ბექა ვაჩიბერაძის ეფექტური გოლი და გაცუდებული პენალტი უკრაინის ნაკრებში

AutoSharing Option
კიევში ვალერი ლობანოვსკის მემორიალი დასრულდა. ნახევარფინალში უკრაინის ახალგაზრდულმა ნაკრებმა ისრაელთან ძირითად დროში 1:1 ითამაშა და პენალტების გაწელილ სერიაში დამარცხდა. შესაბამისად, ფინალში ისრაელის 21-წლამდელები გავიდნენ.

მაგრამ ჩვენთვის საინტერესო უფრო ის არის, რომ უკრაინელთაგან ძირითად დროში გატანილი იმ ერთი გოლის ავტორი ბექა ვაჩიბერაძე გახლდათ. 70-ე წუთზე "ბეტისი B"-ს ქართველმა საყრდენმა საჯარიმოსთან ახლოს ბურთს ფეხი მძლავრად დასცხო და ეფექტური გოლი გაიტანა.

თუმცა ცნობილ პენალტისტს 11-მეტრიანების სერიაში ნერვებმა უმტყუნა და ძირითადი ხუთეულის გადამწყვეტი დარტყმა ვერ გამოიყენა.

საინტერესოა, რომ უკრაინის ახალგაზრდულის ძირითად შემადგენლობაში ორი ქართველი
თამაშობდა - ვაჩიბერაძის გვერდით, მეორე საყრდენი ლვოვის "კარპატის" ნახევარმცველი ამბროსი ჩაჩუა გახლდათ. ვაჩიბერაძემ შეუცვლელად ითამაშა, ჩაჩუა კი მეორე ტაიმში მოედანზე აღარ გამოჩენილა.

მესამე ადგილისთვის უკრაინელები ავსტრიელებს შეხვდნენ. მატჩის ძირითადი დრო ამჯერადაც 1:1 დასრულდა, მაგრამ ამჯერად, უკრაინელებმა პენალტების სერია უკეთ შეასრულეს და გაიმარჯვეს. ვაჩიბერაძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ჩაჩუა საერთოდ არ გამოჩენილა.

* * *
უკრაინელი ქართველების თემას შევეხეთ და აქვე ვიტყვით, რომ ამ ქვეყნის 20-წლამდელთა ნაკრები სლოვაკეთის ახალგაზრდულ გუნდს ესტუმრა და 1:1 ითამაშა. ქართველი ზურაბ ოჩიგავა ძირითად შემადგენლობაში შეუცვლელად იყო.

სხვათა შორის, ოჩიგავას გუნდი, კიევის "დინამო 2", დაშლილია, ხოლო მისი ფეხბურთელები გათავისუფლებულები არიან. ეს კლუბის პრეზიდენტმა იგორ სურკისმა განაცხადა.

"ამ გუნდის არსებობას აზრი არ აქვს. მრავალი წლის განმავლობაში, მისგან ვერაფერი მივიღეთ. ვარსკვლავური პოტენციალის მქონე ფეხბურთელები ვარსკვლავები ამ გუნდის გარეშეც გახდებიან", - ასე სწამს სურკისს.

ეს თემა მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ "დინამო 2"-ში, ოჩიგავასთან ერთად, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი მცველი გიორგი ჯგერენაიაც ირიცხებოდა. აქვე თამაშობს ევგენი ტროიანოვსკიც, რომელიც გასულ სეზონში საჩხერის "ჩიხურაში" ირჯებოდა.

ჩვენი ინფორმაციით, ჯგერენაიას თაობაზე მენეჯერი მოლაპარაკებას რამდენიმე კლუბთან აწარმოებს. ერთი მათგანი ოდესის "ჩერნომორეცია". ჩაირიცხება თუ არა 23 წლის მცველი ოდესურ კლუბში, უახლოეს პერიოდში გაირკვევა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვაჩიბერიძეზე რატო წერთ, ამ ბიჭმა გააკეთა არჩევანი და ამით ყველაფერი დამთავრდა!!!
musenbazi
00:22 07-06-2016
1

სიახლეები პოპულარული