ფოტო: gff.ge
ქალთა ლიგის მე-6 ტურის ყველა შეხვედრა პარასკევს, 17 მაისს გაიმართა. ტურის ცენტრალური მატჩი თბილისში, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" ჩატარდა. გათამაშების ერთ-ერთი ლიდერი და ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი "ნიკე" საქართველოს ორგზის ჩემპიონს, ქუთაისის "მართვეს" დაუპირისპირდა.
თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ ქალთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში "ნიკე", რომელსაც ქვეყნის ჩემპიონატში დებიუტი 2018 წელს ჰქონდა, დღეისათვის სხვა გუნდებზე მეტად დაბალანსებულია გამოცდილი და საერთაშორისო თამაშების პრაქტიკის მქონე ფეხბურთელებით. "მართვე" კი, რომელიც ქვეყნის ჩემპიონის ტიტულს 2-ჯერ ფლობდა, მიმდინარე გათამაშებაში ოდნავ შესუსტებულია. მიუხედავად ამისა, გუნდი მე-6 ტურამდე
მე-3 საფეხურზე იყო და "ნიკესთან" გამარჯვების შემთხვევაში, სატურნირო ცხრილში მას უთანაბრდებოდა.
ამ წინაპირობის გათვალისწინებით, "ნიკესა" და "მართვეს" შეხვედრა ფრთხილად დაიწყო და სათამაშო უპირატესობის მოსაპოვებლად, მიუხედავად იმისა, რომ თბილისელთა მოთამაშე-მწვრთნელმა ნინო პასიკაშვილმა გოლი შეხვედრის დაწყებიდან 7 წუთში გაიტანა, "ნიკეს" 27 წუთი დასჭირდა. 27-ე წუთზე ლიზი მწყერაშვილმა მასპინძლები კიდევ ერთი გოლით დაწინაურა. 41-ე წუთისთვის კი, ნინო სუთიძის დუბლის შემდეგ, "ნიკე" 4-0 იგებდა და ალბათ, ეს ტაიმი ასეც დასრულდებოდა, რომ არა ქუთაისელთა აქტიურობა, რომელსაც შედეგად "ნიკეს" კარში ავტოგოლი მოჰყვა. მეორე ტაიმში "ნიკე" სრულად დაეუფლა უპირატესობას. მოქმედ ჩემპიონს ამაში გრძელი სკამიც დაეხმარა, თუმცა სწორედ ამ შეხვედრაში "ნიკეს" მთავარმა მწვრთნელმა გივი კვარაცხელიამ, სხვა თამაშებთან შედარებით, ყველაზე ნაკლები ცვლილება განახორციელა. მეორე ტაიმში "ნიკემ" კიდევ 5 გოლი გაიტანა. აქედან ნინო სუთიძის ანგარიშზე 2 გოლი მოდის. ქუთათურთაგან კი მარიამ კომლაძის კარის აღება მხოლოდ თამთა შენგელიამ მოახერხა. "ნიკემ" 9-2 მოიგო და კვლავ გათამაშების ლიდერია 18 ქულით.
18 ქულა დააგროვა 6 ტურის შემდეგ "ლანჩხუთმაც". გურულებმა, რომლებიც ქალთა ლიგის 2019 წლის გათამაშებაზე უდანაკარგოდ მიდიან, ამჯერად "დინამო ბათუმი" დაამარცხეს. ამ წყვილში ფავორიტი "ლანჩხუთი" იყო. ანგარიში კი მე-3 წუთზე სტუმრების ავტოგოლით გაიხსნა. კიდევ 3 წუთში ლანჩხუთელთა ერთ-ერთმა გოლეადორმა თამრიკო სალუქვაძემ მორიგო გოლი გაიტანა და "ლანჩხუთი" 2-0 დააწინაურა. ამ შეხვედრაში სალუქვაძემ კიდევ 2 გოლი გაიტანა და საერთო ჯამში, 9 გატანილი გოლით, ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. "ლანჩხუთმა" კი "დინამო ბათუმი" 6-0 დაამარცხა.
6 უპასუხო გოლი გავიდა მეექვსე ტურის კიდევ ერთ შეხვედრაში. ადიგენში ანგარიშით 0-6 ადგილობრივი "ზარზმა" "ნორჩმა დინამომ" დაამარცხა. პირველი გოლი ნადეჟდა ნაკვეთაურმა პირველივე წუთზე გაიტანა და თბილისელები დააწინაურა. ქალთა ლიგის გათამაშების დებიუტანტი "ზარზმა" ვერ გაუმკლავდა ნორჩდინამოელთა შეტევებს და პირველივე ტაიმში, ფაქტობრივად, მატჩის ბედიც გადაწყდა.
თბილისელებმა პირველი ტაიმი 0-4 მოიგეს და დარჩენილ 45 წუთში თამაში ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანეს. ნორჩდინამოელთაგან 2-2 გოლი ნადეჟდა ნაკვეთაურმა და მარიამ მოდრაკელიძემ გაიტანეს.
ამ ტურის კიდევ 2 შეხვედრაში "ივერიამ" სახლში "სამეგრელი" 2-1 დაამარცხა. 0-2 დასრულდა შეხვედრა გორში, სადაც "კოლხეთმა" ადგილობრივ "გორი იუნაიტედს" სძლია.
ქალთა ლიგის გათამაშების მე-7 ტური 25 მაისს გაიმართება.
მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით