დღეს საქართველოში ფეხბურთის ოფიციალურად დარეგისტრირების დღიდან 110 წელი შესრულდა

AutoSharing Option
ფეხბურთი მთელი მსოფლიოს მოვლენაა. დასაბუთებულად არავინ იცის, პირველად სად და როდის წარმოიშვა ეს თამაში. დღესაც ბევრი იჩემებს პირველობას, თუმცა ოფიციალურად ფეხბურთის სამშობლოდ აღიარებულია ინგლისი მხოლოდ იმიტომ, რომ არსებობს 1863 წლით დათარიღებული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ხსენებული წლის 26 ოქტომბერს, ლონდონის ლუდხანა "ფრიმენ თაუნში" შეკრებილმა საფეხბურთო კლუბების გამგებლებმა დაადგინეს თამაშის წესები და ჩამოაყალიბეს ასოციაცია. ათვლაც აქედან იწყება.

აზრთა სხვადასხვაობაა საქართველოშიც. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში "ლელოში" ქვეყნდებოდა წერილები ჭეშმარიტების დასადგენად, სანდო წყარო არავის მოუწოდებია.

ზეპირი გადმოცემები კი საფუძვლად ვერ ჩაითვლება.
საქართველოს სახელმწიფო არქივის დახმარებით მიკვლეულია სარწმუნო დოკუმენტები, რომლებითაც დასტურდება, რომ საქართველოში, კერძოდ თბილისში, ოფიციალურად (თან პირველად) დაფუძნდა ფეხბურთის წრე "კომეტა".

Sportall.Geსაქმის თაოსნები გუბერნიის მმართველსადმი გაგზავნილ შემწეობის თხოვნაში წერენ:

"პატივი გვაქვს წარმოგიდგინოთ ჩვენს მიერ შემუშავებული ზემოხსენებული წრის წესდება 2 ეგზემპლარად და აუცილებელი 4 რუბლი და 65 კაპიკი, ჩვენი ორგანიზაციის შექმნის შესახებ განცხადების გამოსაცხადებლად. ამასთან გიდგენთ ჩვენს კანონიერ უფლებამოსილებას და ხელმოწერების უტყუარობას, დამოწმებულს ნოტარიუსით" /გუბერნატორის საქმე 1636. 10 იანვარი, 1907 წელი. დანართი 18 ფურცელზე წესდებასთან ერთად/.

დოკუმენტურად დგინდება, რომ გადაწყვეტილების გამომტან სხდომას თავმჯდომარეობდა თბილისის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი ა. გ. ჩერნიავსკი, ესწრებოდნენ - თბილისის პროკურორი ნ. ვ. ბრანდორფი, ქალაქის სახაზინო პალატის მმართველი ვ. ფ. ოსტროვსკი, თბილისის თავი, თავადი ნ. ვ. ჩერქეზოვი (ჩერქეზიშვილი) და თბილისის გუბერნიის კანცელარიის მმართველი ე. ი. უმანცევი.

მოწვეულები იყვნენ "კომეტის" დამფუძნებლები - ადოლფ ადოლფის ძე ელზენგერი, ოტო ადოლფის ძე ჰაინე, ალექსანდრე კარლოს ძე გაიზე და ფიოდორ კორტუმი.

უკვე 1907 წლის 23 თებერვალს ტფილისის საგუბერნიო საზოგადოებათა საქმის საჟურნალო დადგენილებით დამტკიცდა ფეხბურთის მოყვარულთა წრის დებულება, რომელიც ძალაში უმალვე შევიდა. 10 მარტს კი პირველი საერთო კრებაც ჩატარდა.

ამდენად, გვინდა თუ არა, რაკი სხვა სარწმუნო საბუთი არ გაგვაჩნია, საქართველოში ფეხბურთის დაფუძნების ოფიციალურ (ხაზს ვუსვამ - ოფიციალურ) თარიღად 1907 წელი უნდა მივიჩნიოთ. თუმცა, რა თქმა უნდა, ფეხბურთს ჩვენში (განსაკუთრებით ზღვისპირა ქალაქებში) თამაშობდნენ მანამდეც და შეხვედრებიც ტარდებოდა.

ზემოხსენებულ ოფიციალურ საარქივო დოკუმენტთან დაკავშირებით, მეტი სიცხადისთვის ვიტყვით, რომ ოქმში დასაბუთებულია ფეხბურთის მოყვარულთა წრის, "კომეტის" შექმნის კანონიერება, განსაზღვრულია მიზანი, რომლის ერთ-ერთი ფუძემდებლური მოთხოვნაა თბილისის მოსახლეობაში თამაშის გავრცელების ხელშეწყობა და სპორტული ინტერესის ამაღლება.

სხვათა შორის, წრეს უფლება მიეცა დაენერგა სპორტის სხვა სახეობებიც, ჩაეტარებინა საჯარო ღონისძიებები თბილისსა და გარეუბნებში და მიეღო გასამრჯელოც კი.

"კომეტას" დარეგისტრირების შესახებ წერილით უმალვე ეცნობა თბილისის პოლიცმაისტერს.

შეტყობინებაში წრის ხელმძღვანელთა და წევრთა ვინაობაცაა ჩამოთვლილი. ესენი არიან: ა. ა. ელზენგერი (თავმჯდომარე), ო. ა. ჰაინე (კაპიტანი), ფ.მ. კორტუმი (ვიცე-კაპიტანი), ა. კ. გაიზე (მდივანი); წრის წევრები: ი. დ. ზახაროვი (სახ. ბანკი) და ვ. დ. ფრეი (დიდ კნიაზთა საზოგადოება).

1907 წელს სულ 24 მატჩი გამართულა (თამაშობდნენ მხოლოდ კვირა დღეს და მხოლოდ ზაფხულის თვეებში). ვარჯიშები ტარდებოდა საღამოს საათებში ა. ელზენგერის ხელმძღვანელობით. მანვე თარგმნა ინგლისურიდან ფეხბურთის წესები.

დაარსების პირველ წელს "კომეტას" შემოსავალმა 166 რუბლი და 56 კაპიკი, ხარჯმა კი 141 რუბლი და 41 კაპიკი შეადგინა.

ამჯერად ამ ინფორმაციით დავკმაყოფილდეთ...

თენგიზ გაჩეჩილაძე

P.S. მადლობას ვუხდით ფეხბურთის ვეტერან მსაჯს, ელდარ ჩიფჩიურს საინტერესო ისტორიული დოკუმენტების მოპოვებაში გაწეული დახმარებისთვის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რატომ არ აღინიშნება იუბილე? არადა, ფიფა უეფას ბევრი წევრი ქვეყანა ვერ დაიკვეხნის თავისი ფეხბურთის ასეთ ასაკს. რეიტინგს ოდესღაც ნამდვილად ეშველება!
koko
11:00 24-02-2017
0

სიახლეები პოპულარული