მოგეხსენებათ, 2018 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპი კარს მოგვადგა. ამ მხრივ კი, საგანგაშო სიტუაციაა. თუ რატომ, ქვემოთ გაეცნობით.
იტალია. სერია A. ჩემპიონატს უქართველებო სტარტი ჰქონდა, რადგან "ემპოლის" რიგებში არ იყვნენ ტრავმირებული ლევან მჭედლიძე და რომან ჭანტურია, რომელიც განაცხადში ვერ მოხვდა.
ესპანეთი. სეგუნდა დივიზიონი. "ხიმნასტიკის" ახალწვეული ოთარ კაკაბაძე განაცხადში არ ყოფილა "ლუგოსთან" საშინაო მატჩში - 2:2. ჯერ არც "სევილია ატლეტიკოს" რიგებში გამოჩენილა გიორგი აბურჯანია.
საფრანგეთი. ნასიონალი. ამირან სანაიას (78-ე წუთზე გამოცვალეს) "ლერბიემ" "პოსთან" 2:2 ითამაშა.
ჰოლანდია. ქართველთა "ვიტესმა" სტუმრად "როდას" სძლია - 1:0. კაპიტანმა გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ვაკო ყაზაიშვილმა მე-80 წუთზე გოლის ავტორი ბეიკერი შეცვალა.
პორტუგალია. პრიმეირა. ყოფილი გუნდი დაამარცხა გიორგი მაკარიძემ - "მორეირენშე" "ფეირენშეს" ესტუმრა და 3:0 მოუგო. ქართველმა კარი მშრალად შეინახა, მან მეტოქის 7 დარტყმა მოიგერია.
სეგუნდა. ავთო ებრალიძე "ჟილ ვისენტეს" განაცხადში არ ყოფილა, მისი გუნდი კი სტუმრად "ბენფიკას" დუბლებს დაუზავდა - 1:1.
გერმანია. თასის 1/32-ფინალში აკაკი გოგიას დრეზდენის "დინამომ" 2:2 ითამაშა "ლაიპციგთან", პენალტების სერიაში კი 5:4 მოიგო. ჩვენებური მოედანზე 88-ე წუთზე შევიდა. მან მასპინძელთა მე-4 პენალტი დაარტყა და გაიტანა.
ლუკას ჰუფნაგელის (სათადარიგო) "ფრაიბურგს" არ გასჭირვებია "ბაბელსბერგის" დამარცხება - 4:0.
თურქეთი. ნიკა ძალამიძის გარეშე მოთამაშე "რიზე" "კონიას" დაუზავდა.
ბელგია. პროქსიმუს ლიგა. ლევან შენგელიას "ტუბიცე" სტუმრად 1:4 დამარცხდა "სერკლ ბრიუგესთან". ქართველმა ფორვარდმა შეუცვლელად ითამაშა.
პოლონეთი. ექსტრაკლასა. ქართული დუელი ვიხილეთ ექსტრაკლასაში, სადაც ლაშა დვალის (შეუცვლელად ითამაშა) "შლიონსკი" გიორგი მერებაშვილის (შესვენებაზე შეცვალეს) "პლოცკს" დაუზავდა - 0:0.
დანია. სუპერლიგა. დავით სხირტლაძის "სილკებორგი" შინ 1:5 განადგურდა "ვიბორგთან" მატჩში. ჩვენებურმა 90 წუთი ითამაშა.
მათე ვაწაძის "ორჰუსი" შინ 0:7 განადგურდა "ბრონდბიუსთან". მათე კლუბში მხოლოდ ირიცხება, თამაში კი მას არ უწევს.
ავსტრია. ბუნდესლიგა. ჯერჯერობით, ვერ თამაშობს "რაპიდის" რიგებში გიორგი ქვილითაია. "რაპიდი" სტუმრად "ვოლფსბერგერს" დაუზავდა - 1:1.
რეგიონალლიგა. რეგიონალლიგიდან გავარდნილი "კიცბიუელი" (12 გოლი გასულ სეზონში) "კუფშტაინზე" გაცვალა 23 წლის ლუკა ძიძიგურმა. ახლა მას ტიროლის მხარის ამ კლუბისთვის გააქვს. "კუფშტაინმა" შინ "ზაალფელდენი" დაამარცხა - 3:2, ანგარიში კი ქართველმა ფორვარდმა გახსნა (მე-2 გოლი სეზონში), რომელიც 81-ე წუთზე გამოცვალეს.
ჩეხეთი. ზურაბ ცისკარიძე "ტეპლიცეს" სათადარიგო იყო, ნაკრების მცველის გუნდი შინ "მლადა ბოლესლავთან" დამარცხდა - 1:2.
სათადარიგო იყო ლევან ყენიაც, რომლის "სლავიამაც" 3:0 მოუგო "პჟიბრამს".
ნორვეგია. ტიპელიგაენი. გიორგი გოროზიას (72-ე წუთიდან ითამაშა) "სტაბეკმა" 3:0 მოუგო "ალესუნდს".
ისრაელი. ლიგათ ჰაალი. ისრაელის ჩემპიონატი მოგებით დაიწყო შოთა არველაძემ - მისმა გაწვრთნილმა "მაკაბიმ" თელ-ავივში 3:1 მოუგო ქვარ-საბას "ჰაპოელს".
ფინეთი. იუკონენლიგა. ირაკლი სირბილაძე დუბლით გამოირჩა, ხოლო მისმა კპვ-მ სტუმრად "ეკენასი" 2:0 დაამარცხა. 33 წლის ფორვარდის ანგარიშზე 18 მატჩში 11 გოლია.
კვიპროსი. ირაკლი მაისურაძის "ერმისი" სტუმრად 1:3 დამარცხდა "ომონიასთან". ჩვენებურმა 90 წუთი ითამაშა.
ქართველთა "ახნასი" სტუმრად "ზაკაკიუსთან" 1:3 დამარცხდა. სტუმართა რიგებში ჩვენებურთაგან მხოლოდ გიორგი ილურიძემ ითამაშა. ის თამაშში 56-ე წუთზე ჩაერთო. ელგუჯა გრიგალაშვილი, ნიკა კაჭარავა და გია გრიგალავა არ გამოჩენილან.
რუსეთი. პრემიერლიგა. კვლავ არ ათამაშებენ საბა კვირკველიას. "რუბინი" მის გარეშე დაუხვდა "ანჟის" და 1:2 დამარცხდა.
სათამაშო პრაქტიკა თითქმის არ ეძლევა გიორგი ჭანტურიას, რომლის "ურალი" "ამკარს" ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. ქართველი შემტევი სათადარიგო იყო.
ტრავმის მორჩენის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა ჯანო ანანიძე, რომლის "სპარტაკმაც" 2:0 მოუგო "კრასნოდარს". ანანიძემ მე-60 წუთზე შეცვალა პოპოვი. ქართველმა საგოლე კომბინაცია ქუსლით პასით დაიწყო. "ჩემპიონატმა" ჩვენებურის ნახევარსაათიანი გარჯა 7,5 ბალით დააფასა.
გიორგი ლორიას "კრილია" სტუმრად 0:0 დაუზავდა მოსკოვის "ლოკომოტივს". ქართველმა მეკარემ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და საბოლოოდ კარი მშრალად შეინახა. მეორე ტაიმში გიორგიმ ჩორლუკას პენალტიც მოიგერია და "ჩემპიონატისგან" 8,5 ბალი დაიმსახურა.
I დივიზიონი. მამუკა კობახიძის (90 წთ) "ნეფტეხიმიკი" სტუმრად "ვოლგართან" განადგურდა - 0:3.
უკრაინა. პრემიერლიგა. დუბლების ჩემპიონატში "შახტარმა" "დნიპრო" 2:1 დაამარცხა. გიორგი არაბიძემ პირველი ტაიმი ითამაშა.
სანდრო კობახიძის "ვორსკლა" "სტალს" დაუზავდა - 0:0. ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა.
"ზირკასთან" საგარეო მატჩში "ჩერნომორეცის" გმირი მცველი დავით ხოჭოლავა გახდა, რომელმაც 39-ე წუთზე მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა - 0:1. ქართველმა შეუცვლელად ითამაშა, მისი გუნდელი გიორგი გადრანი ახალი გამოჯანმრთელებულია და ჯერ პირველ გუნდში არ ჩანს.
ჯაბა ლიპარტიას "ზორიამ" 2:1 მოუგო "კარპატის". ჩვენებური 74-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში.
ბელორუსი. პაპუნა მოსემღვდლიშვილი ბოლო დროს აღარ ჩანს "სლავიას" რიგებში. მოზირელებმა შინ "კრუმკაჩი" დაამარცხეს - 1:0.
ვაკო გვილიას ბატე მინსკის "დინამოს" სტუმრად დაუზავდა - 1:1. ჩვენებური 69-ე წუთზე შეცვალეს, მანამდე მან ყვითელი ბარათი მიიღო.
ლატვია. "რიგასის" რიგებში გიორგი დიაკვნიშვილი 69-ე წუთზე შევიდა. ქართველმა "ლიეპაიას" ბოლო წუთზე გაუტანა და მასპინძლები მარცხისგან იხსნა - 1:1.
ესტონეთი. ზაქარია ბეგლარიშვილმა შეუცვლელად ითამაშა "ფლორას" შემადგენლობაში, რომელსაც არ გასჭირვებია სტუმრად "სილამაეს" განადგურება - 4:1.
მოლდოვა. ირაკლი გოგინაშვილის (განაცხადში არ ყოფილა) "სპერანცა" შინ "დაჩიასთან" 1:2 დამარცხდა.
გურამ მაღალდაძის "საქსანი" სტუმრად 1:2 დამარცხდა "პერტოკუბთან". ქართველს არ უთამაშია.
აზერბაიჯანი. ზაურ სვანაძის "ინტერი" შინ 2:2 დაუზავდა "ქიაფაზს". "ინტერის" ერთადერთმა ქართველმა ლეგიონერმა, ზურაბ ხიზანიშვილმა 81-ე წუთამდე ითამაშა.
ქართველთა აზალ-ი სტუმრად "ზირასთან" დამარცხდა - 1:3. სტუმართა ერთადერთი გოლი დავით ჯანელიძის ანგარიშზეა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა. აი, ნუგზარ კვირტია კი 76-ე წუთზე გამოცვალეს.
სომხეთი. "არარატის" შემადგენლობაში არ ყოფილა გიორგი ხუბუა. "არარატმა" "შირაქს" სტუმრად 1:0 მოუგო.
ყაზახეთი. შოთა გრიგალაშვილის (შეუცვლელად ითამაშა) "ირტიში" შინ "ოკჟეტპესთან 0:2 დამარცხდა.
კახა ცხადაძის "ქაირათმა" 3:1 მოუგო "აქტობეს". აღსანიშნავია, რომ ეს ქართველი მწვრთნელის გუნდის ზედიზედ მე-5 გამარჯვებაა ჩემპიონატში.
ქართველთა "ორდაბასი" სტუმრად ლიდერ "ასტანასთან" დამარცხდა - 0:2. გოგიტა გოგუა 62-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ოთარ მარცვალაძე მოედანზე ამავე წუთიდან გამოჩნდა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"