ლეგიონის უქმეები: სუპერკაჭარავა - ქართველის პოკერი კვიპროსზე [VIDEO]

AutoSharing Option
წინა უქმეების ქართულ ჰეთ-თრიკს (დავით სხირტლაძე) პოკერი მოჰყვა - ნიკა კაჭარავამ კვიპროსის ჩემპიონატის მატჩში 4 გოლი გაიტანა. ახნას "ეთნიკოსის" ფორვარდმა ერთმანეთზე უკეთესი გოლები შეაგდო - "მაკრატელა", თავური, მეკარისთვის ბურთის თავზე გადაგდებები... ამიტომ კვიპროსულმა მედიამ მას "სუპერკაჭარავა" უწოდა.

ამ პოკერის გარდა, ქართველმა ლეგიონერებმა კიდევ 3 გოლი გაიტანეს ამ უქმეებზე...

ტოპ-ლიგები
გერმანია
ბუნდესლიგა. ლუკას ჰუფნაგელი დიდი ხანია, რაც აღარ ავადმყოფობს, მაგრამ მთავარი "ფრაიბურგის" განაცხადში მაინც ვერ ხვდება. მისმა გუნდმა ბუნდესლიგაში სტუმრად "ვერდერი"
დაამარცხა (3:1), ჩვენებურმა კი იმავე დღეს "ფრაიბურგ II"-ის რიგებში ითამაშა და "ნეკარზულმერთან" წაგებულ (0:1) მატჩში ყვითელი ბარათი მიიღო.

იტალია
სერია A. ამჯერად, ლევან მჭედლიძეს შანსი არ მისცემია, მისმა "ემპოლიმ" კი 0:0 ითამაშა "რომასთან". მჭედლიძე სათადარიგო იყო, რომან ჭანტურია კვლავ ტრავმირებულია.

რუსეთი
პრემიერლიგა. ჯანო ანანიძე პირველად თამაშობდა მას მერე, რაც "სპარტაკთან" კონტრაქტი 2021 წლამდე გააგრძელა. მატჩი ძალიან პრინციპული იყო - მოსკოვური დერბი ცსკა-სთან, რომელიც "სპარტაკმა" 3:1 მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა. ჩვენებური 87-ე წუთზე შეცვალეს. "სპარტაკის" შეტევების უდიდეს ნაწილში ქართველი ნახევარმცველი მონაწილეობდა. მან "ჩემპიონატისგან" 7 ბალი მიიღო.

გიორგი ჭანტურია "ურალის" სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა. უკვე მე-9 წუთზე ის "ტერეკის" საჯარიმოში შეიჭრა და პენალტი გამოიმუშავა, რომელიც თავადვე გაიტანა (პირველი გოლი ჩემპიონატში).
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სამწუხაროდ, 27-ე წუთზე მან ტრავმა მიიღო და რამდენიმე წუთში შეცვლა მოითხოვა. "ურალი" კი 1:4 დამარცხდა "ტერეკთან". "ჩემპიონატმა" ჭანტურიას თამაში 6,5 ბალით შეაფასა.

თორნიკე ოქრიაშვილიც სასტარტოში იყო "კრასნოდარის" რიგებში. ჩვენებურის გუნდმა 10 კაცით 0:0 შეინარჩუნა სტუმრად "ანჟის" წინააღმდეგ. ოქრიაშვილი 77-ე წუთზე შეცვალეს.

პორტუგალია
პრიმეირა ლიგა. გიორგი მაკარიძის "მორეირენშემ" სტუმრად 2:1 მოუგო "ტონდელას" და გასავარდნ ზონას თავი დააღწია. კარში, რა თქმა უნდა, ქართველი გოლკიპერი იდგა.

უკრაინა
პრემიერლიგა. დავით ხოჭოლავას (90 წთ) "ჩერნომორეცი" "შახტართან" 0:2 დამარცხდა. ქართველმა მცველმა ყვითელი ბარათი მიიღო.

რადგან სულ უფრო ხშირად ახსენებენ თემურ ფარცვანიას ქართულ მედიაში და თან თავად ფეხბურთელი აპირებს მალე საქართველოს მოქალაქეობის მიღებას, ვიტყვით, რომ მან "ოლიმპიკის" რიგებში 90 წუთი დაჰყო "ვოლინთან" მოგებულ (2:1) მატჩში. ითამაშა მარჯვენა მცველად და საგოლე პასიც გააკეთა, მატჩის მიწურულს კი ყვითელი ბარათიც მიიღო.

რაც შეეხება დავით ოჩიგავას, მან კიევის "დინამოს" რიგებში მე-2 ტაიმი ითამაშა "კარპატისთან" (ამბროსი ჩაჩუამ შეუცვლელად ითამაშა) დიდი ანგარიშით მოგებულ (4:1) შეხვედრაში.

"ზორიამ" "ზირკას" ჯაბა ლიპარტიას გარეშე აჯობა - 2:1.

სანდრო კობახიძემ 92-ე წუთზე პენალტი გაუტანა "ოლექსანდრიას" და ანგარიში 1:2 გახადა. "ვორსკლამ" ამის შემდეგ კიდევ ერთი გოლის გატანა და თამაშის გადარჩენა შეძლო - 2:2.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ჩეხეთი
1 ლიგა. "ტეპლიცეში" არაფერი იცვლება ზურაბ ცისკარიძისთვის - ქართველი მცველი სათადარიგო იყო "სლოვაცკოსთან" გასვლით მატჩში - 1:1. სწორედ უთამაშებლობის გამო დაკარგა ცისკარიძემ ადგილი ეროვნულ გუნდში.

ლევან ყენია კვლავ ტრავმირებულია, მისი "სლავია" კი სტუმრად "იაბლონეცს" დაუზავდა - 0:0.

ჰოლანდია
ერედივიზიე. გურამ კაშიას (90 წთ) "ვიტესი" შინ 0:2 დამარცხდა პსვ-სთან.

საბერძნეთი
სუპერლიგა. გიორგი ნავალოვსკი 86-ე წუთზე გამოჩნდა "ვერიასა" და "პლატანიასის" შეხვედრაში, რომელიც 0:0 დასრულდა.

ავსტრია
ბუნდესლიგა. გიორგი ქვილითაიამ ავსტრიულ ბუნდესლიგაში პირველად ითამაშა სასტარტო შემადგენლობაში. ეს მოხდა "რაპიდის" საგარეო მატჩში "ადმირასთან", რომელიც ქართველის გუნდმა 2:1 მოიგო. ქვილითაია 69-ე წუთზე შეცვალეს, მაგრამ საგოლე პასის გაკეთება მაინც მოასწრო.

დანია
სასლიგა. წინა ტურში ჰეთ-თრიკის ავტორ დავით სხირტლაძეს ამჯერად თავი აღარ გამოუჩენია, მისმა "სილკებორგმა" კი "ოდენსეს" შინ ქულები გაუყო - 1:1. სხირტლაძემ შეუცვლელად ითამაშა. ჩვენებურს ერთი სახიფათო მომენტი ჰქონდა, მაგრამ ბურთი კარს ააცილა.

ბელორუსი
ვისშაია ლიგა. უკვე ბელორუსის ჩემპიონმა ბატე-მ მინსკში იოლად დაამარცხა "კრუმჩაკი" - 3:0. სათასო მატჩის შემდეგ ძირითადს დაუბრუნდა ვაკო გვილია, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა. ბატე-მ ჯერ გვილიას წამოწყებული კომბინაციით გახსნა ანგარიში, მერე მისი დარტყმული მცველმა ცარიელი კარიდან გამოიტანა, ბოლოს კი ერთი საგოლე პასი მაინც მიითვალა (კუთხურიდან).

პაპუნა მოსემღვდლიშვილს არ უთამაშია, ხოლო მისი "სლავია" "ჟოდინოსთან" სტუმრად 0:2 დამარცხდა.

პოლონეთი
ექსტრაკლასა. ვაკო ყაზაიშვილს ცუდი არჩევანი გამოუვიდა, როცა იჯარით პოლონეთში წასვლა გადაწყვიტა - მისმა "ლეგიამ" სტუმრად "კორონას" 4:2 მოუგო, თავად კი განაცხადშიც არ იყო.

"გურნიკმა" (ლეჩნა) ნიკა ძალამიძის გარეშე მიიღო ლაშა დვალის (90 წთ) "შლიონსკი" და 0:3 დამარცხდა.

გიორგი მერებაშვილის (90 წთ) "პლოცკი" "ლეხთან" სტუმრად 0:2 დამარცხდა.

ნორვეგია
ტიპელიგენი. გიორგი გოროზიას "სტაბეკი" გავარდნის უპირველესი კანდიდატია. ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში ქართველის გუნდი სტუმრად 0:3 დამარცხდა "მოლდესთან". ჩვენებური მე-60 წუთზე შეცვალეს.

ისრაელი
ლიგათ ჰა'ალი. ტურის ცენტრალურ მატჩში შოთა არველაძის გაწვრთნილი თელ-ავივის "მაკაბი" სტუმრად ბეერ-შევას "ჰაპოელს" შეხვდა და უშუალო კონკურენტთან 0:2 წააგო. 8 ტურის შემდეგ "მაკაბის" 16 ქულა აქვს და მე-3 ადგილზეა.

აზერბაიჯანი
პრემიერლიგა. ლიდერმა "გაბალამ" ნიკა კვეკვესკირის გარეშე დაამარცხა "ნეფთჩი" - 4:1.

აუტსაიდერმა აზალ-მა შინ 0:1 წააგო ჩემპიონ "ყარაბაღთან". წაგებულთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა ნუგზარ კვირტიამ, 66-ე წუთიდან კი მოედანზე დავით ჯანელიძეც გამოჩნდა.

ის, რომ ზაურ სვანაძის "ინტერმა" იმარჯვა (3:1 "სუმგაითთან"), ზურაბ ხიზანიშვილის დიდი დამსახურებაა. 21-ე წუთზე სწორედ მან გაათანაბრა ანგარიში და სათავე დაუდო თამაშის შემოტრიალებას. ვეტერანმა მცველმა ამ სეზონში პირველი გოლი გაიტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

კვიპროსი
I დივიზიონი. სეზონში მეორედ მოიგო ახნას "ეთნიკოსმა", რომელმაც "კარმიოტისას" 4:2 აჯობა. ოთხივე გოლი ნიკა კაჭარავას ანგარიშზეა. ეს გოლები მან 26-წუთიან (30-დან 56-მდე) მონაკვეთში გაიტანა. ქართველ ფორვარდს გოლის გატანის კიდევ ორი აშკარა შანსი ჰქონდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ნიკა ყიფიანი 61-ე წუთზე გიორგი ილურიძემ შეცვალა, ხოლო გია გრიგალავას კვლავ არ უთამაშია.

ირაკლი მაისურაძის (სათადარიგო იყო) "ერმისი" შინ "ნეა სალამინასთან" 1:2 დამარცხდა.

ყაზახეთი
პრემიერლიგა. კახაბერ ცხადაძემ ალმათის "ქაირათი" ვიცე-ჩემპიონი გახადა, რაც გუნდში ქართველი სპეციალისტის მისვლის წინ თითქმის წარმოუდგენელი იყო. საქართველოს ნაკრების ექსთავკაცმა სეზონი "ოკჟეტპესის" 5:0 დამარცხებით დაასრულა და ჩემპიონ "ასტანას" სულ რაღაც 2 ქულით ჩამორჩა. თამაშის შემდეგ ცხადაძემ განაცხადა, რომ მისი გუნდი და "ასტანა" ევროპული დონისანი არიან.

შოთა გრიგალაშვილის "ირტიში" ფინიშის ხაზთან მესამე მივიდა. ბოლო ტურში ჩვენებურის გუნდმა 0:0 ითამაშა "ასტანასთან". ქართველი ამ თამაშში შეუცვლელი იყო.

მე-4 ადგილზე დაასრულა პირველობა ქართველთა "ორდაბასიმ", რომელმაც ბოლო ტურში 2:1 მოუგო "აქტობეს". გოგიტა გოგუა 47-ე წუთზე შეცვალეს, ოთარ მარცვალაძე - 68-ეზე.

უნგრეთი
OTP-ბანკ ლიგა. აუტსაიდერი "დიოშდიორი" ერთ-ერთ ლიდერ "ფერენცვაროშთან" შინ 2:3 დამარცხდა. მასპინძელთა რიგებში 81-ე წუთზე შეცვალეს ბუბა დაუშვილი.

მოლდოვა
დივიზიონა ნაციონალა. ირაკლი ჩომახაშვილის (არ უთამაშია) "უნგენი" სტუმრად "სპერანცასთან" 0:3 დამარცხდა, გურამ მაღალდაძის (არ უთამაშია) "საქსანმა" კი გასვლაზე 0:1 დათმო "აკადემიასთან". "უნგენი" ბოლოსწინა, ხოლო "საქსანი" ბოლო ადგილზეა.

ლატვია
ვირშლიგა. გიორგი დიაკვნიშვილის (84-ე წუთზე შეცვალეს) "რიგასი" შინ ლიდერ "სპარტაკსთან" დამარცხდა - 0:2.

ესტონეთი
მეისტრილიგა. ზაქარია ბეგლარიშვილის (90 წთ) "ფლორამ" შინ მოულოდნელად დაკარგა ქულები "სილამიაესთან" - 3:3. ამით "ფლორამ" ჩემპიონის ტიტული დაკარგა, რადგან ბოლო ტურის წინ ლიდერს 4 ქულით ჩამორჩება.

სომხეთი
პრემიერლიგა. გოგიტა გოგატიშვილის (90 წთ) "განძასარმა" 1:0 დაამარცხა "არარატი", ხოლო ირაკლი კვეკვესკირის "ალაშკერტმა" სტუმრად 1:2 დათმო "პიუნიკთან".

უზბეკეთი
პროფლიგა. 27-ე ტურში კახა მახარაძის "ლოკომოტივმა" 3:2 მოუგო "ნასაფს" და ლიდერობა შეინარჩუნა. ქართველმა კაპიტანმა შეუცვლელად ითამაშა.

გიორგი კვესიეშვილის (90 წთ) "ყიზილყუმმა" კი სტუმრად 2:0 დაამარცხა "ნავბახორი".

მეორე ეშელონები
ესპანეთი
ლა ლიგა 1|2|3. გიორგი აბურჯანია კვლავ არ არის მზად სათამაშოდ. ამასობაში კი "სევილიას" დუბლებმა 2:0 მოუგეს "ელჩეს".

ოთარ კაკაბაძემ შეუცვლელად ითამაშა "ხიმნასტიკის" შემადგენლობაში, რომელმაც ბოლო წამებზე გაუშვა ხელიდან გამარჯვება "მალიორკასთან" მატჩში - 2:2.

გერმანია
II ბუნდესლიგა. აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ 24 წლის აკაკი გოგიას ნაკრებისთვის დაკარგვა არაფრით შეიძლება. ის მართლაც ბრწყინვალე ფეხბურთელი ჩანს.

გოგიას "დინამომ" 5-გოლიან დრეზდენულ თრილერში 3:2 აჯობა ერთპიროვნულ ლიდერ "ბრაუნშვაიგს", არადა, პირველი ტაიმის შემდეგ 0:2-ს აგებდა. ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა და მისი უდიდესი დამსახურებით გავიდა გადამწყვეტი გოლი 81-ე წუთზე.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

გოგიამ "შპორტალისგან" საკმაოდ მაღალი შეფასება - 2,5 ბალი მიიღო.

საფრანგეთი
ლიგა 2. ჯაბა კანკავამ კვლავ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო მისმა "რეიმსმა" ელიტაში დაწინაურებისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტ "ლე ავრს" 1:0 მოუგო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

73-ე წუთზე საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ყვითელი ბარათი მიიღო. ეს მისი პირველი გაფრთხილებაა ამ სეზონში (ერთიც დუბლების ჩემპიონატში მიიღო). შეგახსენებთ, რომ შარშან მას 12-ჯერ უჩვენეს ყვითელი ბარათი და ერთხელაც გააძევეს.

ნასიონალი. ამირან სანაიას არ უთამაშია, მისი "ლერბიე" სტუმრად "ავრანშს" დაუზავდა - 2:2.

რუსეთი
I დივიზიონი. მამუკა კობახიძის (90 წთ) "ნეფტეხიმიკი" სტუმრად დაუზავდა (0:0) "ტამბოვს".

პორტუგალია
სეგუნდა დივიზიონი. ავთო ებრალიძეს არ უთამაშია მატჩში, რომელშიც მისი "ჟილ ვისენტე" სტუმრად უგოლო ფრეს დასჯერდა "აკადემიკასთან".

უკრაინა
პრემიერლიგა (U21). 21-წლამდელთა პირველობის მორიგ მატჩში "შახტარმა" "ჩერნომორეცი" 3:0 დაამარცხა. "შახტარის" რიგებში შეუცვლელად ითამაშა გიორგი არაბიძემ, ოდესელთა შორის კი - გიორგი გადრანმა. არაბიძემ 93-ე წუთზე პენალტი გაიტანა, რომელიც თავადვე გამოიმუშავა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"შახტარის" დუბლები ტურნირს ლიდერობენ, ხოლო 18 წლის ქართველ ნახევარმცველს სეზონში უკვე 7 გოლი აქვს გატანილი.

ბელგია
პროქსიმუს ლიგა. ლევან შენგელიას (65-ე წუთიდან ითამაშა) "ტუბიცე" სტუმრად ერთ-ერთ ლიდერ "ანტვერპენთან" 0:2 დამარცხდა.

ავსტრია
რეგიონალლიგა. ლუკა ძიძიგურის (90 წთ) "კუფშტაინმა" 1:0 დაამარცხა "ვიორგლი".

ლეგიონი დღეს
დღეს ქართულ ლეგიონს მხოლოდ 3 მატჩი ელის. რუსულ პრემიერლიგაში საბა კვირკველიას "რუბინი" "ლოკომოტივს" მასპინძლობს, ხოლო გიორგი ლორიას "კრილია სოვეტოვი" "ორენბურგს" სტუმრობს.

იტალიის რანგით მესამე დივიზიონში კი ირაკლი შეყილაძის "ტუტოკუოიო" გასვლაზე "პონტედერას" ეთამაშება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ყაზაიშვილის ნაცვლად ამ ეტაპზე აჯობებს კობახიძემ ითამაშოს ძირითადში. ვაკოს თავს რაც ხდება ამას სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდით. ისე არაბიძეც რომ მოეწვია ნაკრებში კარგი იქნებოდა.
kika
12:55 31-10-2016
0
კვირკველიამ აუცილებლად როგორმე უნდა დატოვოს რუბინი მისთვის ასე აჯობებს,მჭედლიძის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს მაგრამ რო არ თამაშობს ცუდია, ალბათ დროა მოლდოვასთან ქვილითაია ან კაჭარავა მოსინჯონ ძირითადში ორივეს სათამაშო პრაქტიკა აქვს თან,ყაზაიშვილმა კი ყველაფერი უნდა გააკეთოს და ლეგიას ძირითადში უნდა მოხვდეს,კარგი ასევე რომ ოქრიაშვილმა ძირითადში ითამაშა.
bebeto
14:23 31-10-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული