თემურ ქეცბაია: ჯანოს რწმენა და შანსი სჭირდებოდა

AutoSharing Option
რუსული "სპორტ ექსპრესი" საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიას დაუკავშირდა და  ჯანო ანანიძესა და საბა კვირკველიაზე ესაუბრა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრემიერლიგამ სტარტი სულ რამდენიმე დღის წინ აიღო. ანანიძემ პირველ ტურში ბრწყინვალე დუბლი მიითვალა, კვირკველია კი, რომლითაც, გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვის "სპარტაკი" ინტერესდება, "რუბინის" განაცხადში ვერ მოხვდა.

- ლეგიონი: ჯანო ანანიძის დუბლი ექვსწლიანი პაუზის შემდეგ! [VIDEO]
- ლეგიონი ევროპალიგაზე: კაცი კაცსა შემოსტყორცნა - ჯანოს გოლი-შედევრი [VIDEO]

- ჯანოზე მეკითხებით?, - დაიწყო ქეცბაიამ. -  დიდი ხნის წინ უნდა გამოეჩინა თავი. ვფიქრობ,
დიდი ხანია მისგან ამას ელოდნენ.

- ანანიძე თქვენი ფორმაციის ეროვნულ ნაკრებში თამაშობდა. რა შეგიძლიათ მასზე თქვათ, როგორც ფეხბურთელსა და პიროვნებაზე?
- ჩემი მწვრთნელობის დროს ჯანომ თითქმის ყველა მატჩი ძირითად შემადგენლობაში ჩაატარა. შესაძლოა, ნაკრების მაისურს იმაზე მეტჯერ ირგებდა, ვიდრე "სპარტაკისას". ჯანო კარგი ბიჭია.

კარგი ხასიათი აქვს. ფეხბურთი უყვარს. ელოდა თავის მომენტს და აი, ისიც. დაე, ამის მერეც გაუმართლოს. "სპარტაკისთვისაც" კარგი იქნება ეს. ჯანოს რწმენა და შანსი სჭირდებოდა.

ვიმედოვნებ, გუნდის მწვრთნელი მთლიანად ენდობა მას და ჯანოსთვის სეზონი წარმატებული გამოდგება.

- თქვენი აზრით, რომელი პოზიციაა მისთვის ოპტიმალური?
- მას როგორც მარცხნიდან, ისე მარჯვნიდან შეუძლია მოძრაობა, მაგრამ მისი პოზიცია - "ათიანია", ანუ ცენტრფორვარდის უკან. ამასთანავე, გუნდში ისეთი ფეხბურთელები უნდა იყვნენ, რომლებიც შეძლებენ მას თავისუფალი ზონა გაუხსნან. ჯანო გუნდს შეტევაში ძალიან ადგება.

- გსმენიათ რამე იმის შესახებ, რომ საბა კვირკველია, შესაძლოა, "სპარტაკში" გადავიდეს?
- არა. შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა, რომ კვირკველიას დონის მცველი მოსკოვურ კლუბს გამოადგებოდა. ბოლო წლებში "სპარტაკი" ფეხბურთელებს ყიდულობდა, ძლიერდებოდა, მაგრამ ყოველთვის პრობლემები დაცვაში ჰქონდა. თუ კვირკველია მანდ გადავა, ამით გუნდი გაძლიერდება. ახალგაზრდა ბიჭია, რომელსაც უკეთეს გუნდში უკეთესად გახდომა შეუძლია.

- ინგლისში ბოლოს როდის იყავით?
- მაისის თვეში.

- და როგორ მოგეწონათ "ნიუკასლი"?
- ყველაფერი გააკეთეს გუნდის პრემიერლიგიდან გასავარდნად. გაგიჟდები კაცი... ამხელა კლუბია, ყველაფერი აქვს - სტადიონი, გულშემატკივარი, ფული, მაგრამ სამწუხაროდ, ბოლო დროს იქ ცუდი რამეები ხდებოდა.

- ძველებურად შეგტკივათ ამ კლუბზე გული?
- ცხადია. ისევე, როგორც ყველა იმ გუნდზე, სადაც კი მითამაშია. მათი წარმატება მსურს. "ნიუკასლის" სიტუაციამ დაგვანახა, რომ მხოლოდ ფული კი არა, ტვინიც საჭიროა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული