ვაკო გვილია: ბატე-ში ტრანსფერით ეროვნულ ნაკრებში მოხვედრის დიდი იმედი გამიჩნდა

AutoSharing Option
ბოლო დროს, ჩემპიონთა ლიგაზე ქართველების თამაში იშვიათობა იყო. ამის ფონზე, ყველას გაგვიხარდა, რომ ვალერიან (ვაკო) გვილია ბორისოვოს ბატე-ს ფეხბურთელი გახდა.

ბელარუსის საუკეთესო კლუბში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების საყრდენი ნახევარმცველის მოხვედრა უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯია.

ვაკო გვილიას "ლელო" ბელარუსში დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩამოართვა...

- პოპულარულ კლუბში მოხვდით. ბატე ლამის ყოველ წელს ევროთასების ჯგუფურ ეტაპზე გადის. ეს თქვენთვის ახალი საფეხურია...
- ნამდვილად ასეა. ბატე არის ახალგაზრდა კლუბი, რომელსაც, ასაკის მიუხედავად, უკვე დიდი ისტორია აქვს, აქვს დიდი მიღწევებიც და, რაც ყველაზე მთავარია, დიდი ამბიციებიც. ეს
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ყველა მოთამაშე სწორედ ტიტულებისთვის მებრძოლ გუნდში თამაშზე ოცნებობს, კარიერა რომ გაილამაზოს და გაიზარდოს. ცხადია, ეს ჩემთვის წინგადადგმული ნაბიჯია. მიმაჩნია, რომ ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება.

- მოგვიყევით, მოლაპარაკებები როდის დაიწყო? როდის დაინტერესდა ბატე? ამის თაობაზე "ლელოც" წერდა და ბელარუსული მედიაც, რომელმაც ინფორმაცია ჯერ კიდევ თებერვალში გაავრცელა...
- დიახ, მართალია, რომ დაინტერესება ჯერ კიდევ ზამთარში იყო. მაგრამ მაშინ ლაპარაკი დაკონკრეტებამდე არ მისულა. ახლა კი მოლაპარაკება იყო სწორედაც კონკრეტული და საქმიანი.

გულწრფელად და სიყალბის გარეშე ვამბობ, რომ ბატე-ში გადმოსვლით ბედნიერი ვარ! სწორედ ასეთ გუნდში მოხვედრაზე ვოცნებობდი. აქ თავს თუ გამოიჩენ, მერე ევროპულ გუნდებს ადვილად დააინტერესებ, რადგან სულ ჩემპიონთა ან ევროპის ლიგების ჯგუფურ ეტაპებზე თამაშობენ.

- პოსტსაბჭოეთში ბატე ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია. მაგრამ საინტერესო იქნება, თქვენგან მოვისმინოთ - როგორი დატვირთვებია გუნდში? როგორია გარემო? პირობები?..
- ცხადია, სერიოზული დატვირთვებია. აქ ფეხბურთელებისთვის იდეალური პირობებია შექმნილი, რათა კარგად მოემზადოს, ითამაშოს და გაიზარდოს. იდეალურია ბაზა, რომელიც ქალაქგარეთაა, ირგვლივ ტყე და სუფთა ჰაერია. იდეალურია მოედნები... მოკლედ, აქ ყველა ის პირობა დამხვდა, მაღალ დონეზე რომ ვითამაშო და მოვუმატო.

- საინტერესოა, რამდენი მოედანია ბატე-ს ბაზაზე?
- ორი სავარჯიშო მინდორია და ორივე - ერთმანეთზე უკეთესი. ამას გარდა, არის პლაჟის ფეხბურთის მოედანი და ჩოგბურთის კორტი.

- პლაჟის ფეხბურთით ან ჩოგბურთით ერთობით?
- გუნდში სულ მესამედ ვივარჯიშე და ჯერჯერობით ჩოგბურთის ან ქვიშის ფეხბურთის სათამაშოდ დრო არ მქონია.

- ბელარუსებს კარგი საყრდენი ნახევარმცველები ჰყავთ. თუმცა, რადგან ამ გუნდში გადახვედით, ეტყობა, გაქვთ კიდეც იმედი, რომ ძირითადში ადგილს დაიმკვიდრებთ...
- რა თქმა უნდა, ამ გუნდში იმისთვის გადმოვედი, რომ ძირითად შემადგენლობაში მოვხვდე და გუნდში ჩემი შესაძლებლობები გამოვავლინო. საამისოდ, ყველაფერს გავაკეთებ, დანარჩენი კი მწვრთნელის გადასაწყვეტია.

- თქვენი ოცნება ეროვნულ ნაკრებში მოხვედრაა. ბატე-ში გადასვლით ამ ოცნებისკენ მიმავალ გზას იმოკლებთ?
- რა თქმა უნდა, ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა ჩემი ოცნება და მიზანია. ახლა ამის დიდი იმედიც გამიჩნდა.

კარგად ვაცნობიერებდი, რომ რომ ბატე-ში გადმოსვლით ნაკრებში მიწვევა უფრო რეალური გახდებოდა, ოღონდ, საამისოდ, ვარჯიშებზე თავდაუზოგავი შრომა და თამაშების მაღალ დონეზე ჩატარებაა საჭირო. ეს ოცნება რეალობად მხოლოდ ამ შემთხვევაში იქცევა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
წარმატებები ვაკოს..
პაატა
15:28 10-07-2016
0
ეს ძაან მაგარი ბიჭი ჩანს საუბრიდან და საქმის მიმართ მიდგომიდან გამომდინარე. ვაკო მხოლოდ ფეხბურთით იცხოვრე და წარმატება აუცილებლად მოვა.
წარმატებები კარგ ქართველს!
georgian
18:01 10-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული