რუბრიკის პირველი სტუმარი საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების წევრი რონინიოა.
- დაგვიხასიათე საკუთარი თავი 3 სიტყვით...
- მიზანმიმართული, ერთგული, რისკიანი.
- ყველაზე მეტად რა არ მოგწონს სხვა ადამიანებში?
- სიყალბე.
- ხშირად ჩხუბობ?
- არა.
- ბავშვობაში რაზე ოცნებობდი?
- რა თქმა უნდა, ფეხბურთელობაზე.
- რომ არა ფუტსალი, რითი დაკავდებოდი?
- მართლა არ ვიცი. ყოველთვის ეს მინდოდა და მჯეროდა, რომ დასახულ მიზანს მივაღწევდი. ვერ წარმომიდგენია,
- შენი მეუღლე სად გაიცანი?
- ქეთი სატრენაჟორო დარბაზში გავიცანი, სადაც ადმინისტრაციაში მუშაობდა. მე იქ სავარჯიშოდ დავდიოდი და ზუსტად იქიდან დაიწყო ჩვენი ურთიერთობაც. 3 წლის შემდეგ სიონის საკათედრო ტაძარში დავიწერეთ ჯვარი. მანამდე მართლმადიდებლურად მოვინათლე.
- სკოლას ხშირად აცდენდი?
- კი, ძალიან ხშირად, ფეხბურთის გამო (იცინის).
- ყველაზე მეტად რომელი საგანი მოგწონდა?
- მათემატიკა. ალბათ იმიტომ, რომ ყველაზე მეტად მისი სწავლა მიადვილდებოდა.
- როგორი მუსიკა მოგწონს?
- ბრაზილიური, უფრო კონკრეტულად, სამბა და სერტანეჟო.
- ოჯახთან ერთად ვის კონცერტს დაესწრებოდი სიამოვნებით?
- რობერტო კარლოსის.
- ვინ რობერტო კარლოსის?
- არის ასეთი ბრაზილიელი მომღერალი.
- თავისუფალ დროს რას აკეთებ?
- თავისუფალ დროს ოჯახთან ერთად ვატარებ.
- კიდევ რისი სწავლა გინდა?
- მინდა, სკეიტბორდით სრიალი დავხვეწო. პატარაობაში ძალიან მომწონდა.
- ქართული ცეკვა მოგწონს?
- ეს ძალიან ლამაზი და რთული ცეკვაა, რომლის ყურებაც ნამდვილად მსიამოვნებს.
- თავად არ გიცდია, გეცეკვა?
- ვერ ვცეკვავ. ერთხელ, ჩემს ქორწილში კი შევასრულე ქართული ცეკვა, მაგრამ კარგად არ გამომივიდა (იცინის).
- რომელი ქვეყანა მოგწონს ყველაზე მეტად მათ შორის, რომელიც უკვე მოინახულე?
- უპირველესად, საქართველო. ქართველი ხალხი გულღია, თბილი და ყურადღებიანია. საქართველო ჩემი მეორე სამშობლოა. გამოვყოფდი ასევე საფრანგეთს, საემიროებს.
- შენი აზრით, რომელია საქართველოში ყველაზე ლამაზი ადგილი?
- ბათუმი.
- ალკოჰოლთან როგორ ხარ?
- დიდად არ მიყვარს, მაგრამ იშვიათად ლუდს ვსვამ.
- ჟურნალისტების მიერ დასმული რომელი კითხვები გაღიზიანებს?
- აქამდე არ მქონია შემთხვევა, ჟურნალისტის კითხვას რომ გავეღიზიანებინე.
- დიდ ფეხბურთში ვის გულშემატკივრობ?
- მადრიდის "რეალს". ისე კი, "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელის, ფერნანდინიოს მაისური მაქვს. ფერნანდინიო რომარიოს მეგობარია, რომელთან ერთადაც "იბერია სტარში" ვთამაშობდი. რომარიო ჩემი ახლო მეგობარია და ფერნანდინიომ მას გამოატანა ეს მაისური.
- პატიება გიჭირს?
- თუ ადამიანი ჩემ მიმართ დაშვებულ შეცდომას გულწრფელად აღიარებს, პატიება შემიძლია, მაგრამ ღალატს ვერავის ვაპატიებ.
- ავტომობილები გხიბლავს?
- ზოგადად მომწონს, კი, მაგრამ რომ გითხრათ, დიდად გატაცებული ვარ-მეთქი, მოგატყუებთ. დუბაიში ერთ-ერთ ტურნირზე ყოფნის დროს რამდენიმე ავტომობილთან ფოტოები გადავიღე.
- რა არის შენთვის ბედნიერება?
- ბედნიერება იმ ადამიანის გვერდით ყოფნაა, რომელიც გიყვარს და რომელსაც უყვარხარ. ასევე, ბედნიერებაა აკეთო ის, რაც გიყვარს, შენი ოჯახის წევრებს ბედნიერს ხედავდე... უფლის წყალობით, ეს ყველაფერი მაქვს და უზომოდ ბედნიერი ვარ.
- მომავალში პოლიტიკოსობაზე დაფიქრდები?
- არა. პოლიტიკა და პოლიტიკოსები საერთოდ არ მიყვარს.
- ქუჩაში ხშირად გცნობენ?
- საქართველოში ძალიან იშვიათად. "იბერია სტარში" ყოფნის პერიოდში, როდესაც თბილისში უეფას ოთხთა ტურნირი ვითამაშეთ, მაშინ რამდენიმემ მიცნო. სამაგიეროდ, უკრაინაში მსგავსი შემთხვევა ხშირად მქონია. იქ ჩვენი თამაშების სანახავად გულშემატკივარი მრავლად მოდიოდა და ქალაქშიც ბევრი მცნობდა.
- ყველაზე მეტად რისი გეშინია?
- ალბათ, სიკვდილის.
- რომელია შენი საყვარელი კერძი?
- ბრაზილიური კერძებიდან ყველაზე მეტად ფეჟუადა მიყვარს, ქართულებიდან - ხინკალი.