კახა კალაძე "ზამთრის თასზე" ქართველ ვეტერანებში სათამაშოდ დიდხანს და მონდომებით ემზადებოდა, მაგრამ... საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი და წარსულში ეროვნული გუნდის კაპიტანი ტურნირზე ვერ ვიხილეთ.
- ზამთრის თასი 2017: ვარსკვლავური ომები თბილისში [VIDEO+PHOTO]
ტურნირის მსვლელობისას "ლელომ" ამ და სხვა საკითხებზე კომენტარი სთხოვა:
"ძალიან კარგი ტურნირი ჩატარდა. ბევრი საინტერესო გუნდი და ვარსკვლავი გვესტუმრა. მიმაჩნია, რომ ეს გათამაშება მოსამზადებელ ეტაპზე ჩვენს გუნდებსაც წაადგებათ. მეც განსაკუთრებით ვემზადებოდი, მაგრამ ვარჯიშზე დავშავდი, ვერ ვითამაშე და ძალიან დამწყდა გული",
ცნობილია, რომ ბოლო დროს მთავრობამ, სახსრების ეკონომიის მიზნით, სამინისტროებში კადრებისა და დაფინანსების შემცირება გადაწყვიტა. ბუნებრივად გაჩნდა კითხვა - ეს პროცესი ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის დაფინანსებასაც ხომ არ შეეხება?
ვიცე-პრემიერმა ამაზეც გვიპასუხა:
"ამ თემაზეც იყო აქტიური მსჯელობა. როგორც ცნობილია, ყველა სამინისტროში ხარჯები შემცირდა და ისეთი რეფორმები განხორციელდა, რომლებიც ხანგრძლივ პერსპექტივაში ხელს შეუწყობს ქვეყნისა და ეკონომიკის ზრდას, რაც პერსპექტივაში სპორტზეც აისახება. მაგრამ ფეხბურთის განვითარების პროგრამას არავინ შეეხება და ის გაგრძელდება".
კალაძემ სტადიონების მშენებლობაზეც გვითხრა - სად წამოიჭიმება ახალი არენები?
"რიონებში არსებული სტადიონების აღწერა მიმდინარეობდა და, ფაქტობრივად, ეს პროცესი უკვე დასრულდა. არსებობს ყველანაირი მონაცემი, რომელი არენა რა მდგომარეობაშია, სადაა ასაშენებელი და სად - რეკონსტრუქციაა ჩასატარებელი. ნელ-ნელა სახსრების ხარჯვა ამ მიმართულებითაც დაიწყება და სტადიონების მშენებლობაც".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"