ესპანეთში ამას არავინ გაპატიებს! - ოთარ კაკაბაძე ახალ გუნდზე და ახალ ცხოვრებაზე

AutoSharing Option
ივლისის დასაწყისში თბილისის "დინამოს" ყოფილმა მცველმა ოთარ კაკაბაძემ ტარაგონას "ხიმნასტიკთან" 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

"ხიმნასტიკი" დასრულებულ სეზონში ახლოს იყო პრიმერა დივიზიონში გადასვლასთან. კატალონიელები პლეი ოფში დამარცხდნენ. ბუნებრივია, ასეთ გუნდში 21 წლის ახალგაზრდის მოხვედრა წინ გადადგმული ნაბიჯია. მით უფრო, რომ ქართველი გულშემატკივარი მას იმედის თვალით უყურებს: კაკაბაძე ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის 10 საუკეთესო ფეხბურთელს შორის მოხვდა და მას შემდეგ, ყველა ასაკობრივ ნაკრებსა და ეროვნულ გუნდში თამაშიც მოასწრო.

ტარაგონელებმა შეკრებაზე ორი საკონტროლო შეხვედრა ჩაატარეს: "ხიმნასტიკში" კაკაბაძის დებიუტი 20 ივლისს, ესპანური პრიმერა დივიზიონის ბინადარ "ვილიარეალთან"
ამხანაგურ მატჩში შედგა. "ხიმნასტიკი" 1:2 დამარცხდა, კაკაბაძე კი ძირითად შემადგენლობაში იყო და ერთი ტაიმი ითამაშა. 23 ივლისს ტარაგონელებმა "ლა პობლას" მოუგეს (1:0). ქართველი მცველი ამჯერად სათადარიგო იყო და მოედანზე მეორე ტაიმის დასაწყისში გამოჩნდა.

კაკაბაძეს ესპანეთში დავუკავშირდით და ახალ გუნდსა და გარემოზე, პერსპექტივასა და სიახლეებზე ველაპარაკეთ.

- ჯერ მინდა თბილისის "დინამოზე" ვთქვა - ეს ჩემთვის მშობლიური კლუბია და სამშაბათს ჩემს მეგობრებს ჩემპიონთა ლიგაში ზაგრების "დინამოსთან" წარმატებას ვუსურვებ...

- დღეს ქართველი ფეხბურთელისთვის ესპანეთში მოხვედრა ოცნებას ჰგავს. თქვენ ეს ოცნება აიხდინეთ, მაგრამ არა მგონია, მხოლოდ ეს გაკმაყოფილებდეთ...
- რა თქმა უნდა, მთავარია, ჯერ აქ დავიმკვიდრო ადგილი და შემდეგ უფრო მაღალ დონეზე ვითამაშო. მანამდე კი "ხიმნასტიკს", ახალ თანაგუნდელებსა და სულ სხვა მოთხოვნებს უნდა შევეჩვიო.

- გიჭირთ ამ მხრივ?
- თავიდან გამიჭირდა, მაგრამ ნელ-ნელა უკეთესობას ვგრძნობ. "ხიმნასტიკში" ორი საკონტროლო მატჩი ჩავატარე და ორივეში თითო ტაიმი ვითამაშე. ვცდილობ, მწვრთნელის მოთხოვნები ავითვისო.

- ალბათ, ახალ გუნდში პირველი თამაშები გარკვეულ მღელვარებასა და დაძაბულობას იწვევს...
- პირველ დღეებში მართლაც დაძაბული ვიყავი. მაგრამ ახლა ამანაც გამიარა, რადგან "აბუ" (გიორგი აბურჯანია) და ჩისკო მაგრად მეხმარებიან. მათი თანადგომა ჩემთვის ბევრს ნიშნავს და პრობლემა აღარ მაქვს.

- ჩისკო? მან ხომ დაასრულა კარიერა?
- დაასრულა, მაგრამ "ხიმნასტიკის" მეორე მწვრთნელად დანიშნეს. ეს ზუსტად ჩემს ჩამოსვლამდე მოხდა.

