შოთა არველაძემ ნავსი "დანდალკთან" უნდა გატეხოს, თუ არა და...

AutoSharing Option
შოთა არველაძის გაწვრთნილ თელ-ავივის "მაკაბის" საუკეთესო დროება ნამდვილად არ უდგას. ისრაელის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში 43 წლის ქართველი სპეციალისტის გუნდმა ერთ-ერთი აუტსაიდერი, "აშქელონი" ვერ დაამარცხა. გუნდი, რომლის მიზანიც მხოლოდ ქვეყნის ჩემპიონობა იყო, ლიდერ ბეერ შევას "ჰაპოელს" უკვე მთელი 10 ქულით ჩამორჩება...

როგორც ებრაული მედია იტყობინება, ამ შეხვედრის შემდეგ კლუბის გულშემატკივრებმა შოთა არველაძეს ობსტრუქცია მოუწყვეს.

- გულშემატკივრებმა შოთა არველაძეს ობსტრუქცია მოუწყვეს [VIDEO]

ვარაუდობენ, რომ "მაკაბის" ხელმძღვანელობა ქართველს ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩის შემდეგ გაათავისუფლებს.

ებრაული Ynet კი წერს, რომ "მაკაბის" მფლობელის, კანადელი მილიარდერის, მიჩ გოლდჰარის ინიციატივით, ისრაელში ჩავიდა მისი პირადი წარმომადგენელი ჯეკ ანგლიდისი. ამასთან ერთად, გადაწყვეტილია, რომ ირლანდიური "დანდალკის" წინააღმდეგ ხუთშაბათს გასამართავ ევროპალიგის მატჩს "მაკაბი" კვლავ არველაძის ხელმძღვანელობით ჩაატარებს.

ებრაული მედია ასახელებს არველაძის სავარაუდო შემცვლელსაც - პატრიკ ვან ლეუვენი. Ynet-ის ცნობით, დიდია ალბათობა, რომ ქართველთან წლიური 900-ათასევროიანი კონტრაქტი შეწყდეს.

"მაკაბი" კი შოთას ხელმძღვანელობით ჩვეულებრივად ემზადება "დანდალკთან" მატჩისთვის. თუ ებრაული კლუბი მოიგებს, ხოლო "ალკმაარი" შინ ვერ დაამარცხებს "ზენიტს", მაშინ არველაძის გაწვრთნილი გუნდი ჯგუფურ ბარიერს დაძლევს, რაც თელავივური კლუბისთვის დიდი წარმატება იქნება.

როგორც გავიგეთ, ხსენებულ იმავე "ალკმაართან" ერთად, შოთას თანამშრომლობით კვლავ დაინტერესებულია "კრასნოდარი". რუსულ კლუბში ქართველის კანდიდატურას გავლენიანი მომხრე ჰყავს - ეროვნებით აფხაზი, კლუბის გენერალური დირექტორი ვლადიმირ ხაშიგი.

რაც შეეხება "ალკმაარს", ამ კლუბის ინტერესი ძალიან რეალურია. ცნობილია, რომ კლუბთან ხელშეკრულებას აღარ აგრძელებს გუნდის მთავარი მწვრთნელი ჯონ ვან დერ ბრომი. თავის დროზე, არველაძეს სწორედ "ალკმაარისთვის" გაჰქონდა გოლები, მერე კი ამავე გუნდში ლუის ვან გაალის ასისტენტი გახლდათ. შოთას იქ დღემდე დიდ პატივს სცემენ.

ასევე ერთობ საინტერესოა "კრასნოდარის" ვარიანტიც. ამ გუნდს რუსეთის ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, თუმცა მიმდინარე სეზონში მაინცდამაინც სტაბილური ვერ არის.

თუმცა ორივე შემთხვევაში მთავარი ერთი რამაა - "ალკმაარიცა" და "კრასნოდარიც" ამბიციური კლუბები არიან და პრეტენზია აქვთ, რომ მომავალ სეზონშიც ითამაშონ ევროტურნირებზე. ისე, სიმბოლურია, "ალკმაარი" და "მაკაბი" ერთად არიან ჯგუფში...

მაგრამ დავუბრუნდეთ ებრაული კლუბის შანსებს. მართალია, ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში "მაკაბი" მხოლოდ საკუთარ თავზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ პლეი ოფში გასვლის არცთუ ურიგო შანსი აქვს. წესით, სატურნირო მოტივაციის ნაკლებობის მიუხედავად, "ზენიტმა" ჰოლანდიაში უნდა მოიგოს, თავად შოთას გუნდს კი საკუთარ მოედანზე ნამდვილად შეუძლია "დანდალკის" დამარცხება. და ეს იმის მიუხედავად, რომ ირლანდიური კლუბი საჩუქარი არავისთვისაა. ბოლო მატჩებმაც გვიჩვენა, რომ "მაკაბის" უჭირს თამაში ისეთი გუნდების წინააღმდეგ, რომლებიც მხოლოდ საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავენ...

თუ მოვლენები შოთასთვის სასურველი სცენარით წარიმართა, ეს მნიშვნელოვნად გაამყარებს მის პოზიციებს ებრაულ კლუბში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
არ შეუძლია ამ კაცს მწვრთნელობა და შეეშვით რა.
misha
15:59 06-12-2016
0
ბიჰო არველაზეს გარდა სხა ქარტველ მცვრტნელებზე რატო არ ცერტ.აა ტქვენ სჰოტის პირადი პიარ მენეჯერიხარტ?
ბაჯ
12:51 06-12-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული