გინდ დაიჯერეთ, გინდ არა: ქართულ ფეხბურთზე შეყვარებული პოლონელი პროფესორი

AutoSharing Option
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატით დაინტერესებულ ადამიანს უცხოეთში, თანაც შუაგულ ევროპაში, ძნელად თუ ნახავთ, მაგრამ თურმე, ასეთებიც არსებობენ. სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" აღმოვაჩინეთ გვერდი "რა ხდება ქართულ ფეხბურთში?" და რაც ყველაზე საინტერესოა, გვერდი პოლონურია და აქ ქართული ფეხბურთის ამბებზე პოლონურად იწერება.

დავინტერესდით, ვინ იყო ამ გვერდის ავტორი და დავადგინეთ, რომ მისი მფლობელი საქართველოზე შეყვარებული და ქართული ფეხბურთით დაინტერესებული 33 წლის პოლონელი მარცინ ფასტინია, რომელიც ამჟამად ერთ-ერთ ადგილობრივ უნივერსიტეტში პროფესორია.

მას პოლონეთში დავუკავშირდით და ვფიქრობთ, საინტერესო ინტერვიუ ჩავწერეთ.

- ეს ისტორია დიდი ხნის წინ
დაიწყო. პატარაობაში ნოდარ დუმბაძის, გრიგოლ აბაშიძის, სულხან-საბა ორბელიანის, თამაზ ჭილაძის, ოტია იოსელიანის წიგნები წავიკითხე და საქართველოსადმი ინტერესი გამიჩნდა. ცხადია, შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანიც" წაკითხული მაქვს. სხვათა შორის, უნდა ვაღიარო, რომ პოლონურ ენაზე ნათარგმნი ვერსია წავიკითხე, რომელიც პირდაპირ ძველი ქართულიდან ითარგმნა და არა რუსულიდან, როგორც ეს სხვა ქვეყნებში მოხდა.

შემდეგ ქართველი ფეხბურთელებითაც დავინტერესდი. გასული საუკუნის 90-იან წლებში მართლაც ძალიან კარგი ფეხბურთელები გყავდათ. მათი თამაშით ზოგჯერ აღფრთოვანებული ვიყავი.

ქართული ფეხბურთისადმი ინტერესი სულ უფრო მიმძაფრდებოდა. ვცადე, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მომეპოვებინა მასზე, მაგრამ, ალბათ, თავადაც გესმით, იმ წლებში უინტერნეტოდ რამდენად რთული იყო ეს.

მოგვიანებით Championship Manager-ის მოხმარება დავიწყე. ამ პროგრამამ ძალიან დიდი ინფორმაცია მომცა, მაგრამ, ამავდროულად, შევამჩნიე, რომ ქართველ ფეხბურთელებთან დაკავშირებით რამდენიმე შეცდომა იყო. დავუკავშირდი პროგრამის შემქმნელებს და შეცდომის შესახებ ვუთხარი. მათ დამასაქმეს - ქართველ ფეხბურთელებზე ინფორმაციის მოპოვება მევალებოდა. ამას დღემდე ვაკეთებ.

აქ მუშაობა ჩემს საყვარელ კლუბში მოხვედრაში დამეხმარა - "ვიძევში" მრჩევლად ამიყვანეს და იქ უკვე ქართველებზე ვაგროვებდი ინფორმაციას. პირველი, ვისზეც კლუბს ინფორმაცია მივაწოდე, ნიკა ძალამიძე იყო, რომელიც კლუბმა იყიდა კიდეც. ასევე ვურჩიე მერაბ გიგაური, ლაშა შინდაგორიძე, ნიკოლოზ აფაქიძე... სამწუხაროდ, შემდეგ კლუბი გაკოტრდა, ახლა მე-4 ლიგაში ასპარეზობს, მე კი იქ აღარ ვმუშაობ.

2015 წელს საქართველო მოვინახულე. გამიხარდა ჩემს ქართველ მეგობრებთან შეხვედრა, რომლებიც ქართულ ფორუმებსა და საიტ playerhistory.com-ზე გავიცანი. ამ საიტზე ქართველ ფეხბურთელთა სტატისტიკაზე ვმუშაობდი.

საქართველო საოცრად ლამაზი ქვეყანაა, არაჩვეულებრივი ხალხით და მომავალში მის კიდევ ერთხელ მონახულებას ვგეგმავ.


Sportall.Ge
ფოტოზე: მარცინ ფასტინი თუშეთში (2015)
საქართველოში ყოფნის პერიოდში რამდენიმე მატჩს დავესწარი: "საბურთალო"-"დინამო ბათუმს", "დინამო"(თბ)-"ტორპედოს", "ამირანი"-"იბერიას", "კოლხი"-"შავნაბადასა" და "ვოიაჟი"-"არაგვს".

რაც შეეხება "ფეისბუქგვერდს", მისი შექმნა დიდი ხნის წინ მსურდა, უბრალოდ, საამისოდ დრო არ მქონდა. ახლა დრო გამოვნახე და დავიწყე. მსურს, ქართული ფეხბურთი პოლონელ გულშემატკივრებში პოპულარული გავხადო. ეს რთული იქნება, მაგრამ რამდენიმე ადამიანი უკვე დავაინტერესე.

- დღეს პოლონეთში რამდენიმე ქართველი თამაშობს. როგორ შეაფასებდი მათ?
- ყველაზე გამორჩეული გიორგი მერებაშვილია, რომელიც გუნდისთვის ძალიან ბევრს აკეთებს. სტაბილური თუ გახდა, ვარსკვლავადაც იქცევა.

ვაკო ყაზაიშვილი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ მისი პრობლემა "ლეგიას" ძლიერი თერთმეტეულია, რის გამოც მას ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად მუდმივად ბრძოლა უწევს. ვფიქრობ, მწვრთნელის ნდობის შემთხვევაში ის უკეთ ითამაშებდა.

ნიკა ძალამიძე რთული შემთხვევაა - კარგი მონაცემები აქვს, მაგრამ ძალიან არასტაბილურია. მას შეუძლია ერთი თამაში ძალიან მაღალ დონეზე ჩაატაროს, მეორეში კი საერთოდ შეუმჩნეველი დარჩეს.

ახალწვეულები არიან მათე ცინცაძე და ლუკა ზარანდია. ცინცაძე კარგი ფეხბურთელია და დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში ექსტრაკლასას ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იქნება. ახლა დრო სჭირდება, რომ პოლონურ სტილს ალღო აუღოს.

ზარანდიას რთული გზის გავლა მოუწევს, მაგრამ ალბათ სეზონის დასრულებამდე "არკაში" რეგულარულად ითამაშებს.

- დღეს არიან საქართველოს ჩემპიონატში ფეხბურთელები, რომლებიც პოლონეთში თამაშს შეძლებენ?
- კი, რამდენიმე საინტერესო ფეხბურთელი მართლაც არის: გიორგი პაპუნაშვილი, ბაჩანა არაბული, ირაკლი ძარია. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენთან არაევროკავშირის ქვეყნის წარმომადგენლებზე ლიმიტია. გუნდს მოედანზე მხოლოდ ორი არაევროკავშირელის ყოლის უფლება აქვს. ამიტომ ქართველი ფეხბურთელი პოლონეთში რომ თამაშობდეს, თანაგუნდელებსაც უნდა აღემატებოდეს, თორემ მწვრთნელები უპირატესობას, მაგალითისთვის, ბრაზილიელს ან სერბს მიანიჭებენ.
მკითხველის კომენტარები / 2 /
Championship manager თამაშია და ქართული კლუბები როდის იყო იქ?
ალექსანდრე
10:02 04-03-2017
0
ვაი ...
zuriko
14:37 03-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული