ზედიზედ მესამედ - დავით სხირტლაძე კვლავ "სილკებორგის" ფანების რჩეულია

AutoSharing Option
დავით სხირტლაძე "სილკებორგის" ფანებმა კვლავ საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. მოკრძალებულმა საფეხბურთო კლუბმა ოქტომბრის თვის გამორჩეული ფეხბურთელის გამოსავლენად ტრადიციული გამოკითხვა "სილკებორგის" ოფიციალურ ვებგვერდზე ჩაატარა. ქართველმა თავდამსხმელმა ხმათა 58 პროცენტი მიიღო და პირველ ადგილზე გავიდა.

საინტერესოა, რომ გუნდის ფანებმა 23 წლის ქართველი საუკეთესოდ აგვისტოსა და სექტემბერშიც აღიარეს. ეს ქართულ ფეხბურთში პირველი შემთხვევაა - ზედიზედ სამი თვის განმავლობაში უცხოურ კლუბში ფანების რჩეულად ქართველი არსად და არასოდეს დაუსახელებიათ. მართალია, დანიური სუპერლიგა ტოპ-ჩემპიონატების რანგი არ არის, მაგრამ საკმაოდ ნორმალური დონეა და ცხადია, სხირტლაძის აღიარება გვახარებს.

კლუბის
ვებგვერდზე მითითებულია, რომ ფანებმა ქართველს, ყველაზე მეტად, 21 ოქტომბერს "ვიბორგის" წინააღმდეგ სტუმრად შთამბეჭდავი თამაში დაუფასეს, სადაც "სილკებორგმა" 3:1 სწორედ ქართველის ჰეთ-თრიკით მოიგო.

მიმდინარე სეზონში, სხირტლაძემ დანიის სუპერლიგაში 16 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით ბომბარდირებს შორის IV-VII ადგილებს იყოფს.

6 წელია, რაც სხირტლაძე დანიაში თამაშობს. კლუბი წლეულს ზაფხულში შეიცვალა - "სილკებორგში" "ორჰუსიდან" გადავიდა და აშკარად უკეთესად წარმოჩნდა.

იმედია, ასე მოხდება საქართველოს ნაკრებშიც, სადაც ვლადიმირ ვაისი მას ბოლო პერიოდში სისტემატურად იძახებს. მას სჭირდება თუნდაც ერთი გოლი, რათა ფსიქოლოგიური ბარიერი დაძლიოს და "გაიხსნას", თორემ სანაკრებო პოტენციალი მას ნამდვილად გააჩნია. ვაისი ტყუილად არ დაუძახებდა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული