რა ბედი ელის ჯანო ანანიძეს ყურბან ბერდიევის გაწვრთნილ "სპარტაკში"?

AutoSharing Option
ჯანო ანანიძის "სპარტაკი" ევროპალიგიდან ბევრად მოკრძალებული ბიუჯეტის მქონე კვიპროსულმა აეკ-მა (ლარნაკა) გამოთიშა და ევროპის ჩემპიონატის შედეგებით დათრგუნული რუსული საფეხბურთო საზოგადოება კიდევ უფრო დიდ შოკში ჩააგდო. მოსკოვური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დმიტრი ალენიჩევმა საპასუხო მატჩის შემდეგ პოსტი დატოვა...

10 აგვისტოს, გვიან ღამით championat.com-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ "სპარტაკის" მთავარ მწვრთნელად ყურბან ბერდიევი დაინიშნა. მეტიც - იგივე გამოცემა, წერს, რომ გამოცდილმა სპეციალისტმა "სახალხო გუნდის" მესვეურებს მომავალი 2 წლის განმავლობაში არანაკლებ 100 მილიონი ევროს ბიუჯეტი მოსთხოვა. ბერდიევის დანიშვნა გვიანობამდე ოფიციალურად დადასტურებული არ იყო, ამიტომ ეს
ამბავი მაინც მყარ ვერსიად ჩავთვალოთ...

გამოცემა "ბიზნესონლაინი" კი მოვლენებს ასწრებს და წერს, რომ დიდი ალბათობით, ბერდიევის "სპარტაკი" მასობრივად დაიწყებს აგენტ ლეონიდ ისტრატზე კლიენტების შეძენას და ძველი სახეებიდან "სახალხო გუნდში" ცოტა თუ დარჩება...

ცხადია, ასეთი გაურკვევლობა კითხვებს უჩენს ქართველ გულშემატკივარსაც. დმიტრი ალენიჩევი ბოლო პერიოდში ჯანო ანანიძეს ენდობოდა, სისტემატურად ათამაშებდა და ქართველიც ნდობას გოლებით ამართლებდა. ახლა საინტერესოა, რა ბედი ელის 23 წლის ჯანოს, ბერდიევის პირობებში?

"რუბინში" მისი მწვრთნელობისას, იქ არაერთი ქართველი ფეხბურთელი ჩაირიცხა - ნუკრი რევიშვილი, დავით ჩალაძე, ლევან სილაგაძე, ლევან სალუქვაძე, საბა და დავით კვირკველიები, მამუკა კობახიძე, გიორგი ქინქლაძე, მიხეილ აშვეთია, ნიკა კაჭარავა, ავთანდილ ბრაჭული, მიხეილ გორელიშვილი, მერაბ ურიდია, გიორგი ჩელებაძე...

ბევრმა მათგანმა რუსულ ფეხბურთში გზა სწორედ ბერდიევის წყალობით გაიკაფა. ამას ყაზანელთა ქართველი სპორტული დირექტორის, ირაკლი გეგეჭკორის დამსახურებად მიიჩნევდნენ. თავდაპირველად, "რუბინში" ქართველები მამუკა ჯუღელმა ჩაიყვანა, მერე - რევაზ ჩელებაძემ, რომელიც ამჟამად ქობულეთის "შუქურას" დირექტორია და ყაზანიდან რამდენიმე ქართველი (ავთანდილ ბრაჭული, მერაბ ურიდია და გიორგი ჩელებაძე) ჩამოიყვანა...

ჩელებაძე დარწმუნებულია, რომ ბერდიევი ჯანოს ნდობას გამოუცხადებს, თუ, რასაკვირველია, ფეხბურთელი ნაკლის გამოსწორებაზე იმუშავებს.

"ბერდიევს კარგად ვიცნობ. ის უპირატესობას ტექნიკურ და აზრიან ფეხბურთელებს ანიჭებს. ჯანო სწორედ ასეთი მოთამაშეა. მის შესახებ ბერდიევთან ბევრჯერ მილაპარაკია და უთქვამს, რომ სიამოვნებით აიყვანდა.

რამდენიმე წლის წინათ, ჯანოს სათამაშო პრაქტიკის პრობლემა შეექმნა და ბერდიევს მისი "რუბინში" იჯარით წაყვანა სურდა. სამწუხაროდ, მოსკოველებმა მაშინ არ გაუშვეს. ამიტომაც მგონია, რომ "სპარტაკში" დანიშვნის შემთხვევაში, ჯანოს აუცილებლად დატოვებს.

მაგრამ ერთხელაც ვთქვი და კიდევ ვიმეორებ - ანანიძეს აუცილებლად მეტი ჯანი, მოღონიერება სჭირდება, რომ ორთაბრძოლებში მოუმატოს. თუ ეს ნაკლი გამოასწორა, ჯანო ბერდიევის გუნდში სულ სასტარტო შემადგენლობაში იქნება", - მიაჩნია ჩელებაძეს.

P.S. გუშინ ჯანო ანანიძემ მცირე ტრავმის შემდეგ პირველად ივარჯიშა და მოელიან, რომ უახლოესი ტურისთვის მზად იქნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ლევან არა ლაშა სალუქვაძე თამაშობდა რუბინშში.
giorgi
12:04 11-08-2016
0
ჯანო მიაწექი ჯანიანად, ყველა ურწმუნო უნდა გააწბილო. უფალმა დაგლოცოს და გაგახაროს ოჯახთან ერთად.
gizog
13:23 11-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული