ქალთა ლიგა: "ნიკე" და "ლანჩხუთი" დაუმარცხებელნი არიან

AutoSharing Option
• ნინო პასიკაშვილმა 2019 წლის სეზონში პირველმა, ერთ თამაშში, 5 გოლი გაიტანა

• 5 ტურის შემდეგ მხოლოდ ორი გუნდი, "ნიკე" და "ლანჩხუთი" ასპარეზობენ წაგების გარეშე

• მომდევნო, მე-6 ტურში, "ბასაზე" ქვეყნის მოქმედი და ორგზის ჩემპიონი დაუპირისპირდებიან

17 მაისს, 18 საათზე, თბილისში, სფფ-ის ტექნიკური ცენტრი "ბასას" ხელოვნურსაფარიან მოედანზე 2019 წლის პირველ შეხვედრას გამართავენ ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი "ნიკე" და ამ ტიტულის ორგზის გამარჯვებული ქუთაისის "მართვე".

ქალთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში თუკი "ნიკეში" ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო ქალი ფეხბურთელები ყველაზე დიდი რაოდენობით არიან კონცენტრირებულები, "მართვეს", წინა წლებთან შედარებით,
დანაკარგები აქვს. ქვეყნის ორგზის ჩემპიონის რიგები რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა, თუმცა, მიუხედავად ამისა, 5 ტურის შემდეგ ქუთათურები სატურნირო ცხრილში მე-3 საფეხურზე არიან 12 ქულით და ლიდერებს მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩებიან. არაა გამორიცხული, ეს მოცემულობა მე-6 ტურის შემდეგ შეიცვალოს.

მე-5 ტურის შეხვედრა კი იმერლებმა ბათუმში 12 მაისს, "ანგისას ბაზაზე" ბათუმის "დინამოს" წინააღმდეგ გამართეს და მარტივად, სამბურთიანი სხვაობით გაიმარჯვეს - 0:3. ანგარიში 25-ე წუთზე ლანა გორგაძემ გახსნა. მანვე მეორე ტაიმში საკუთარ აქტივს კიდევ 2 გოლი დაუმატა, მე-60 და მე-80 წუთებზე და აჭარული ჰეთ-თრიქის შემდეგ მიმდინარე სეზონში გატანილი 8 გოლით ბომბარდირთა სიაში მეორე პოზიციაზე აინაცვლა.

ქალთა ლიგის მე-5 ტურში თბილისის "ნიკეს" მოთამაშე-მწვრთნელმა ნინო პასიკაშვილმა, პირველმა, 2019 წლის გათამაშებაში ერთ თამაშში 5 გოლის გატანა მოახერხა. 10 მაისს, ამ ტურის პირველ შეხვედრაში "ცხრამუხას სტადიონზე", ხაშურის "ივერიასთან" დაპირისპირებაში პასიკაშვილმა გოლები მე-3, 45-ე, 47-ე, 53-ე და 69-ე წუთებზე გაიტანა, წინა ტურებში გატანილ ხუთს კიდევ ხუთი დაუმატა და შედეგად, 10 გატანილი გოლით ბომბარდირთა სიას სათავეში ჩაუდგა.

"ცხრამუხის სტადიონზე" ხაშურის "ივერიასთან" მატჩი, როგორც მოსალოდნელი იყო, თბილისელთა აქტიურობით დაიწყო და მათივე კარნახით წარიმართა. ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა ანგარიში სწრაფი გოლით, მე-3 წუთზე გახსნა. 35-ე წუთზე "ნიკეს" აქტიურობას ხაშურელთა ავტოგოლი მოჰყვა და სტუმართა გუნდი ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდა. ამ ტაიმში კიდევ ოთხი გოლი გავიდა. პირველი ტაიმის დასრულებამდე 6-წუთიან შუალედში ერთი გოლის გატანა ხაშურელებმა, ხოლო სამის თბილისელებმა შეძლეს. პირველი ნახევარი 1-5 დამთავრდა "ნიკეს" სასარგებლოდ, შეხვედრა კი 1:10 დასრულდა. მიმდინარე გათამაშებაში თბილისის "ნიკეს" ყველაზე მეტი, 41 გოლი აქვს გატანილი.

ქალთა ლიგის წლევანდელ გათამაშებაში კიდევ ერთი გუნდი, "ლანჩხუთი" ასპარეზობს უდანაკარგოდ. გურულებმა 11 მაისს, თბილისში, "შატილის სტადიონზე" "ნორჩი დინამო" დაამარცხეს, რომელიც საკუთარ კედლებში, როგორც წესი, სტაბილურად, კარგად თამაშობს. შეხვედრა თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა და შეიძლება ითქვას, რომ ამ ვითარებაში გადამწყვეტი თბილისელთა კარში 25-ე წუთზე დანიშნული 11-მეტრიანი გამოდგა, რომელიც ნინო ჩხარტიშვილმა ზუსტად შეასრულა. მეორე ტაიმის დასაწყიში, 48-ე წუთზე თეონა თოდაძის ზუსტი გადაცემის შემდეგ ნათელა წოწერიამ "ლანჩხუთი" კიდევ უფრო დააწინაურა, 0:2. თბილისელებისთვის კი, როგორც ჩანს, საბედისწერო გამოდგა ავტოგოლი, რომელიც 53-ე წუთზე სტუმართა აქტიურობას მოჰყვა. "ლანჩხუთმა" კი გასვლაზე თბილისში მორიგი თამაში მოიგო - 0:3 და მორიგი 3 ქულაც ჩაიწერა.

წინა ტურში ერთ-ერთი პოკერის ავტორმა, ჩხოროწყუელმა მარინა კახიძემ, 11 მაისს "გორი იუნაიტედის" კარში მხოლოდ 1 გოლის გატანა მოახერხა, თუმცა მისმა გუნდმა მე-5 ტურის მატჩში 3 გოლი გაიტანა და 3 ქულის აღებაც მოახერხა. "სამეგრელოსა" და "გორი იუნაიტედის" შეხვედრა 3:0, მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა.

ამ ტურის კიდევ ერთი თამაში ხობში გაიმართა. ადგილობრივმა "კოლხეთმა" ანგარიშით 2:0 ქალთა ლიგის გათამაშების დებიუტანტი "ზარზმა" დაამარცხა, რომელიც მიმდინარე გათამაშებაში ჯერჯერობით ერთადერთი გუნდია, რომელმაც ქულის აღებაც კი ვერ მოახერხა.


Sportall.Ge




ქალთა ლიგის გათამაშების მე-6 ტური 17 მაისს გაიმართება.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული