[ექსკლუზივი] გურამ კაშია - "ბეტისის" ინტერესი არის, "გრანადა" უფრო რეალურია

AutoSharing Option
ესპანურ პრიმერაში გიორგი დემეტრაძისა და შოთა არველაძის შემდეგ, შესაძლოა, მესამე ქართველი ფეხბურთელი გამოჩნდეს - უკვე ვწერდით, რომ საამისო პერსპექტივა აქვს არნემის "ვიტესის" 29 წლის კაპიტან გურამ კაშიას.

ის თბილისის "დინამოს" აღზრდილია და 2010 წელს "ვიტესში" სწორედ ქართული ფეხბურთის ფლაგმანიდან გადავიდა...

ბოლო წლებში კაშია ჰოლანდიური ერედივიზიონის ერთ-ერთი საუკეთესო მცველია. შესაბამისად, უკვე დროა, ძალები ევროპის რომელიმე ტოპ-ჩემპიონატში მოსინჯოს. მართალია, მან ცოტა ხნის წინ გააგრძელა კონტრაქტი "ვიტესთან", მაგრამ არ გვგონია, ჰოლანდიურმა კლუბმა წასვლაში ხელი შეუშალოს.

წლების განმავლობაში, კაშიამ "ვიტესში" შესანიშნავი თამაშით დიდი პატივისცემა
მოიპოვა კლუბის ხელმძღვანელებსა და გულშემატკივრებს შორის. წესით, მის სურვილს არნემელებმა ანგარიში უნდა გაუწიონ.

გურამსა და კლუბს შორის გაფორმებულ კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის მიხედვითაც კაშია აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ "ვიტესში" უნდა დასაქმდეს, მაგრამ საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ჯერაც აქტიურ ფეხბურთს მისდევს და, რა თქმა უნდა, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ლიგაში კარიერის გაგრძელება მისთვის ურიგო არ იქნებოდა.

ამასობაში, გამოიკვეთა კაშიას სამსახურით დაინტერესებული კიდევ ერთი ესპანური კლუბი - "გრანადა". ამ დროისთვის, ანდალუსიური კლუბის სატურნირო მდგომარეობა სახარბიელო ნამდვილად არ არის - პრიმერაში მხოლოდ "ოსასუნას" უსწრებს და ბოლოსწინა ადგილზეა. არის ინტერესი ალმათის "ქაირათისგან", სადაც მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძეა...

ვისაც "გრანადას" თამაში უნახავს, დაგვეთანხმება: ამ გუნდს მართლაც დიდი პრობლემები აქვს დაცვაში და ისეთი კლასიანი მცველის გადაბირება, როგორიც კაშიაა, ერთიორად გააძლიერებს.

2 იანვარს "ლელო" საქართველოს ნაკრების ყოფილ ნახევარმცველ გოგა გახოკიძეს დაუკავშირდა, ვინც კაშიას სატრანსფერო ამბების მოგვარებაში ეხმარება. გახოკიძემ ექსკლუზიური ინფორმაცია მოგვაწოდა...

- ვიცით, რომ გურამ კაშიას გადაბირებით ესპანური "ბეტისია" დაინტერესებული. სიმართლეა თუ არა ჩვენ მიერ მოპოვებული ეს ინფორმაცია?
- დიახ, სრული სიმართლეა. "ბეტისი" მართლაც არის დაინტერესებული კაშიათი. აქვე უნდა გითხრათ, რომ პარალელურად არის უფრო რეალური ინტერესი "გრანადადან". ეს თემა უკვე დაძრულია და ველოდებით მოვლენათა განვითარებას...

- ტრანსფერი ამ ზამთარშივე შეიძლება განხორციელდეს?
- უფრო სეზონის დასრულების შემდეგ, მაგრამ არც ამ ზამთარშია გამორიცხული. მალე არნემში ჩავალ და "ვიტესის" ხელმძღვანელობას დაველაპარაკები გურამ კაშიასთან ერთად. მას წასვლა უნდა. გურამმა ყველაფერი გააკეთა კლუბისთვის და ახლა სურს, ძალა უფრო მაღალ დონეზე მოსინჯოს.

- ახლა მთავარია, "გრანადამ" შეინარჩუნოს ადგილი პრიმერა დივიზიონში...
- ნამდვილად. რთული ბრძოლა ელის გუნდს. იმედია, ყველაფერი კარგად დასრულდება.

- "ბეტისიდან" რა დონეზეა ინტერესი?
- როგორ გითხრათ... არის ინტერესი, მაგრამ, როგორც ვთქვი, "გრანადას" ვარიანტი გაცილებით რეალურია.

- ვიცით, რომ ბუდუ ზივზივაძესაც ეხმარებით ახალი კლუბის მოძიებაში...
- რამდენიმე კლუბმა გამოაგზავნა გამზადებული კონტრაქტი. მათ შორისაა პორტუგალიის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის აუტსაიდერი "ტონდელა". ბუდუ ჯერ ფიქრობს და, ალბათ, უახლოეს დღეებში იტყვის პასუხს.

- საქართველოს ჩემპიონატიდან პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში გადასვლა წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. ზივზივაძეს, ალბათ, ის აფიქრებს, რომ გუნდი გასავარდნ ზონაშია...
- მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ არა - უიმედო. გარდა ამისა, საუბარია ჩემპიონატზე, რომელიც ძალიან მაღალი დონისაა. რამდენიმე წარმატებული თამაში და ეგრევე კარიერის გაცილებით მაღალ დონეზე გაგრძელების შანსი გიჩნდება.

ფკ "გრანადა"
"გრანადას" ლუკას ალკარასი წვრთნის. 50 წლის სპეციალისტი კარიერის განმავლობაში ძირითადად საშუალო დონის ესპანურ გუნდებში მოღვაწეობდა. იმუშავა საბერძნეთშიც, სადაც სალონიკის "არისის" მთავარი მწვრთნელი გახლდათ.

ეს გუნდი იმითაა ცნობილი, რომ სხვადასხვა კლუბიდან იჯარით აჰყავს ფეხბურთელები. მაგალითად, ასეთები არიან: გასტონ სილვა (ტორინო), სერჟი სამპერი (ბარსელონა), უჩე აგბო (უოტფორდი), ეზეკიელ პონსე (რომა), ჟერემი ბოგა (ჩელსი), ჯონ ტორალი (არსენალი), გაბრიელ სილვა (უდინეზე), გილერმო ოჩოა (მალაგა), ფრანკ ტაბანუ (სუონსი), რუბენ ვეზო (ვალენსია), ანდრეას პერეირა (მანჩესტერ იუნაიტედი), ალბერტო ბუენო (პორტუ), არტიომ კრავეცი (დინამო კიევი) და ვიქტორ ანგბანი (ჩელსი).

კლუბის მეპატრონეა ჩინელი ბიზნესმენი ჟიან ლიანგი. "გრანადა" დაარსდა 85 წლის წინ. თამაშობს "ლოს კარმენესზე", რომელიც დაახლოებით 24 ათას გულშემატკივარს იტევს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
გრანადაში ახლა არ წახვიდე,ბიჭოოო! თუ გადარჩა,მაშინ კი.
კირკიტა
09:18 04-01-2017
0
ცნობილია ყველასთვის, რომ გრანადას, უოტფორდს და უდინეზეს ერთი და იგივე მფლობელი - ჯანპაოლო პოცო ჰყავს, შეასწორეთ
nika
17:47 03-01-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული