთი წლის განმავლობაში იცავდა "ზესტაფონის" ღირსებას. 2012 წლიდან ის "კარპატის" წევრია. ამ გუნდის შემადგენლობაში დაუშვილმა 83 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. ზამთარში მას რამდენიმე ვარიანტი ჰქონდა, მაგრამ მაშინ გუნდის შეცვლა საჭიროდ არ ჩათვალა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
დიდი ალბათობით დინამოში წავა, რადგან დინამოზე გაჟღერდა რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს იმატებსო და ჩემი აზრით კარპატი ბუბას მაქსიმუმი იყო.
anti
12:54 12-05-2016
0
ორ კვირიანი შვებულების მერე 8 კილოთი მომატებული დაბრუნდა გუნდში და ასე არაპროფესიონალურად თუ მიუდგა საქმეს კარპატიც სანატრელი გაუხდება...
0

სიახლეები პოპულარული