[ერთი თავი დაუწერელი წიგნიდან] "მწვანე მთვარის" ფავორიტები

AutoSharing Option
ალბანეთში ორჯერ მომიწია ყოფნამ. ეს ის პერიოდი იყო, როცა საქართველოს ნაკრებს კლაუს ტოპმიოლერი თავკაცობდა, ფეხბურთის ფედერაციას - უმცროსი ნოდარ ახალკაცი და თავად ალბანელებს რაც შეეხებათ, გუნდს გფრ-ის ნაკრების ყოფილი მარცხენა მცველი ჰანს-პეტერ ბრიგელი ედგა სათავეში...

გამომდინარე იქიდან და განსხვავებით ახლანდელისგან, მაშინდელი ალბანეთი ნაკლებად მიმზიდველი ქვეყანა იყო თითქმის ყველანაირი თვალსაზრისით. ტირანას მთავარი საფეხბურთო სტადიონი "ქემალ სტაფაც" ვერავის სჭრიდა თვალს და...

რა გაეწყობოდა, საგაზეთო რეპორტაჟებისთვის ნორმალური მასალის მოსაძიებლად ფეხბურთს მიღმა უნდა გაგეხედა და დაახლოებით იმ ჟანრს უნდა მინდობოდი, სპორტულ ჟურნალისტიკაში გურამ ფანჯიკიძემ
რომ ჩაუყარა საფუძველი...

ტირანაში სამ დღეზე მეტი დავყავით და შეძლებისდაგვარად, კარგადაც დავიმახსოვრეთ იქაურობა. ალბანეთი ზუსტად ისე ჰგავდა თავის მეზობელ ხორვატიასა და იტალიას, როგორც კალმახიძეების ოდა-სახლი კომოს ტბისპირა ვილას, მაგრამ აღმშენებლობისწინა სიტუაცია იგრძნობოდა - გადათხრილი ქუჩები, ხარაჩოები, 50/50-ზე გაყოფილი ოპტიმისტ-პესიმისტები...

მოკლედ, წელიწადის დროისა გამო, უშუქობა და სიცივე არ გვიგრძნია, მაგრამ ყველაფერი ერთი-ერთში ჰგავდა 90-იანი წლების საქართველოს თბილისქალაქურ სიტუაციას.

ახლა აზროვნების წესს არ იკითხავთ? მაშინდელ ტირანაში შუქნიშნები იშვიათი ხილი იყო და გზაჯვარედინებზე, ერთმანეთისგან კარგა მოშორებით, რიგითი საგზაო პოლიციელები აწესრიგებდნენ მოძრაობას - ჭრელი ჯოხებითა და უნიფორმით ასე რომ ჰგავდნენ საბჭოთა "გაიშნიკებს".

ხომ წარმოგიდგენიათ, რა დომხალი და საცოდაობა ტრიალებდა: ინებეთ მაგალითი - საცობში ლოდინით თავგაბეზრებულმა სკუტერის პატრონმა საკუთარი ტრანსპორტი გზისპირა ბუჩქებში მიაგდო, წავიდა. დაახლოებით 15 წუთის მერე დაბრუნდა. რაღაცები ეყიდა და სკუტერიც სად გაექცეოდა? - ზოროს ცხენივით მორჩილად ელოდა პატრონს.

მეორე დღეს საერთოდ "დახურეს" - როგორც ჩანდა, ორმა კარგმა ნაცნობმა ერთმანეთი მანქანებით საპირისპირო მოძრაობისას დაინახა. გააჩერეს, ჩაეხუტნენ, გულიანი მასლაათი გააბეს და... დაახლოებით 10 წუთი იმ, ისედაც ვიწრო ქუჩაზე მოძრაობა გადაკეტეს.

იყო სიგნალები, იყო ყვირილი, იყო საცობში დაჭირხნული უსაშველო აგრესია - მოკლედ, ილიკოსი და ზურიკელასი არ იყოს, ქვეყანა იქცეოდა, მაგრამ ის ორი კვლავ გულიანად და უშფოთველად ჭუკჭუკებდა...

და დროის მანქანა: როგორც ჩემი ბრუკლინელი მეგობარი, თხემით ტერფამდე საქართველოზე შეყვარებული და ქართველების სიძე - ველი აქსიუ მიყვება, ახლა ტირანაც და ალბანეთიც სულ სხვა ქალაქი და ქვეყანაა. გაქრა ვიწრო ქუჩები, გაჩნდა ცათამბჯენები და, ზოგადად, არწივების ქვეყანა ევროპის ულამაზეს და ერთ-ერთ უძვირეს სახელმწიფოდ იქცა.

