საქართველოს ქალთა ნაკრების ფეხბურთელი: მიხარია, რომ ამ ჯგუფში მოვხვდით

AutoSharing Option
2015 წლის შემოდგომაზე, პირველად, დებიუტანტი საქართველოს ქალთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს ითამაშებს.

ნიონში გამართულმა წილისყრამ, რომელსაც უეფას აღმასკომის წევრი - კარენ ესპელუნდი და უეფას გენერალური მდივანი - ჯანი ინფანტინო უძღვებოდნენ, F ჯგუფში მოგვახვედრა და მეტოქეებად იტალიის, შვეიცარიის, ჩეხეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებები გვარგუნა.

ევროშესარჩევი სექტემბრიდან დაიწყება. მანამდე კი, ჩვენი ნაკრები, თამაზ კოსტავას ხელმძღვანელობით, გაწერილი გეგმის მიხედვით მოემზადება.

წილისყრის შედეგებისა და მეტოქეების შესახებ სფფ-ის ოფიციალურ ვებგვერდთან კომენტარი გააკეთა თურქეთში მოთამაშე ქართველმა ლეგიონერმა, ქალთა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ყველაზე გამოცდილმა
მოთამაშემ - ნინო პასიკაშვილმა.

ნინო პასიკაშვილი: "დიდი ხანია ამ ეტაპზე გასასვლელად ვიბრძვით და შეიძლება ითქვას, ოცნებადაც კი გვქონდა ქცეული ჯგუფურ ეტაპზე თამაში. დადგა დრო, ჩვენი ქვეყნისთვის და ყველა იმ სკეპტიკურად განწყობილი ადამიანისთვის დაგვემტკიცებინა, რომ ჩვენ ბევრი რამ შეგვიძლია მოედანზე და გარკვეულწილად, სტერეოტიპების დანგრევაც შევძელით.

რაც შეეხება წილისყრას, შეიძლება ვინმეს ჩემი აზრი უცნაურად მოეჩვენოს, მაგრამ მიხარია, რომ ამ ჯგუფში მოვხვდით. ყველა დამეთანხმება, რომ ჩვენნაირ ახალბედა გუნდს მსოფლიოს ჩემპიონებთან თამაშში შანსი არ ექნებოდა. აგრეთვე, ისეთ ნაკრებებთან, როგორებიცაა ინგლისი, საფრანგეთი, დანია და ა.შ.

გულწრფელად გეტყვით, ძალიან გამიხარდა, რომ რუსეთის ნაკრები ჩვენს ჯგუფში არ მოხვდა... ამასთან, იყო ნაკრებები, რომლებთანაც თამაში მინდოდა; მაგალითად, თურქეთი, ბელორუსი, უკრაინა, რუმინეთი, რადგან იქ ჩემი მეგობრები თამაშობენ. ბევრჯერ გვისაუბრია სანაკრებო თამაშებზე და ერთმანეთის წინააღმდეგ გვინდოდა თამაში.

კონკრეტულად ჩვენს ჯგუფზე რომ ვისაუბროთ, ვთვლი, რომ იტალიის ნაკრები ძალიან ძლიერი გუნდია, თუმცა, სტაბილურობით ნამდვილად არ გამოირჩევა და მისთვის ღირსეული წინააღმდეგობის გაწევა შეგვიძლია. გასულ ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე მათ თამაშს თვალყურს ვადევნებდი. შეიძლება ითქვას, რომ მათზე გარკვეული წარმოდგენა და ინფორმაცია მაქვს. შვეიცარიის ნაკრებს რაც შეეხება, მიხარია, რომ ამ გუნდს შევხვდებით და ჩემი საყვარელი ფეხბურთელის წინააღმდეგ ვითამაშებ - ლარა დიკენმანის.

ჩეხეთისა და ჩრდ.ირლანდიის ნაკრებებზე რომ ვისაუბროთ, ვფიქრობ, ისეთი რთული თამაშები არ იქნება, როგორც იტალიასთან და შვეიცარიასთან. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დებიუტანტები ვართ, ჩვენთან იოლი გასეირნება არავის ექნება. არც ყრუ დაცვაში ჩამჯდარ ფეხბურთს ვითამაშებთ და არავისთან არაფრის დათმობას არ ვაპირებთ. ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, რომ ყველასთან ვიბრძოლოთ. ნაკრებში ათი ლეგიონერია და ყველა სტაბილურად თამაშობს თავისი კლუბის ძირითად შემადგენლობაში.

მოსამზადებელ ეტაპს დიდი მონდომებით გავივლით. როგორც ვიცი, დაგეგმილია ამხანაგური თამაშები. ჯგუფიდან გასვლა ვის არ უნდა, თუმცა, ამ ეტაპზე ეგ შეუძლებლად მიმაჩნია. ჩვენს გულშემატკივარს ვპირდებით, რომ თავს არ დავზოგავთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ. ჩვენი ნაკრები თანდათან ძლიერდება და ვფიქრობ, სექტემბრისთვის სასურველ კონდიციებში ვიქნებით."

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ქალთა ნაკრებს შესარჩევში. ეს კარგი შანსი არის საკუთარი თავის და ქვეყნის დადებითად წარმოჩენისთვის.
ფანი
04:26 23-04-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული