ინფორმაცია არველაძეების საქველმოქმედო ფონდის პრესსამსახურმაც დაადასტურა, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც თავად შოთაა. ოღონდ ფონდის განცხადებაში დაზუსტებულია, რომ ისრაელის ყველაზე ტიტულოვან კლუბში არველაძე მომავალი 2 წლის განმავლობაში იმუშავებს. ოღონდ, რეალურად, ეს არის 1+1 სისტემით შედგენილი ხელშეკრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ "მაკაბი" და შოთა პირობებზე ერთი წლის შემდეგაც დაილაპარაკებენ.
ცნობისთვის, თელ-ავივის "მაკაბი" 21-ჯერ გახდა ქვეყნის
საინტერესოა ინფორმაციაც, რომელიც ხელშეკრულების ფინანსურ პირობებთან დაკავშირებით გავრცელდა. სეზონში არველაძე მილიონ დოლარს (800 ათას ევროს) მიიღებს. მოლაპარაკებაც ამიტომ გაიწელა - მხარეები სწორედ ფინანსურ პირობებზე ბჭობდნენ და საბოლოოდ შეთანხმდნენ კიდეც. შოთას მხრიდან მოლაპარაკებებს ცნობილი მენეჯერი, დანიელი ივან ბენეში აწარმოებდა, "მაკაბის" კი ქართველი მწვრთნელის მიწვევის ინიციატორი, ლეგენდარული იოჰან კრუიფის ვაჟი, ხორდი კრუიფი წარმოადგენდა.
შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძეს აქამდე ჰოლანდიურ და თურქულ კლუბებში უმუშავია: 2008-10 წლებში "ალკმაარში" ლუი ვან გაალის, დიკ ადვოკაატისა და როლანდ კუმანის თანაშემწე გახლდათ, თურქული სუპერლიგის "ქაისერისფორში", "ქასიმფაშასა" და "ტრაბზონსფორში" კი - მთავარი მწვრთნელი. "ტრაბზონსფორიდან" არველაძე 2015 წლის ნოემბერში წამოვიდა. "მაკაბის" გარდა, მას მთავარი მწვრთნელის ადგილს ბაქოს "ნეფთჩიც" სთავაზობდა.
"მოუთმენლად ველი ფეხბურთელებთან და ერთგულებით ცნობილ გულშემატკივართან შეხვედრას. "მაკაბის" შესახებ ბევრი ინფორმაცია მაქვს. ვიცი, როგორი მდიდარი ისტორია და რამდენად დიდი ამბიციები აქვს კლუბს და აქ მომუშავე ყველა ადამიანს. სწორედ ამის გამო ვარ ბედნიერი, რომ აქ ვიმყოფები და მოუთმენლად ველი მუშაობის დაწყებას", - თქვა არველაძემ.
ხორდი კრუიფი: "მოხარულები ვართ, რადგან "მაკაბიში" სწორედ იმ მწვრთნელის მოწვევა მოვახერხეთ, ვინც ჩვენი მთავარი სამიზნე იყო. შოთა ძლიერი პიროვნებაა. მას ზურგს დიდი საფეხბურთო ისტორია უმაგრებს და ამიტომ დარწმუნებულები ვართ, მისი უნარები და შესაძლებლობები კლუბს წარმატების მიღწევაში დაეხმარება".
დღეს თელ-ავივის "მაკაბი" ავსტრიაში გაემგზავრება და ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგება. 43 წლის ქართველი სპეციალისტი გუნდს სწორედ ალპებში შეუერთდება და კლუბიც იქვე წარადგენს ოფიციალურად.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"