33-ე წუთზე დედაქალაქურ გუნდში თავი საქართველოს ნაკრების ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ გამოიჩინა. ეს მისი პირველი გოლია "რაპიდის" მაისურით. ქვილითაიამ 90 წუთი ითამაშა და თავის გოლამდე თანაგუნდელსაც გაატანინა.
იტალიის სერია A-ს მატჩში "ნაპოლიმ" შინ 2:0 მოუგო "ემპოლის". საქართველოს ნაკრების შემტევი ლევან მჭედლიძე სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 67 წუთი გაატარა.
უნგრეთის თასის გათამაშების 1/32-ფინალში "დიოშდიორმა" სტუმრად 1:0 მოუგო "სალგოტარიანს" და შემდგომ ეტაპზე გავიდა. გამარჯვებულთა შორის ძირითადში იყო
რუსეთის თასის მეოთხედფინალშია "რუბინი". საბა კვირკველიას გარეშე ყაზანელებმა შინ დამატებით დროშიღა გატეხეს ხაბაროვსკის "სკა-ენერგიას" წინააღმდეგობა.
ამავე ეტაპზე, "ურალმა" გასვლით მატჩში პენალტების სერიაში აჯობა პერმის "ამკარს". გიორგი ჭანტურიამ მატჩი სრულად ჩაატარა და 11-მეტრიანების სერიაშიც გამოიჩინა თავი. მასპინძელთა შორის 119 წუთი ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო გიორგი ჯიქიამ.
უკრაინის თასის 1/4-ფინალში გავიდა სანდრო კობახიძის "ვორსკლა", რომელმაც სტუმრად 1:0 მოუგო "ვერესს". კობახიძე 68-ე წუთზე შეცვალეს.
კიევის "დინამომ" შანსი არ დაუტოვა ლუგანსკის "ზორიას" - 5:2. წაგებულთა შორის 72 წუთი ითამაშა ჯაბა ლიპარტიამ.
ჰოლანდიის თასის 1/8-ფინალშია არნემის "ვიტესი", რომელმაც შინ 4:1 მოუგო "ვალვაიკს". 90 წუთი ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო გურამ კაშიამ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"