- ისიც გვითხარი, ყველაზე მეტად რა გაგიადვილდათ და რა გაგიჭირდათ?
- ყველაზე მეტად გუნდის გამოცვლა და ოჯახისგან შორს ყოფნა გამიჭირდა. კარგად იცით, აქამდე მხოლოდ "დინამოში" მითამაშია... მაგრამ ფეხბურთელის ცხოვრება ასეა და უნდა შევეჩვიო.

- პრობლემაა სხვა გარემო, ახალი თანაგუნდელები და უცხო ენა?
- დიახ, ესეც პრობლემა იყო. ყველაზე მეტად მაინც ენის პრობლემა მაწუხებდა. მაგრამ კატალონიურის სწავლა უკვე დავიწყე და ამ მხრივაც ყველაფერი კარგად იქნება. ახლა იმაზე, თუ რა გამიადვილდა - აქ ცხოვრებაც სასიამოვნოა და ვარჯიშებიც. ამ კუთხით, ჩვენებისგან ყველანაირი ხელშეწყობა მაქვს.

- როგორია მწვრთნელების მიდგომა?
- მწვრთნელთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს.

- ესპანურ ფეხბურთს ყველა იცნობს. მაგრამ საკუთარი თვალით დანახული სულ სხვა რამაა. რა იყო თქვენთვის სიახლე? ის, რაც აქამდე არ იცოდით...
- სიახლეს ვერ ვიტყვი, მაგრამ ვიცოდი, რომ ბევრად მაღალ ტემპში თამაშობდნენ. თუმცა ამ ორი ამხანაგური თამაშით თუ ვიმსჯელებთ, ეს განსხვავება საკმაოდ საგრძნობია - გადაწყვეტილების უფრო სწრაფად მიღებასა და ტემპს ვგულისხმობ.

- საქართველოს ჩემპიონატის ძალიან დაბალი ტემპის შემდეგ, სეგუნდა დივიზიონის სისწრაფეებთან შეგუება რთული იქნება. აქაური ტემპით თუ ითამაშეთ და ბურთი დააყოვნეთ, მოედანზე ფეხებს "წაგაცლიან"...
- რა თქმა უნდა, შეგუება ამ განსხვავების გამოა რთული. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაზეც აქ ყურადღებას ამახვილებენ, ბურთის სწორად მიღებაა - თუ არასწორად მიიღე, საქართველოს ჩემპიონატში გაქვს დრო, რომ მეორე შეხებით გაისწორო და შეცდომა გამოასწორო. ესპანეთში კი ამის საშუალებას არავინ მოგცემს, არასწორად მიიღებ ბურთს და იქვე დაკარგავ. ესაა მნიშვნელოვანი განსხვავება.

მაგრამ მგონია, რომ ამასთან შეჩვევა არ უნდა გამიჭირდეს. მოსამზადებელი ეტაპი კარგად მიდის და ასე თუ გაგრძელდა, სეზონის დაწყებამდე სრულ მზადყოფნაში ვიქნები.

- საინტერესოა, ფიზიკურად როგორ გამზადებენ?
- რა თქმა უნდა, ვარჯიშები დამღლელია, ისევე, როგორც ყველა გუნდისთვის - მოსამზადებელ ეტაპზე. აქ უბურთოდ სირბილი საერთოდ იგნორირებულია, აქტიური ვარჯიშები სულ ბურთთან ერთად არის. ამას კვირაში ორი ამხანაგური შეხვედრა ემატება და... ბევრი არ არის, მაგრამ ნორმალურია.

- "ხიმნასტიკიდან" ნაკრებში დამკვიდრების პერსპექტივა უფრო რეალურად ჩანს?
- დიახ, რა თქმა უნდა. მაგრამ ნაკრებში გამოძახებისთვის აქ თავის დამკვიდრება და ხშირად თამაშია საჭირო. ამისთვის კი ყველაფერს გავაკეთებ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
თვის ბოლოს ფულის დროულად მიტანას ხო ასწავლიან
nukri
11:10 30-08-2016
0
ბურთის სწორად გაჩერებას ეხლა თუ გასწავლიან ... მაგარი ხარ/ ჩვენთან არ ასწავლიან მაგას.../ აუ მართლა რა ცუდ დღეშია ქართული ფეხბურთი!!!
van basten
22:03 07-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული