ჯაბა ლიპარტია: მე ჩემსას ვაკეთებ და, დანარჩენი ვაისის გადასაწყვეტია

AutoSharing Option
28 წლის ჯაბა ლიპარტიას კარიერაში საუკეთესო სეზონი აქვს. იგივე ითქმის მის კლუბზე, ლუგანსკის "ზორიაზე". ამ გუნდმა ჩემპიონატშიც იყოჩაღა (ისე, რომ ევროპალიგის ჯგუფში იქნება განთესილი), 21 მაისს კი უკრაინის თასის ფინალში დონეცკის "შახტარს" შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ თასის საპასუხო ნახევარფინალში "ზორიამ" 2:0 დაამარცხა "დნიპრო". ამ თამაშში ანგარიში სწორედ ლიპარტიამ გახსნა. მერე მან ცხვირი გაიტეხა და საავადმყოფოშიც მოხვდა...

"ლელო" ლიპარტიას უკრაინაში დაუკავშირდა და ინტერვიუ სთხოვა...

- პირველ რიგში, გვითხარით, როგორია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა?
- "დნიპროსთან"
საპასუხო ნახევარფინალის მსვლელობისას სახის ტრავმა მივიღე, ისეთი, რომ საჭირო გახდა საავადმყოფოში გადაყვანა. ახლა ყველაფერი კარგადაა. თასის ფინალი, წესით, არ უნდა გამოვტოვო. ექიმებმა სპეციალური ნიღაბიც კი მომიმზადეს...

- მაშ, ნიღბით ითამაშებთ?
- ძალიან დიდი ალბათობით ასე იქნება.

- "დნიპროსთან" მატჩში ჩხუბი ატყდა...
- დიახ, მართლაც იყო ჩხუბი. "დნიპროს" ხელმძღვანელები და ფეხბურთელები მსაჯობით უკმაყოფილონი იყვნენ. იმ დროს მე უკვე აღარ ვიყავი სტადიონზე, რადგან, როგორც გითხარით, ტრავმა იმდენად სერიოზულად ეჩვენათ ექიმებს, რომ საავადმყოფოში გადამიყვანეს.

- როგორ ფიქრობთ, რას უნდა მივაწეროთ "ზორიას" ასეთი წარმატებული თამაში?
- რაც ამ გუნდში ვარ, ყველაფერი ვნახე. ყოფილა მომენტები, როცა გუნდს გასავარდნად ჰქონია საქმე. მერე დაიწყო მიზანმიმართული მუშაობა ძლიერი გუნდის შესაქმნელად. რამდენიმე წელია, ძირითად ბირთვს ვინარჩუნებთ. უკვე გარკვეულია, რომ მომავალ სეზონში ევროპალიგის ჯგუფში ვითამაშებთ. გარდა ამისა, უკრაინის თასის ფინალშიც ვართ, სადაც "შახტარს" ვხვდებით. ეს თამაში ლვოვში გაიმართება.

- რა თქმა უნდა, მეტოქე ძლიერია...
- ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, "შახტარმა" ევროპალიგის ნახევარფინალში ითამაშა. მეტოქე ძლიერია, მაგრამ ჩვენ დანებებას არ ვაპირებთ. თასის ფინალია, ერთი თამაშია და შეიძლება, ყველაფერი მოხდეს.

- რას იტყვით უკრაინის ჩემპიონატის საერთო დონეზე?
- მართალია, ქვეყანაში საომარი ვითარებაა, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ უკრაინის ჩემპიონატის დონე მნიშვნელოვნად დაეცა. პირადად ჩემთვის ყველაფრის საზომი ევროთასებია და აქედან გამომდინარე ვაკეთებ დასკვნებს. რადგან "შახტარმა" ევროპალიგის ნახევარფინალში ითამაშა, ეს თავისთავად მიუთითებს უკრაინის ჩემპიონატის მაღალ დონეზე.

- როგორია "ზორიას" შიდა სამზარეულო? გარედან ისე ჩანს, რომ ძალიან შეკრული გუნდია...
- მართლაც ასეა. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პლუსიც სწორედ ესაა.

- თქვენი წარმატებული მატჩების შემდეგ ხშირად იტყვიან ხოლმე - ჯაბა ლიპარტია საქართველოს ნაკრებში თამაშის ღირსიაო...
- ახალს ვერაფერს ვიტყვი: ეროვნულ გუნდში თამაში ყველა ფეხბურთელის ოცნებაა და არც მე ვარ გამონაკლისი. მე კარგ გუნდში ვთამაშობ და ვაკეთებ ჩემს საქმეს. დანარჩენი ნაკრების მთავარი მწვრთნელის გადასაწყვეტია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ვისაც შეუძლია, მიაწვდინეთ ხმა ფეხბურთის ფედერაციას, გამოიძახონ ეს კაცი და გასინჯონ (როგორც სხვები), რა გვჭირს ასეთი? ბევრი გვყავს კარგი ფეხბურთელი თუ რა?
კობა
18:40 22-05-2016
0
აშკარად იმსახურებს ნაკრებში თამაშს და აუცილებლად ითამაშებს.
vato
14:27 22-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული