"ლელომ" კვეკვესკირთან ინტერვიუ ჩაწერა...
- როგორი იყო თქვენთვის ეს საფეხბურთო წელიწადი, რომელიც ფინიშს უახლოვდება? ფაქტია, ტრავმამ ძალიან შეგიშალათ ხელი...
- დავიწყებ იმით, რაც ტრავმამდე იყო. იმ პერიოდს ერთმნიშვნელოვნად დადებითად შევაფასებ. "გაბალაში" ძალიან მალე გავიარე ადაპტაცია. მოვხვდით ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე, მაგრამ იმდენად სერიოზული ტრავმა მივიღე, ისე გამოდის, რომ თავიდან მიწევს "გაბალაში" საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცება.
- თავად გუნდი როგორ თამაშობს? კმაყოფილია ხელმძღვანელობა
- ჩვენ შევასრულეთ პროგრამა-მინიმუმი და გავედით ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე. ეს აუცილებლად უნდა ვთქვა - ძალიან რთულ ჯგუფში მოვხვდით, თან ტრავმებმაც შეგვიშალა ხელი. ამის გამო, ოპტიმალური შემადგენლობით არც ერთი მატჩი არ ჩაგვიტარებია. მართალია, აღარ არის ჯგუფიდან გასვლის შანსი, მაგრამ ყველა შემთხვევაში, ჩვენთვის ეს იყო დიდი გამოცდილება.
"გაბალა" ძალიან ახალგაზრდული გუნდია და მიუხედავად ამისა, ზედიზედ მეორე წელია, ევროპალიგის ჯგუფში თამაშობს...
რაც შეეხება შიდა ასპარეზს, დარწმუნებული ვარ, ბოლომდე იქნება ბრძოლა ჩემპიონობისთვის ჩვენსა და "ყარაბაღს" შორის. თუმცა "ინტერის" ჩამოწერაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.
- უკვე შეიძლება ითქვას, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ყველა პრობლემა წარსულს ჩაბარდა?
- იმედი მაქვს, წარსულში დარჩა. უკვე ჯანმრთელად ვარ და ჩვეულებრივად ვვარჯიშობ. გულწრფელად ვამბობ - რომ ჯერ არ ვარ სასურველ ფორმაში, მაგრამ მთავარია, ჯანი მიწყობდეს ხელს, დანარჩენი ყველაფერი დროის ამბავია.
- ცუდია, რომ ტრავმამ "გაბალას" ევრომატჩები გამოგატოვებინათ...
- ჯერ ხეირიანად ვერ გავუსინჯე გემო ევროპალიგას. ისე, საკვალიფიკაციო ეტაპზეც ძალიან ძლიერ გუნდებს შევხვდით. ეს გუნდისთვისაც და პირადად ჩემთვისაც დიდი გამოცდილება იყო. იმედია, ხშირად მომიწევს ჯგუფში თამაში. ევროპული ფეხბურთის სურნელი სხვაა, სხვა განზომილებაა... ამის გარეშე ფეხბურთი ცოტა უფერულია.
- ამბობენ, აზერბაიჯანის ჩემპიონატის დონე ბოლოხანს დაეცაო...
- ჩემი აზრით, აზერბაიჯანის ჩემპიონატის დონე, თუნდაც წინა წელთან შედარებით, ოდნავ დაეცა. თუმცა კონკრეტულად რომ ავიღოთ, მაგალითად - "გაბალა", მნიშვნელოვნად გაიზარდა, როგორც გუნდი და მე რომ მკითხოთ, უკვე მზად არის ჩემპიონობისთვის.
აქ არის "ყარაბაღიც", რომელიც, ჩემი აზრით, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფის დონის გუნდია. ან, ვთქვათ, "ინტერი", რომელიც სტაბილურად მაღალ დონეზე თამაშობს და ეს, უპირველეს ყოვლისა, ზაურ სვანაძის დამსახურებაა. ამის თქმის არ მომერიდება. მისი როლი უდიდესია "ინტერის" წარმატებაში.
- როგორია "გაბალა" შიგნიდან?
- ერთ მუშტად შეკრული გუნდია. ჩვენთან თამაშობენ ინდივიდუალურად ძალიან ძლიერი ფეხბურთელები, მაგრამ გუნდის მთავარი კოზირი მაინც კოლექტიური სულია. ეს არის გამართულად მომუშავე მექანიზმი და, იმედია, სეზონის ბოლომდე გვეყოფა ძალები.
ამ ყველაფერში კი ძალიან დიდია რომან გრიგორჩუკის როლი. მაღალი დონის მწვრთნელია. შესანიშნავადაა ჩახედული ფეხბურთის ყველა საიდუმლოში. სასიამოვნოა ასეთ სპეციალისტთან მუშაობა. მეტოქის თამაშს ისე შიფრავს, მოედანზე საქმეს ძალიან გვიადვილებს. მე პირადად, მისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე.
- ხომ არ არის კარიერის გაგრძელების უფრო საინტერესო ვარიანტი?
- რთულია ვარიანტებზე ლაპარაკი მაშინ, როცა ტრავმამ პრაქტიკულად სეზონის მთელი პირველი ნახევარი დამაკარგვინა. უკვე გითხარით და კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ჯერ "გაბალაშიც" კი ყველაფერი თავიდან მაქვს დასამტკიცებელი. როცა ამას გავაკეთებ და, დიდი იმედი მაქვს, რომ აზერბაიჯანის ჩემპიონატსაც მოვიგებ, მერე სიამოვნებით გადავდგამ შემდეგ ნაბიჯს კარიერაში.
- როგორი იყო საქართველოს ნაკრებისთვის მიმავალი წელიწადი?
- რთული და მრავალფეროვანი. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე ხმაურიანი გამარჯვება მოვიპოვეთ ესპანეთთან. სამწუხაროდ, ეს გამარჯვება ვერ გავამყარეთ შემდეგ თამაშებში. არადა, თუნდაც ირლანდიასა და უელსთან მატჩებმა გვიჩვენა, რომ პოტენციალი გვაქვს და ჩვენს ნაკრებს მაღალ დონეზე შეუძლია ფეხბურთის თამაში. სამწუხაროდ, რომელ თამაშშიც ფავორიტები ვიყავით, ვერ მოვიგეთ, მაგრამ ჩვენი ნაკრების ბოლომდე მჯერა.
დიდი პლუსია ის, რომ ძალიან ახალგაზრდული შემადგენლობა გვყავს. ურყევად მჯერა: არის საქართველოს ნაკრებში იმის პოტენციალი და ძალა, რომ ახლო მომავალში ვითამაშოთ დიდ ტურნირებზე. უბრალოდ, კიდევ არის გზა გასავლელი, კიდევ ბევრი შრომაა საჭირო...
ნაკრების ქომაგებს მინდა ვუთხრა: ბოლო მატჩებში მეც მათსავით ქომაგის რანგში ვიყავი და მეც მტკიოდა ძალიან, როგორც მათ. ბიჭებს ყველაზე მეტად სტკივათ და აწუხებთ წარუმატებლობა, თქვენი გვერდში დგომა კი დიდი სტიმული და ძალაა მათთვის.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"