მსოფლიო ფეხბურთში ალბანეთის საფეხბურთო ელჩი კი, ჩვენშიც კარგად ცნობილი და იტალიურ ფეხბურთში დაფასებული იგლი ტარეა - ველის (ფეხბურთთან ძალიანაც შენობითაა) თქმით, სწორედ ტარეს დამსახურებაა, ის თვალსაჩინო წინსვლა, რომელიც "შკიპერიასა" და მის ფეხბურთელებს ახასიათებთ ამ ეტაპზე.

მაშინაც დავწერეთ და დღემდე ასე ვიცით, ის შეხვედრა სკამმორყეული ბრიგელის რეპუტაციის გადასარჩენად იმართებოდა - შესაბამისად, მატჩი მეტისმეტად მშვიდობიანად, 0:0 დამთავრდა და წმინდა საფეხბურთო ასპექტებზე ბევრი არაფერია მოსაყოლი, თუ არ ჩავთვლით ტოპმიოლერის "ნოუ ჰაუს" - ვარჯიშზე თითქმის ყველა "სტანდარტულს" იმჟამინდელი "ზესტაფონის" ნახევარმცველი გიორგი ჯანელიძე ასრულებდა.

უფრო უცნაური და სასეირო კი ის იყო, რომ სასტუმროში მავანი ალბანელი, სახელად - ედი, მოვიდა და ქართული დელეგაციის ორიოდ წევრი საკუთარ კლუბში მიგვიწვია.

ერთი შეხედვით, საკმაოდ უსიამოვნო ტიპი იყო - "რენტგენი" მზერითა და სახეზე გრძელი ნაიარევით. როგორც აღმოჩნდა, ამსტერდამში ქართველი მეგობარი დაუტოვებია, რომელსაც ძმად მოიხსენიებდა. წინადღეს, სასტუმროსთან, ქართულ დელეგაციას გადაჰყრია და გადაუწყვეტია, პატივი ეცა - საკუთარ კლუბში მასპინძლობა გაეწია.

როგორც ედიმ თქვა, იმჟამინდელ ტირანაში ორადორი კლუბი ყოფილა და ნამდვილად ღირდა ჩიტი ბრდღვნად - რა იყო, როგორ იყო. მით უმეტეს, "მაგარ" სიურპრიზსაც გვპირდებოდა.

სამი ჟურნალისტი წავედით. ჩვეულებრივი, პატარა ფართის და საშუალო გაქანების შენობა იყო - თავისი ლუდის კათხებით, მარილიანი მიწათხილისა და ტანიგრეხია გოგოებით. და სიურპრიზი? ედიმ ერთ დაბალ მაგიდასთან მიგვიყვანა და... თქვენ წარმოიდგინეთ, აქ, ამ მაგიდის თავში თვით ანდრეი შევჩენკო იჯდაო...

ყველაფერი გასაგები გახდა და ლოგიკურ სარჩულშიც ჩაჯდა - შევჩენკო კარიერის უთვალსაჩინოეს დღეებსა და გოლებს ითვლიდა, პლუს - ყოველივე იტალიურის გავლენა ყოველივე ალბანურზე.

ვისხედით და ვიფერებდით ამსტერდამელი თანამემამულის ძმაკაცისეული "მწვანე მთვარის" ფავორიტობას - მით უმეტეს, ჩვენს მაგიდას თავს შევჩენკოს ძლევამოსილი აჩრდილი დასტრიალებდა...

მე კი მაშინაც და ახლაც გარინჩა გამახსენდა. ხალხით სავსე მხიარული ბარიდან ქუჩის გადაღმა ცარიელი ბარი რომ შენიშნა - კონკურენციისა და სევდისგან გამოხრული მეპატრონითა და ქუჩაში გამოდგმული ძველი ბარის სკამებით - ადგა, ცარიელ ბარში შევიდა, ყავა თუ ლუდი დალია და...

იმ სევდისგან დახრულ კაცს კომერციის კანონები სცოდნოდა - აიღო ის სკამი, კედელზე მიაჭედა და მიაწერა - "აქ იჯდა გარინჩა"...

იმ დღიდან "ხალხის სიხარული" იმ კაცის სიხარულადაც იქცა - ბარი ხალხით გადაივსო...

თუმცა სად ედი და სად გარინჩა, თან ახლა ბარ-რესტორნებს ფეხბურთელები თავად ხსნიან...

კონსტანტინე გოგიშვილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
რაო კოსტიამ რა მინდაო???
ishxana
13:28 29-04-2017
0
რა იყო აი ა?ან თავი სადაა , ან ბოლო ან შუა წელი? ზოგჯერ საუკეთესო სნაიპერიც კი საკუთარ ყურში მიირტყავს ტყვიასო, ტყუილი ნათქვამი არააა...
გარინჩა
12:39 29-04-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული